"უთხრეს, ტელევიზია უნდა გადმოგვაბაროო, რაზეც ქიბარ ხალვაშმა სასტიკი უარი თქვა, მაშინ არველაძემ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაგელაპარაკებაო" - კვირის პალიტრა

"უთხრეს, ტელევიზია უნდა გადმოგვაბაროო, რაზეც ქიბარ ხალვაშმა სასტიკი უარი თქვა, მაშინ არველაძემ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაგელაპარაკებაო"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია, მან ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია, შედეგად კი ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. მან თავისი წილი განაჩენის გამოცხადების დღესვე, ოფიციალურად დაიკანონა, ხოლო ტელეკომპანიის დირექტორად ამ საქმეში მისი უფლებების დამცველი, ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ამ საკითხს 2 წლის განმავლობაში განიხილავდნენ, გადაწყვეტილება კი 18 ივლისს გამოქვეყნდა.

გადავწყვიტეთ თვალი გადაგვევლო, რა ხდებოდა ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მისი დაარსებიდან მოყოლებული "ვარდების რევოლუციამდე" და როდის და როგორ მოხვდა ის ბიზნემენ ქიბარ ხალვაშის ხელში?

"რუსთავი 2" -ის მფლობელთა ცვლილებების ქრონიკა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, ეს ხშირად საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

ამ ცვლილებების ქრონოლოგიას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშის თანახმად გთავაზობთ:

"რუსთავი 2" 1994 წელს დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა ქალაქ რუსთავში დააფუძნეს. 2004 წლის თებერვლამდე დვალი, აქიმიძე და კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ში თანაბრად ინაწილებდნენ 33,3-33,3 პროცენტს, ივნისიდან მათ კომპანიის 10 პროცენტი ჟურნალისტ ნიკა ტაბატაძეს დაუთმეს და თითოეულმა აქციების 30% დაიტოვა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, 2012 წლამდე ტელევიზიას მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეეცვალა.

2012 წლის ნოემბრიდან ტელეკომპანია ძმები ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო.

რა მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ?

2004 წლის თებერვალში "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად დაინიშნა. რამდენიმე თვეში კი ტელეკომპანიის დირექტორი და 10%-ის მფლობელი ნიკა ტაბატაძე (ტაბატაძემ თითოეული დამფუძნებლისგან 3.33% მიიღო) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ტელევიზიის კიდევ 2 დამფუძნებელი - დვალი და აქიმიძე კი იხსენებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მათ არხის დათმობას სთხოვდნენ. ყოფილი მფლობელების თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მათ "რუსთავი 2" არ დათმეს.

როგორც დვალმა და აქიმიძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განუცხადეს, ამასობაში მათი ურთიერთობა კიწმარიშვილთან დაიძაბა. 2004 წლის 11 ივნისს კიწმარიშვილმა "რუსთავი 2"-ის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

იმავე პერიოდში ტელევიზიას მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდა. დვალისა და აქიმიძის თქმით, გაკოტრების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მდგომარეობა დაიძაბა - მსესხებლებმა ვალების დაბრუნება მოითხოვეს და იმისთვის, რათა სესხის აღებისას გარანტიად ჩადებული პირადი საკუთრება არ დაეკარგათ, თავადაც (დვალი და აქიმიძე) იძულებულნი გახდნენ, გაეყიდათ "რუსთავი 2".

ტელეკომპანიის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

როგორ მოხვდა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის ხელში?

2004 წლის 16 ივნისს, ვინმე პაატა კარსანიძემ, ვალებში მყოფი "რუსთავი 2"-ის 60% შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა.

ხალვაშის კომპანია შპს "პანორამამ" ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის (2004), შინაგან საქმეთა მინისტრის (2004), თავდაცვის მინისტრისა (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრის (2006) თანამდებობები ეკავა.

ხალვაში კი "პროქტერ & გემბლის" სადისტრიბუციო ქსელსა და "პეპსის" ფლობდა. ასევ ფლობდა კომპანიებს: "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო.

2006 წელს კი მას მოუწია ტელეკომპანიის დათმობა.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე აქტუალური გახდა სააკაშვილის მმართველობის პირობებში ჩამორთმეული ქონების სასამართლოს გზით უკან დაბრუნების მოთხოვნა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ განაცხადა, იმჟამად იძულებით ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში იყო, რომელსაც თავის დროზე გერმანიამ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. ეს შეეხებოდა მის კუთვნილ სხვადასვა კომპანიებს. "რუსთავი 2"-სთვის სამართლებრივი ბრძოლა კი 2015 წელს დაიწყო.

2015 წლიდან ტელეარხის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც 2006 წელს ტელეკომპანიაში მისი წილი 269 ათას დოლარად გაასხვისა. ის ამბობდა, რომ აღნიშნული თანხა საერთოდ არ მიუღია.

ის ამტკიცებდა, რომ მას ტელევიზია იმაზე ნაკლებ ფასად დაათმობინეს, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება რეალურად იყო. რეალური ღირებულების დასადასტურებლად კი ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას იშველიებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების მომენტში ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო.

"კვირის პალიტრის" არქივში მოიპოვება ქიბარ ხალვაშის პარტნიორის, მალხაზ ოსაძის ინტერვიუ, რომელშიც ჰყვება თუ როგორ აღმოჩნდა ქიბარ ხალვაშის ხელში ტელევიზია და შემდეგ როგორ მოუწია მისი დათმობა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: მალხაზ ოსაძე

"ქიბარს ამ ტელეკომპანიის ყიდვის სურვილი საერთოდაც არ ჰქონდა, მაგრამ დაიბარეს, სთხოვეს და აყიდვინეს. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ როგორც მოუნდებოდათ, მაშინ წაერთმიათ. დაიბარა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, დაახვედრა იქ დავარაშვილი და უბრძანა, ამას უნდა გადაუფორმო ტელეკომპანიაო.

- თვითონ სააკაშვილმა?

- დიახ. მე და ქიბარი ერთად ვიყავით, კანცელარიიდან რომ დაურეკეს. მანამდე, იმავე დღეს შეხვდა გიორგი არველაძე და უთხრა, ტელევიზია უნდა გადმოგვაბაროო, რაზეც ქიბარმა სასტიკი უარი უთხრა. არველაძემ გამოუცხადა, მაშინ პრეზიდენტი დაგელპარაკება ამ თემაზეო. აღელვებული იყო ამის გამო, ნერვიულობდა. მართლაც გვიანი იყო უკვე, რომ დაურეკეს და სააკაშვილთან დაიბარეს 11 საათზე. წავიდა, შეხვდა პრეზიდენტს, რომელმაც დავარაშვილი დაახვედრა და მოსთხოვა მის სასარგებლოდ ტელეკომპანიაზე უარის თქმა. ისე, ამ დავარაშვილმა წარმოადგინოს ერთი იმის დოკუმენტები თუ რამდენი გადაუხადა ქიბარ ხალვაშს "რუსთავი-2"-ში, ვერაფერს წარმოადგენს".

ინტერვიუში ოსაძე ასევე საუბრობს ხალვაშის სხვა კომპანიების ჩამორთმევის თაობაზეც, იმაზე თუ ვინ იყო ჩართული ამ პროცესებში?

"ძალიან ფართო სპექტრი იყო ჩართული ამ პროცესში, მთავარი დამნაშავე იყო იმჟამინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ახალაია, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა და ვინც მოტყუებით გადაგვარიცხინა 7 მილიონი ლარი. ასევე მონაწილეობდნენ: თავდაცვის სამინისტრო, ნიკა გილაური, დავების საბჭოს სრული შემადგენლობა, შემოსავლების სამსახური. მოკლედ, ეს დამნაშავეების ძალიან დიდი არმიაა, მთელი სახელმწიფო იყო ამაში ჩართული და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას ხელმძღვანელობდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი".

იხილეთ ასევე: "ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას?