"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "რუსთავი 2"-ზე
19-07-2019
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "რუსთავი 2"-ზე
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას "რუსთავი 2"-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები დემაგოგიაა, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ძალიან კონკრეტული განმარტება გააკეთა.

"ჩვენი ოპონენტების ე.წ.არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის,
რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს...

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ
კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები - ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები