"ბიძინა ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია, მისი წამზომი ჩართულია" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია, მისი წამზომი ჩართულია"

ევროპაზე აქცენტი ზედმეტია, რადგან ევროსასამართლომ უბრალოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რა უბედურებაც ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს და ასევე შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე "რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ".

"მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა "რუსთავი 2"-ის კოლექტივს. დიდი მადლობა, რომ იბრძვით, არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მთელი საქართველო, მიუხედავად შეხედულებებისა, ნამდვილად ვალშია თქვენ წინაშე. მეორე, ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად და ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად. შემდეგია ის, რომ ჩემი აზრით, აქ ევროპაზე აქცენტი საერთოდ ზედმეტია, რადგან უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მალე დადგება მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს მოშორდება".

"ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება საქარველოს, რომელზეც ჩაბღაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. მე გპირდებით, ეს მომენტი დადგება ძალიან, ძალიან მალე. დღე და ღამე ვმუშაობ ამაზე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ამ საქმეში ჩართული და ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. ჩვენთვის მთავარია, ახლა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი. მისი წამზომი ჩართულია და დარწმუნებული ვარ, რომ ქარველი ხალხის გამარჯვებას საერთოდ არ აქვს ალტერნატივა და "რუსთავი 2" იქნება თავისუფალი, მანამდე კი ვაგრძელებთ ბრძოლას," - განაცხადა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"