"მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს"

მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ხელმძღვანელმა და ჟურნალისტებმა საკითხები ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

"არ მინდა შევიდე მათ მოლაპარაკებებში, ეს არის კერძო საკუთრება. შეიცვალა მესაკუთრე სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება დროებით შეჩერებული იყო. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა ეს შეჩერების მექანიზმი. შეიცვალა მეპატრონე და თვითონ ისინი გაერკვევიან ერთმანეთში, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ჟურნალისტებს და მეპატრონეს, ასევე დირექტორს შორის",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიტიკული ტელევიზიის არსებობის აუცილებლობას, კალაძე ამბობს, რომ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას მიესალმება.

"დღეს აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, რაც მისასალმებელია. სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას რაც შეეხება, ესეც თვითონ დამფუძნებლის და ჟურნალისტების გადასაწყვეტია. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კრიტიკას, ჯანსაღ ოპონირებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლას, გაძლიერებას და გააძლიერებს ხელისუფლებას. მეტი ყურადღება იქნება, მეტი მოტივაცია, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები",- განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"