"გახლდით პირველი, ვინც მან გაიცნო თავისი ჩაკეტილი სამყაროს მიღმა" - რას ჰყვება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"გახლდით პირველი, ვინც მან გაიცნო თავისი ჩაკეტილი სამყაროს მიღმა" - რას ჰყვება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან 2011 წელს პირველ შეხვედრას იხსენებს:

"2011 წლის 8 ოქტომბერს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შესაბამისად, გახლდით პირველი, ვინც მან გაიცნო თავისი ჩაკეტილი სამყაროს მიღმა.

შეხვედრაზე წამაკითხა 12 ოქტომბერს გამოსაქვეყნებელი წერილი და მოისმინა ჩემი აზრი. მითხრა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად უყურებს ტელევიზორს, მე ამარჩია და აქვს სურვილი ერთად შევაბიჯოთ პოლიტიკაში.

მე უარი ვუთხარი ორი მიზეზით. ერთი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი და მეორე, რომ ბევრი ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული ჩემზე და მათ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი.

თუმცა, იქვე შევპირდი გარედან დახმარებას. მითუმეტეს, რომ ასეთი დახმარების ობიექტური აუცილებლობა მაშინვე იდგა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ჩემი პროგნოზით, წერილის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებოდა მასირებული საინფორმაციო შეტევა ბიძინას, როგორც რუსული პროექტის წარმოჩენის მიზნით, რაშიც გაუგებრობაში მყოფი პრო-დასავლური პარტიებიც შეიძლებოდა ჩაეთრიათ და ხიდები ჩაეტეხათ. ამას კი შესაძლოა გამოუსწორებელი დარტყმა მიეყენებინა მომავალი კოალიციის ფორმირებისთვის.

ამიტომ, წერილის გამოქვეყნებამდე შევხვდი უსუფაშვილს და ალასანიას. ავუხსენი ვითარება და ვთხოვე გაეძლოთ პროპაგანდისტული შტურმისთვის. ეს ამოცანა გადავწყვიტეთ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ისტორიის დინება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტაქტიკურმა სვლამ. ასეთი ბევრი იყო და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მათი უმეტესობის შემოქმედი თავად ბიძინაა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც დავთანხმდი პროცესში მონაწილეობაზე, რადგან ჩავთვალე, რომ მიზანი უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩემი მიკრო-სამყაროს კეთილდღეობა. ეს გავაკეთე იმ პირობით, რომ საარჩევნო ციკლის დასრულებისთანავე ისევ გავიდოდი პოლიტიკიდან და ჩემს ჩვეულ ცხოვრების წესს დავუბრუნდებოდი.

როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა - თქმა ადვილია, გაკეთება ძნელი..."