"ქიბარ ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო აქეთ-იქით გასაქცევად! "რუსთავი 2“ მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი" - კვირის პალიტრა

"ქიბარ ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო აქეთ-იქით გასაქცევად! "რუსთავი 2“ მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი"

"რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით, დამთავრებულია! "რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, დღეს ის "რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება და კუთვნილ 80%-ს მათ უსასყიდლოდ გადასცემს.

"თქვენთვის ცნობილია, რომ განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის "რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, "რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტი არის გაყალბებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკევ საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელომოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, "რუსთვაი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. "რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.

"პასუხს გავცემ, როცა გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თავის კლიენტს უთხრას მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზა დასრულდეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ საზოგადოებისთვის ეთქვა, თუ საიდან ჰქონდა მას ის თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: "ბებიათქვენმა დამიტოვა“.

ის ასევე გამოეხმაურა მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას და აღნიშნა, რომ მას იარაღი ერთადერთი მიზნით ჩაუდეს, რომ მასზე მოეხდინათ ზეგავლენა.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ მასაც დააკავებენ, აცხადებს, რომ "მათ თავში რა მოიხარშება“ არ იცის.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აპირებს თუ არა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლას, ის აცხადებს, რომ ჯერ არავის დაუბარებია ის.

"ჯერ არავის არ დაუძახია და რატომ უნდა მივიდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ონტერპრესნიუსი"