"ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა და ამაში გაიჭედებოდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ მოუსმინა" - კვირის პალიტრა

"ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა და ამაში გაიჭედებოდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ მოუსმინა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, დოკუმენტის შესახებ, რომლითაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მისგან გაიგო.

როგორც ოქრუაშვილმა "შაბათის კურიერში“ განაცხადა, ამის შემდეგ ივანიშვილმა ხალვაში დაიბარა და დოკუმენტის შესახებ გამოკითხა. მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იყო ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც.

"ივანიშვილმა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ხალვაშს სასამართლოში სარჩელი შეატანინა. მან ჩემგან არაპირდაპირ გაიგო. მე ვისაუბრე ამ თემაზე ადამიანთან, რომელიც ვიცოდი, რომ ამბავს მიუტანდა. დაიბარეს ხალვაში და ჰკითხეს - ეს რა არისო. უთხრა, ეს ჩემი ხელმოწერა არ არის, ყალბიაო. მე როგორც ვიცი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ეს არის ხალვაშის ხელმოწერა და ამაში გაიჭედებოდნენ. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, არ მოუსმინა და გააგრძელეს ისე, როგორც გააგრძელეს. იყო ჩემდამი თხოვნა, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი გახდა, ხომ არ დაგვითმობ ამას, ხომ არ იტყვი ჩვენებაში, რომ მილიონ 200 ათასი, რომელიც გადაიხადე, ეს იყო ხალვაშის ფული, უბრალოდ, შენ იყავი გამტარი. ხალვაშია ნომინალური პირი და მთავაზობენ ხალვაშის ნომინალური პირი გავხდე მე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.