"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის" - კვირის პალიტრა

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის"

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია გვერდით საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც მისი წინამორბედი ზის, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში 7 VS 1” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საჯაროდ ჩადენილ დანაშაულებს ხალხი არც ერთ ხელისუფლებას არ პატიობს.

"ერთადერთ კითხვას ვსვამ იმ დღის შემდეგ, რაც კობახიძე გადადგა - დავინახეთ ხელისუფლებამ რა ფასი მოითხოვა კობახიძის თავში, ახლა მთავარი კითხვაა, რა ფასს ითხოვს გახარიაში? გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს ფასი, როგორც წესი, იზრდება ხოლმე. 7 ნოემბრის ფასი ერთი იყო, სააკაშვილი გადადგა, ყველას კარგად გვახსოვს, 26 მაისის ფასი გაცილებით უფრო მაღალი გამოდგა, რადგან, სამწუხაროდ, გვყავდა გარდაცვლილები. აქ ერთადერთი კითხვა ეს არის, თორემ გახარია რომ გვერდზე საკანში დაამთავრებს, იქ, სადაც წინა მინისტრი ზის, ამაში ერთი წამით ისევე არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ ამ უსამართლო ქვეყანაშიც კი, რომელშიც ვცხოვრობთ, ეს არის მასობრივად ჩადენილი დანაშაული შენი ხალხის მიმართ, თან განსაკუთრებული სისასტიკით და საჯაროდ, არ ეპატიებათ! ყველაფერი ეპატია წინა ხელისუფლებას 7 ნოემბრის და 26 მაისის გარდა, რადგან საჯაროდ, გაცხადებულად, ცინიკურად ჩანდენილ დანაშაულებს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ პატიობს და ვერც გახარიას ვერ აპატიებს შემდეგი, თუ გავრილოვი არ მოვიდა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელმა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას იგივე ბაცილა შეეყარა, რაც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას“, ასლან აბაშიძეს და ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდათ.

"ბათუმში გაკეთებული განცხადებების ფონზე ყველამ ვნახეთ, რომ როგორც ჩანს, იგივე ბაცილა შეეყარა ამ ხელისუფებას, რაც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე მანამდე - ასლან აბაშიძეს და ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდათ. თვლა დაიწყეს და დაიჯერეს, რომ პროტესტი მარტო იმ ხალხს აქვთ, ვინც ამ წუთში რუსთაველის გამზირზე დგას, გუშინ და გუშინწინ ვინც იდგა. 200 კაცი თბილისში, 200 კაცი - დასავლეთში, იყო ამის კლასიკური მაგალითი. ეს ფრაზა მინიმუმ 4-ჯერ მოსმენილი გვაქვს ედუარდისგან, ასლანისგან, მიშასგან და ახლა ბიძინასგან მოვისმინეთ. სიბრაზე არსად არ წასულა. ყოველი დარბეული მიტინგის შემდეგ ეს იზრდება. შემდეგ ამ დარბეული მიტინგის ფონზე, რეაგირების არარსებობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად იზრდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.