"არიქა, "რუსთავი 2" "ხრუშჩოვკასავით" ერთ დღეში გადაუფორმესო... დიახაც, უზარმაზარი ქონების გადაფომებაც ერთ დღეში უნდა იყოს შესაძლებელი!" - კვირის პალიტრა

"არიქა, "რუსთავი 2" "ხრუშჩოვკასავით" ერთ დღეში გადაუფორმესო... დიახაც, უზარმაზარი ქონების გადაფომებაც ერთ დღეში უნდა იყოს შესაძლებელი!"

ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე პოლიტიკოსების მიმართ მწვავე შეფასებებით ყოველთვის გამოირჩევა. იგი ამჯერად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრება:

- თქვენ ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდით "რუსთავი 2"-ს, მაგრამ ამბობდით, რომ დაუშვებელი იყო ამ ტელევიზიის დაშლა, დახურვა...

- მერე ვინ დაშალა და დახურა?! გაიხსენეთ, "ნაციონალური მოძრაობისგან" ტელეკომპანია "იმედის" დახურვა, ერთმანეთს შეადარეთ მათი ტელევიზიაში შტურმით შევარდნა და პაატა სალიას ტელევიზიაში მასვლა... ახლა სრულიად სხვა ვითარებაა, ვიცით, წინა ხელისუფლების პირობებში ქონება როგორ ართმევდნენ ადამიანებს, ქიბარ ხალვაშსაც წაართვეს და ახლა დაუბრუნდა! თან საქართველოს კი არა სტრასბურგის სასამართლომ დაუბრუნა და საერთოდ რა არის მსჯელობის საგანი, ვერ ვხვდები! არიქა, 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკასავით" ერთ დღეში გადაუფორმესო... დიახაც, უზარმაზარი ქონების გადაფომებაც ერთ დღეში უნდა იყოს შესაძლებელი! "ნაცები" როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობენ, მიჩნდება განცდა, რომ ჟარგონზე რომ ვთქვა, გარტყმაში, ბაიბურში არ არიან, რა არის ევროპული ფასეულობები! ევროპელი ადამიანი როგორ იქცევა, არასოდეს უნახავთ! ესენი არიან ნიღაბს ამოფარებული ანტიევროპელები...

- დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტს ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, აქციები დღესაც გრძელდება...

- გავრილოვის ჩამოთრევა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ათრევა და ყველაფერი რაც მერე მოხდა, შედეგია "საქოცეთის" უნიჭო, უპრინციპო, გულისამრევი მმართველობისა! ბავშვები დასახიჩრდნენ, საშინელება მოხდა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო! "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო, ეს მთავრობამ არ იცოდა? იძახიან, "ნაცებმა" მშვენივრად იცოდნენ გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ და ხმას არ იღებდნენო, "ქართული ოცნება" ამით რას ამტკიცებს?! მე მეუბნებიან, რომ "ნაცები" არაადამიანები და ჯალათები არიან?! მართლა ამაზრზენია ეს ყველაფერი!

გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან მომწონს გიორგი გახარია! ვგრძნობ, უპატიოსნესი და ბრწყინვალე კაცია! ამაში ვერავინ გადამარწმუნებს... ახლა ის თანამდებობიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს და არა "ნაცების", არამედ "ქოცების" ჯინაზე! ამ კაცს მოუხდა ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება და საერთოდ უწვევს მუშაობა მმართველი გუნდის უპრინციპო, საშინელი ბერკეტების პირობებში! გაცილებით აუტანელია მისთვის მმართველი გუნდის ბერკეტები, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის", თორემ ამ უკანასკნელთ როგორ უნდა მოექცეს, გიორგი გახარიაზე უკეთესად არავინ იცის! "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ვახსენებ, იცოდეთ, რომ ყოველთვის დამნაშავეებთან ვაიგივებ!

დარწმუნებული ვარ, იმ საშინელებას, რაც აქციის დარბევისას მოხდა, გიორგი გახარიასავით არავინ განიცდის... განიცდიან კი არა, ღმერთმა დაიფაროს და ვინმე რომ მომკვდარიყო, "ნაცები" იქვე იზეიმებდნენ! სიხარულს ვერ მალავდნენ, ბავშვებმა რომ თვალები დაკარგეს!

არავინ იცოდა გავრილოვის სახელი და გვარი რუსეთშიც კი და ჩვენ ცნობილი ერთ ღამეში გავხადეთ. გეფიცებით ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ბრალი, თორემ სამადაშვილები და ეგ ამაზრზენი გუნდი რაც არის, ხალხმა "ქართულ ოცნებაზე" კარგად იცის, ნუღარ გვიმტკიცებენ და ნუ ამართლებენ თავიანთ სისუსტეს მათი არსებობით, ამოვიდა ყელში!

ყველამ ვიცით რომ ბიზნესმენი ბეჟუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ფულს აძლევს... ეს ადამიანი არის დამნაშავე! ჩემს ირგვლივ არიან უახლოესი, ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელიც მან ამაზრზენად გააუბედურა, ოჯახები მოსპო, ქონებები ღიად წაართვა და ეს ბეჟუაშვილი დღეს ჩემზეც, შენზეც და ძალიან ბევრზეც კარგად არის! მე უკვე აღარ მჯერა, რომ მთავრობა არის უმწეო!

დარწმუნებული ვარ, რომ აქეთაც ბევრია დანაშაულების თანამონაწილე! გულწრფელად გეტყვით, აღმაფრთოვანა ვასიკო ოდიშვილის გამოსვლამ! მართლა ძალიან კარგი პიროვნება ყოფილა და მან ბევრის სათქმელი თქვა!

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა მსურს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კატასტროფულად უშლიან ხელს ჯანმრთელი, ოპოზოციური ძალების მოსვლას! თუ ვინმე განათლებული და მორალით სავსე გამოჩნდება, ეს ჯალათები და ნაძირლები ყველგან ეტმასნებიან!

- გიორგი გაბუნიას გინებაზე და საპასუხო რეაქციაზე რას იტყოდით?

- ეს ყველაზე პატარა პრობლემაა... ჩვენი ტრგაგედია ის არის, რომ ეს არსებები - გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია ნორმალურ, კულტურულ საზოგადოებაში კარიკატურული პერსონაჟები იქნებოდნენ და ჩვენს ქვეყანაში კი იყვნენ დემოკრატიის შუქურა, სიტყვის თავისუფლების სიმბოლო! ხალხს, რომლებსაც ადამიანობასთან საერთო არაფერი აქვთ!... ვიღაც გაუზრდელი, მაიმუნი იგინება და ამას ვინმე უნდა აქცევდეს ყურადღებას?!

გამაკვირვა ივანიშვილის ნათქვამმა, ვისაც არ სურს რუსეთის ბაზარი დაიპყროს, ქვეყნის მტერია, მთელი მსოფლიო იქეთკენ მიისწრაფისო... ბატონო ბიძინა, მთელი მსოფლიო ფიქრობს ნაკლებად იყვნენ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ! ძალიან რთულია უკრაინის ბაზარზე გასვლა, ამას წლები სჭირდებაო და რას მიკეთებს საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში?! რას ადასტურებენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც რუსეთს მიყიდა, თურმე სწორი ნაბიჯი გადაუდგამთ? ბიზნესში მართლაც უნიჭიერეს ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველო რუსეთზე დამოკიდებული! მაშინ რუსეთს როცა მოეპრიანება, მაშინ ჩამოშლის ჩვენს ქვეყანას! ამიტომაც ძალიანაც გამეხარდებოდა რუსეთი თუ ყველაფერ ქართულს აკრძალავდა, მაგრამ ამას არ იზამს და ყველაფერს გააკეთებს გავლენა შეინარჩუნოს საქართველოზე!

საშიში რომ არის რუსეთი, ამას ყველაზე მეტად ჩვენი მთავრობა ვერ ხვდება! ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ვინმე ქობულეთის მაცხოვრებელი რუსი ტურისტის ჩამოსვლაზე არ იყოს დამოკიდებული! ევროპულ ბაზარს მოპოვება უნდა და რუსეთს მოპოვება არ სჭირდება, აქეთ უნდა შენთან რომ გიყიდოს და დაგიპყროს! ოღონდ ახლა სხვანაირად იქცევიან – რბილი ძალა ხომ გაგვიგია! ქართული საუკეთესო ღვინო  რუს ლოთზე კი არა, მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის დიდ ბაზრებზე უნდა იყოს გათვლილი... კეთილი ინებონ და იბრძოლონ ამისთვის, რამე გააკეთონ!

ერთადერთი თუ რამის იმედი დამრჩა, ახალგაზრდა და ჯანსაღი ოპოზიციაა...

დღევანდელ მთავრობას რომ აქებენ და ადიდებენ და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავენ, ისინი საშინლად მაღიზიანებენ! ქართული დროშებით, ჯვრებით და კომბლით რომ დარბიან... სიბნელეში და დემოკრატიის საპირისპირო მხარეს სურთ თავი ჩაგვაყოფინონ! ქართველობაზე გვესაუბრებიან და საყურიან ბავშვებს დევნიან ქუჩაში...

ძალიან ბევრი "ქართული ოცნებიდან" შევარდნაძის შემდეგ რომ მთავრობაში მოსულიყვნენ, დღეს ღიპიანი მილიციელები გვეყოლებოდნენ ისევ... რაღაცეები თავიდან ნამდვილად გააკეთეს ამ ჯალათებმა შევარდნაძის სისტემის შემდეგ, თორემ დღეს ტურისტების 20 პროცენტიც არ გვეყოლებოდა ალბათ...

რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებაში" არ არიან მკვლელები, ჯალათები, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში და მხოლოდ ეს არ მყოფნის! უპრინციპობა, უნიჭობა, პროვინციალიზმი და უპასუხისმგებლობა, არ მინდა! წარმოდგენაც არ გაქვთ რა საშინელი ხალხი ჰყავთ დანიშნული თუნდაც რეგიონებში თანამდებობებზე! ალბათ ორიოდე კარგიცაა როგორც გახარია ჰყავთ და სერგეენკო ჰყავდათ... მომწონს კახი კალაძე, ვხედავ რომ ბევრს შრომობს და დასაფასებელია!

კიდევ ერთი რამის თქმა მსურს, რაც დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე... ვინც მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავს, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა მართლა პრორუსულები არიან! სოციალურ ქსელში ეს ძალიან კარგად ჩანს!