თენგო გოგოტიშვილი: "მამუკა ბახტაძემ მომცა დამოუკიდებლობის გარანტია" - კვირის პალიტრა

თენგო გოგოტიშვილი: "მამუკა ბახტაძემ მომცა დამოუკიდებლობის გარანტია"

"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება. უნდა დავუჯერო, სხვა რა გზა მაქვს. მაგრამ რატომ აიღო საკუთარ თავზე ამის მტკიცების ტვირთი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად" სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. ხალვაშის განცხადებით, ის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, თუმცა, არ აპირებს შეეხოს არხის სარედაქციო პოლიტიკას. გვარამიას ადგილას მან თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა... "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ახალ მფლობელსა და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმას სთავაზობენ. პაატა სალიას სამპუნქტიანი გეგმა უკვე გააცნეს, რომელიც თავის მოსაზრებას ხალვაშთან კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს.

"პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" - გიორგი მშვენიერაძე; "სამართლიანი არჩევნები" - მიხეილ ბენიძე; "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" - ნატა ძველიშვილი; მედიამკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე "რუსთავი 2"-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი", - განაცხადეს ჟურნალისტებმა.

"კვირის პალიტრა" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტს თენგო გოგოტიშვილს ესაუბრა.

- "რუსთავი 2"-ში ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, დაბნეულობაა, ყველა რაღაცას ელოდება. რას იზამს ახალი დირექტორი, არ ვიცით. სალია ჯერ კაბინეტშიც არ შესულა. მღელვარება არის, თუმცა ვულკანი არ იფრქვევა. ცივილიზებულად იქცევიან, ვისთანაც მოინდომეს შეხვედრა, ყველა შეხვდა. დოკუმენტებიც აჩვენეს. ბოიკოტს არავინ უცხადებს.

- შენ, როგორც ჟურნალისტს, გაქვს თუ არა გარანტია, რომ იქნები დამოუკიდებელი? - მამუკა ბახტაძემ მომცა ეს გარანტია. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება. უნდა დავუჯერო, სხვა რა გზა მაქვს.

- ფიქრობ, რომ ხალვაში ხელისუფლების დასმულია? - მამუკა ბახტაძემ რატომ აიღო საკუთარ თავზე ამის მტკიცების ტვირთი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად.

- შენ, როგორც ჟურნალისტი, სიტყვის თავისუფლების გარანტიად რას ითხოვ? - გარანტიას ვითხოვ, რომ პირზე ხელს არავინ ამაფარებს. ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, რომ "რუსთავი 2" ზედმეტად მწვავედ აფიქსირებს თავის პოზიციას, მაგრამ კიწმარიშვილის დროიდან ასე იყო. ყოველთვის იყო აქტიური და მიკერძოებულიც.

ერთი უპირატესობა, რაც აქვს "რუსთავი 2"-ს, ის არის, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდა - მისი მოსაწონი პოლიტიკური ძალები მიდიოდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. ეროსის დროიდან არხის დამოკიდებულება არ შეცვლილა. წლების განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდა, ამიტომ იყო ამ ტელევიზიაში კომფორტული მუშაობა, არ გჭირდებოდა აზრის შეცვლა. ხელისუფლების ცვლილების მიხედვით თეთრზე არ ამბობდი, რომ შავია, ან შავზე თეთრიაო.

- როგორ ფიქრობ, ამ ნიშას შეინარჩუნებს ტელეკომპანია? - მინდა მქონდეს იმედი, მაგრამ ხელისუფლება იმდენად აქტიურად იყო ჩარეული სასამართლო პროცესებში, ამაში ჩარევაც რომ არ მოინდომოს, გამიკვირდება.

- ქიბარ ხალვაში ტელევიზიას წლების წინაც მართავდა. როგორი ხელმძღვანელია? - ძალიან ნეიტრალური. არ მახსოვს, რამეში აქტიურად ჩარეულიყოს, თუმცა შეიძლება დირექტორსა და მას ჰქონდათ მწვავე ურთიერთობა. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ბევრ დირექტორზე მოკრძალებული ადამიანი იყო, იშვიათადაც მოდიოდა.

- შენ პირადად რა კითხვები გაქვს ქიბარ ხალვაშთან? - ჯერჯერობით ყველა ჟურნალისტი ერთ ჭკუაზე ვართ - სიტყვის თავისუფლების გარანტიებს ვითხოვთ, რომ პირზე ხელს არავინ ამაფარებს, არ მეტყვის, არ გეთანხმები და ამიტომ გაჩერდიო. შეიძლება მითხრას, არ გეთანხმებიო, მაგრამ არ გამაჩუმოს. ჯერჯერობით, სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველანი ტელევიზიაში ვრჩებით და ჩვეული რეჟიმით ვმუშაობთ.