დავით დვალი: "ოქრუაშვილის განცხადებით პროლურატურა უნდა დაინტერესდეს" - კვირის პალიტრა

დავით დვალი: "ოქრუაშვილის განცხადებით პროლურატურა უნდა დაინტერესდეს"

ჯერჯერობით უცნობია, ძალაში დარჩება თუ არა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ხალვაში 50%-იან წილს "რუსთავი 2"-ის პირველ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაუბრუნებს. დვალი ამბობს, რომ ხალვაში არ შეხმიანებია, თუმცა მას გამარჯვება საჯაროდ უკვე მიულოცა. მიიღებს თუ რა ხალვაშის შემოთავაზებას, "კვირის პალიტრა" ტელეკომპანიის ერთ-ერთ პირველ მფლობელს, დავით დვალს ესაუბრა.

- ხალვაშმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თქვენს ინტერესებსაც გაითვალისწინებს...

- ქიბარ ხალვაშისთვის არ დამირეკავს, მისგან ველოდები გამოხმაურებას.

- 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იგეგმებოდა, ხალვაში გენდირექტორად თქვენს დანიშვნას აპირებდა, ახლა ეს პოსტი პაატა სალიამ დაიკავა... - დიახ, მაშინ ეს საჯაროდ განაცხადა, მაგრამ გენდირექტორის პოსტზე ლაპარაკი არ ყოფილა, ხალვაშმა თქვა, რომ მენეჯმენტი იქნებოდა ჩვენი.

- როგორც მახსოვს, საუბარი შეეხო წილების გადმოცემასაც. - დიახ, საუბარი იყო პარიტეტზე, ანუ 50-50%-სა და მენეჯმენტზე. იმედია, ხალვაში სიტყვას შეასრულებს. დღეს რომ სალია გენერალური დირექტორია, პრობლემას ვერ ვხედავ. შეიძლება გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. შესასწავლია.

- ანუ არ გამორიცხავთ, რომ მენეჯმენტი თქვენ და ჯარჯი აქიმიძემ გადაინაწილოთ? - არ ვიცი. დღეს მთლიანად დამოკიდებული ვართ ხალვაშის კეთილ ნებაზე.

- თქვენ შორის მაშინ ვითარება დაიძაბა. "აქიმიძე და დვალი "კაჩაობას" თუ დამიწყებენ ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეიძლება შეთანხმებას რამე დაემუქროს, არსებობს ნერვების საზღვარი", - განაცხადა მაშინ ხალვაშმა. თუ გისაუბრიათ მასთან ამის შემდეგ? - ვიმეორებ, ხალვაშის გადასაწყვეტია, შეასრულებს თუ არა პირობას. მე ვერანაირი მექანიზმით ვერ დავავალდებულებ.

- თუ ხალვაშმა შეასრულა დაპირება, დათანხმდებით ამ წინადადებას? - მოლაპარაკების საგანია...

- თქვენი აზრით, როგორი მფლობელი იქნება ხალვაში? - ხალვაშისთვის ტელევიზია რომ მხოლოდ ბიზნესია, არასდროს დაუმალავს. მის მმართველობას ვერ შევაფასებ. თუ ჩვენ შევთანხმდებით და მე და ჯარჯი თანამფლობელები გავხდებით, რა თქმა უნდა, კოორდინირება დაგვჭირდება, თუ როგორი უნდა იყოს სარედაქციო პოლიტიკა. თუ ქიბარი არხის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, ეს მისი გადასაწყვეტია.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს არხის სარედაქციო პოლიტიკა? - არხი უნდა იყოს რაც შეიძლება კრიტიკული და ოპოზიციური. ამ უმძიმეს ვითარებაში ძალიან რეიტინგული და გავლენიანი არხის გადასვლა პროსამთავრობო ზონაში დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.

- წილებზე პრეტენზიას ირაკლი ოქრუაშვილიც აცხადებს, ამბობს, რომ ხალვაშმა წილები თქვენგან მისი ფულით შეიძინა. რა მოხდა 2004 წელს? - ოქრუაშვილი ჩვენთან არ გამოჩენილა, ხალვაშიც მხოლოდ გადაფორმებისას ვნახეთ ნოტარიუსთან. ხელშეკრულებაზე ვერაფერს გეტყვით. ხალვაში ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ყალბია. მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ტელევიზიის წართმევის ამბავი იყო, ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახლდათ - ანუ სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი რანგის პირი ამბობს, რომ ტელევიზია მისია და, ფაქტობრივად, მისი ორგანიზებით მოხდა "რუსთავი 2"-ის წართმევა. ვფიქრობ, ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოჰკითხოს, რას გულისხმობს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. გამოდის, ოქრუაშვილი თავისი პირით აღიარებს, რომ ტელევიზიის წართმევაში სახელმწიფო მონაწილეობდა. ამასთან, აღიარებს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა.

- ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ის ჯემალ იმნაიშვილის დახმარებით აწარმოებდა თქვენთან და აქიმიძესთან მოლაპარაკებას. - იმდენი სისულელე თქვა ოქრუაშვილმა, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გამოვა. თავიდან ბოლომდე ერთ დიდ ტყუილს მოჰყვა, რაღაც სიმართლეც იყო, მაგრამ დროში არეული.

- აიღეთ თუ არა ნამდვილად ფული? ოქრუაშვილი კონკრეტულ თანხას - 1.200.000 დოლარს ასახელებს. - მე და ჯარჯის გვაქვს ჩვენი ხელით დაწერილი ჩვენება, ამას ნელ-ნელა გამოვაქვეყნებთ. იქ ყველაფერი დეტალურად წერია - ვის შევხვდით, როდის და ვინ რა გადაგვიხადა. იქ ოქრუაშვილის ჩვენებაც არის, რასაც ჭიკჭიკებს.

- აიღეთ თუ არა თქვენ ფული?

- ოქრუაშვილმა ტყუილი ტყუილზე თქვა - წლები, პატარკაციშვილები, ის, რომ ვითომ ჩვენ გვხვდებოდა და ა.შ.

- არ აპირებდა პატარკაციშვილი "რუსთავი 2"-ის ყიდვას? - ეგ ხდებოდა 2001 წელს, 3 წლით ადრე და საერთოდ ოქრუაშვილი რა შუაშია, არ ვიცი. რადგან გაიშიფრა, რომ პატარკაციშვილი ყიდულობდა, ეს შეთანხმება მაIშინვე ჩავარდა. ოქრუაშვილი ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა.