რის საფუძველზე ითხოვს ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის წილს - კვირის პალიტრა

რის საფუძველზე ითხოვს ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის წილს

"რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნებას ქიბარ ხალვაშის შემდეგ ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც ითხოვს. მისი თქმით, წილი თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა მისი ფულით შეიძინა და წილის მასზე გაფორმება პირობითი იყო. ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოში ჩივის საქმეზე თანდართული დოკუმენტით, რომელიც, მისი თქმით, 2010 წელს ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმდა. რის საფუძველზე ითხოვს ოქრუაშვილი ტელევიზიის წილს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს გიორგი ზედელაშვილს ვესაუბრეთ:

- ოქრუაშვილი ცნობილი უნდა იქნეს ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად. სასამართლოში ჯერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განაცხადი შევიტანეთ, რომელიც გულისხმობს "რუსთავი 2"-ის კაპიტალში ქიბარ ხალვაშისა და შპს "პანორამის" წილების გასხვისების აკრძალვას დავის დასრულებამდე. არსებობს 2010 წლის 4 თებერვლის შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა. დადგენილია, რომ ხალვაში მოქმედებდა ოქრუაშვილის სახელით. "რუსთავი 2"-ის წილი ოქრუაშვილმა იყიდა, თუმცა გაფორმდა ხალვაშის სახელზე. დოკუმენტში ის აცხადებს, რომ წილის მესაკუთრეა ოქრუაშვილი და მისი თანხმობის გარეშე ტელევიზიაში რაიმე ქმედებებს არ განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმად დაეკისრება 7 მილიონი დოლარი.

- რამდენად შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა მაშინ ტელევიზია? - არ ვიცი, ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერი წერია.

- საიდან ჰქონდა მას ამხელა თანხა? - არც ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია.

- ეს ხელშეკრულება დადებულია 2010 წელს, მაგრამ ხალვაშმა წილი 2007 წელს გაასხვისა. ეს უცნაური არ არის? - 2010 წლის დოკუმენტში აისახა 2004 წლის ხელშეკრულების ფაქტი, რომელიც წილის შეძენას ეხებოდა - წილი თავისი ფინანსებით იყიდა ოქრუაშვილმა, ოღონდ ხალვაშის სახელზე.

- რატომ შეიქმნა ეს დოკუმენტი გვიან? - ვერ გეტყვით, მხარეთა ნებაა, როდის გააფორმებენ დოკუმენტურად...

- ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ამბობს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს და ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. - პაატა სალია ამას უკვე 2 წელია ამბობს... დოკუმენტში ლაპარაკია ასევე სასესხო ურთიერთობაზე - ხალვაშს დავალიანება ოქრუაშვილისთვის 2015 წლისთვის უნდა გაესტუმრებინა. იმის გამო, რომ ეს თანხები არ გადაუხდია, სასამართლოში სარჩელის შეტანამ მოგვიწია. ეს დოკუმენტი ორ ნაწილად არის გაყოფილი - პირველ პუნქტში ლაპარაკია დავალიანებაზე, მეორეში კი "რუსთავი 2"-ზე. დედანი წარვადგინეთ სასამართლოში, მას ახლავს 3 ექსპერტიზის დასკვნა - ერთი საფრანგეთში ჩატარებული, ორი კი საქართველოში. სამივე მიუთითებს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ხალვაშს ეკუთვნის. სალიას ინიციატივით მეოთხე ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში დაინიშნა და 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, როგორც სასამართლოს, ასევე სამხარაულის ბიუროს თხოვნის მიუხედავად, ხალვაში არ მისულა ხელმოწერის ნიმუშების ჩასაბარებლად. ამიტომ სასამართლოს დღემდე არ განუხილავს.

იხილეთ ასევე: "ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული ხელშეკრულებით ითხოვს 7 მილიონ დოლარს და "რუსთავი 2"-ის წილს"