"ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული ხელშეკრულებით ითხოვს 7 მილიონ დოლარს და "რუსთავი 2"-ის წილს" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული ხელშეკრულებით ითხოვს 7 მილიონ დოლარს და "რუსთავი 2"-ის წილს"

"მე არაფრის მომხრე-მოწინააღმდეგე არა ვარ. დავაფიქსირე ჩემი პოზიცია - ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიციაც ეს იყო. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი"

პაატა სალიაც და ხალვაშიც არხის პოლიტიკის შეცვლას გამორიცხავენ და სიტყვის თავისუფლების პირობას დებენ. თუმცა, კონკრეტულად რა გარანტიას აძლევენ თანამშრომლებს და როგორია მათი გეგმა, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2-ის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ესაუბრა.

- მე შევხვდი არხის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს. ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, დაისვა შეკითხვები სიტყვის თავისუფლების გარანტიების შესახებ. შევეცადე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა, თუმცა არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი, რომ რაღაც იყოს გარანტირებული, არა მაქვს. ჟურნალისტები ითხოვენ გარანტიას და თავიანთი სტრატეგიაც შემომთავაზეს. ისინი მედიაექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ითხოვენ. აქვთ სამპუნქტიანი მოთხოვნა, რომლის დეტალებს ჯერ არ ვიცნობ. გავეცნობი, გავესაუბრები ქიბარ ხალვაშს და პასუხს აუცილებლად გავცემ.

- იგეგმება თუ არა არხზე საკადრო ცვლილებები? - საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, თუმცა ზოგიერთ სფეროში აუცილებელია ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირების დასაქმება. ისინი დამატებითი მომსახურების საფუძველზე შემოგვყავს, უშუალოდ ხალვაშის ინტერესებიდან გამომდინარე. არხის თანამშრომლებმა ეს ნორმალურად მიიღეს.

- გიორგი გაბუნია თუ გააგრძელებს არხზე მუშაობას 2 თვის შემდეგ?

- მე არაფრის მომხრე-მოწინააღმდეგე არა ვარ. დავაფიქსირე ჩემი პოზიცია - ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიციაც ეს იყო. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი.

- თავად ქიბარ ხალვაში როდის აპირებს თანამშრომლებთან შეხვედრას? - არ ვიცი, არ უთქვამს. სავარაუდოდ, ემოციური ფონის გამო არ თვლის საჭიროდ ტელევიზიაში მისვლას. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე აუცილებლად შეხვდება.

- თქვენ, როგორც გენერალური დირექტორი, რა გარანტიას აძლევთ ჟურნალისტებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება? ჟურნალისტები კონტრაქტების დადებასაც ითხოვენ. - მათი მოსაზრება გასააზრებელია. დაველაპარაკები ხალვაშს, მოვისმენ მის აზრს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კონტრაქტებს, ვთვლი, რომ შეიძლება საუბარი იყოს ფინანსურ ანაზღაურებაზე, და არა იმაზე, რომ კონტრაქტი შეწყდეს... ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება. არავინ არავის ებრძვის და არავის გაგდებას არ ვაპირებთ. ჩარევასა და მითითებების მიცემასაც არ ვგეგმავთ. ეს არის ჩემი ამოცანა და ვეცდები თანამშრომლებსაც დავანახო.

- ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხალვაში უბრალოდ ტექნიკური პერსონალია, რომელიც ხელისუფლებამ დასვა, ისევე როგორც თავის დროზე "ნაცმოძრაობამ". აქედან გამომდინარე, შეძლებთ ნდობის მოპოვებას? - რას ნიშნავს ტექნიკური პერსონალი? ეს ცოტა გაუგებარია. საქართველოს სასამართლომ ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში ცნო და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ამიტომ ოპოზიციის განცხადებები არასერიოზულია.

- ცნობილია, რომ 2004 წელს ხალვაშს სააკაშვილმა ტელევიზია იძულებით აყიდვინა. - თქვენ რომ ვიღაცამ იძულებით გაყიდვინოთ ოქროს სამკაული, თქვენი აღარ იქნება?! იმისი იქნება, ვინც იძულებით გაყიდვინათ?!

- ქიბარ ხალვაში ტელევიზიას უყურებს როგორც ბიზნესს. ეს არ შეუშლის ხელს იმ თანამშრომლების ნდობის მოპოვებაში, რომლებსაც სულ სხვა ღირებულებები აქვთ? - ხალვაშისთვის თუ ეს ბიზნესია, გამოდის, ისე უნდა ამუშაოს არხი, რომ ბევრი ფული მიიღოს, ხოლო ფულის მისაღებად არხმა კარგად უნდა იმუშაოს და მაღალი რეიტინგი მოიპოვოს, საამისოდ კი უნდა იყოს კრიტიკული. ეს ყველაფერი დააკავშირეთ ერთმანეთთან და მიხვდებით, რომ განცხადება, ხალვაშისთვის "რუსთავი 2" მხოლოდ ბიზნესიაო, არ ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია კი არა, სულ სხვა რამ იქნება...

- რას ედავება ოქრუაშვილი ხალვაშს? - ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული ხელშეკრულებით ითხოვს 7 მილიონ დოლარს და "რუსთავი 2"-ის წილს. საინტერესოა, 2004 წელს, როცა საჯარო მოხელე იყო, საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს ამხელა თანხა, რომ ეყიდა ტელევიზია? ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. თუ ჰქონდა ასეთი თანხა, რა გზით იყო მოპოვებული, ეს საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს.

- მაგრამ ოქრუაშვილის ადვოკატს აქვს 2010 წლის ხელშეკრულება, რომელიც ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის დაიდო... - ხელშეკრულებას ყალბი ხელმოწერა აქვს, ვითომ ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს ექსპერტიზის დასანიშნად და იმის დასამტკიცებლად, რომ დოკუმენტზე არ არის ხალვაშის ხელმოწერა. მივა ხალვაში ექსპერტიზაზე და დადასტურდება, რომ ოქრუაშვილი შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის ასეთი დოკუმენტის გამოყენებით.

- ტელევიზიის სულ პირველი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესებზე რას ფიქრობს ქიბარ ხალვაში? - ქიბარ ხალვაშს მათთან ექნება საუბარი, თუ რა დოზით და რა დონეზე დაკმაყოფილდება მათი ინტერესები.

- თავის დროზე ქიბარ ხალვაში არხის გენერალურ დირექტორობას დვალს დაჰპირდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა. 2017 წელს მათ შორის დაპირისპირებაც მოხდა... - დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. მე ვიცი, რომ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემაც მიულოცეს ხალვაშს გამარჯვება. დანარჩენზე ისაუბრებენ და გაგვაგებინებენ, რა მოილაპარაკეს.

იხილეთ ასევე: რის საფუძველზე ითხოვს ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის წილს