"არც ხელისუფლების ჯიბეში მინდა ტელევიზიის ნახვა და არც ოპოზიციის"
"არც ხელისუფლების ჯიბეში მინდა ტელევიზიის ნახვა და არც ოპოზიციის"
"რუსთავი 2"-ის გუნდს აქვს პროფესიონალიზმი, მაგრამ სწორედ პოლიტიზებამ დაუკარგა მას სახე"

შეცვლის თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას ახალი­ დირექტორი და რა შეიძლება მოხდეს ქართულ ტელესივრცეში, ამის შესახებ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც ეს ტელევიზია ქმნის, ანუ დედის გინება და აგრესია, რაც ზოგიერთს ჯანსაღი კრიტიკა და სიტყვის თავისუფლება ჰგონია, უნდა შეიცვალოს. როდესაც ტელევიზიის გენდირექტორი მიმართავს გლეხებს, მოგიშარდეთ ღვინოშიო, ეს სცდება ჟურნალისტის პოზიციას, ეთიკასა და მორალს. სიტყვის
თავისუფლება უსაზღვრო სულაც არ არის, სწორედ მას სჭირდება ზღვარი. აღარაფერს ვიტყვი ობიექტურობაზე, რაც მათ არ გააჩნიათ...
ახალი დირექტორის მოსვლის შემთხვევაში ეს რეალობა შეიცვლება, რადგან აქამდე ყველაფრის შემკვეთი მათ უკან მდგომი პოლიტიკური პარტია იყო და ტელევიზიაც "ნაცმოძრაობის" ინტერესებს ატარებდა.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ახლა ხელისუფლებამ
ჩაიგდოს ხელთ მისი ინტერესების გამტარებელი კიდევ ერთი მედიასაშუალება?
- გამორიცხული არაფერია, გააჩნია, ვინ იქნება შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. თუ ამ პოზიციაზე დავით დვალი ან ჯარჯი აქიმიძე იქნებიან, არა მგონია, ხელისუფლების მადიდებელი მედია გახდეს... დვალსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის კონფლიქტი სწორედ იმიტომ წარმოიშვა, რომ დვალს არ სურდა "რუსთავი 2" პოლიტიკაში გადაჭრილიყო, თუმცა­ კიწმარიშვილმა ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინსტრუმენტად აქცია. ალბათ, დვალი არც ახლა იქნება ამის მსურველი, რადგან კარგად იცის, რას ნიშნავს ასეთი ფორმატის მედია.

- ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობთ?
- დიახ. "რუსთავი 2"-ის გუნდს აქვს პროფესიონალიზმი, მაგრამ სწორედ პოლიტიზებამ დაუკარგა მას სახე. თუ პროფესიონალიზმს შეინარჩუნებენ და პოლიტიკისგან თავს შორს დაიჭერენ, პოტენციალი აქვთ. ხშირად ჩვენ, საზოგადოება, ამა თუ იმ ტელევიზიას იმის მიხედვით ვაფასებთ­, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელია, თუმცა არსებობს პროფესიონალიზმის შეფასების კლასიკური პარამეტრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- "რუსთავი 2" არის ტელევიზია, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას. მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება როგორ აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე?
- მოდი, კითხვას შეგიბრუნებთ: ჰქონდა თუ არა არხს ისეთივე კრიტიკული დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ?

- ვფიქრობ, არა...
- რასაკვირველია, არ ჰქონდა. თუ მას არ ჰქონდა მწვავე დამოკიდებულება ერთი მხარისადმი, მაგრამ ჩასაფრებული პოზიციიდან უტევდა მეორეს, ეს ხომ ტენდენციურობას ნიშნავს? ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ესა თუ ის ტელევიზია რყვნის ხელისუფლებას, მას აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის, რომლის საშუალებაც ოპოზიციამ არ უნდა მისცეს თანამიმდევრული, არგუმენტირებული ოპონირებით და არა მტრული, აგრესიული მიდგომით, რომელიც ხშირად ქვეყანასაც აზიანებს.
"რუსთავი 2" დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი არასდროს ყოფილა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ქვეყანა, დამოუკიდებელი და დემოკრატიული მედია, მაშინ ოპოზიცია და ხელისუფლება თანაბრად უნდა აკრიტიკონ. "რუსთავი 2" "ნაცმოძრაობას" არც ხელისუფლებაში ყოფნისას და არც შემდეგ აკრიტიკებდა... მე, როგორც რიგით მოქალაქეს, არც ხელისუფლების ჯიბეში მინდა ტელევიზიის ნახვა და არც ოპოზიციის, რადგან ასეთ შემთხვევაში ან ერთი გაირყვნება, ან მეორე, ან ორივე ერთად.

ოპოზიცია ხელისუფლების ალტერ­ნატივა­ უნდა იყოს. სინამდვილეში ჩვენ გვყავს სუსტი ოპოზიცია და ამიტომაც გვაქვს წლების განმავლობაში ერთი და იგივე შედეგი. ვიღაცები კი ამბობენ "ნაციონალებსა" და "ევროპულ საქართველოზე" ძლიერი პოლიტიკური გუნდიაო, მაგრამ აგრესიული ქმედებებისა და განცხადებების გარდა, ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. სხვათა შორის, როდესაც ოპოზიცია სულელურად იქცევა,­ არც ერთი მედიასაშუალება არ ეუბნება, პირიქით, გუნდრუკს უკმევენ, რაც მათ პოლიტიკურად კიდევ უფრო ასუსტებს­ და ქმედუუნარო, დაბოღმილ ძალად აქცევს.­ შესაძლოა გამარჯვებას იმსახურებენ, ამ შემთხვევაში "ნაცმოძრაობასა" და მის განშტ­ოებას არ ვგულისხმობ, მაგრამ ამ ქმედებებით აგებენ... რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც ასუსტებს ის ტელევიზიები, რომლებიც ხოტბას ასხამენ. ასე რომ, სანამ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით დაყოფილი მედია გვეყოლება, ჯობს ვიღაცებმა სიტყვის თავისუფლებაზე ძალიან არ იყვირონ.

- არსებობს ვერსია, თითქოს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაბუნიას უცენზურო მონოლოგი ერთგვარი რეპეტიცია იყო - თუ იმ ღამეს "რუსთავი 2"-ს მოსახლეობა დაარბევდა, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამას სათავისოდ გამოიყენებდა.
- დიახ, ეს ვერსია მეც მოვისმინე. შესაძლოა, მართლაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ გაბუნიას პროვოკაციის შემდეგ, ვინმე ტელევიზიაში შევარდებოდა და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამებულის მანტიით შეხვდებოდნენ. თუმცა ეს წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს. ხელისუფლების გამოწვევა პუტინის გინებით თავისთავად არალოგიკურია, მაგრამ პუტინის გინებისთვის ხელისუფლება "რუსთავი 2"-ს არ დაარბევდა და არც მოსახლეობას მისცემდა ამის საშუალებას.

- სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა ივანიშვილის ფინანსები და რუსეთის გავლენები ახსენეს.
- ზემოთ სწორედ ოპოზიციის ასეთ სისულელეებს­ ვგულისხმობდი. რბილად რომ ვთქვათ, ასეთი განცხადებები არაადეკვატურია, რადგან ეს არის შეურა­ცხყოფა მთელი ევროპული სამართლის, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ენდობა. თუ ფიქრობენ, რომ სტრასბურგის სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური ინსტიტუტია, შეიძლება ფულით მოისყიდო, მაშინ რატომ მივისწრაფვით ევროპისკენ? მეც და ყველა ნორმალურ ქართველს სწორედ იმიტომ გვინდა ევროპა, რომ იქ სამართალი ყიდვა-გაყიდვაზე ორიენტირებული არ არის. დარწმუნებული ვარ, ამდენწლიანი არსებობის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოსთვის მსგავსი რამ არავის დაუბრალებია. გასაგებია, რომ "რუსთავი 2"-ს უჭირს დამარცხებასთან შეგუება, მით უფრო, რომ წლების განმავლობაში მაღალ რეიტინგს ინარჩუნებდა, მაგრამ ეს რეალობაა და დამარცხების აღიარებასაც ღირსება უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ შემდგომ უფრო ღირსეულად განაგრძო ბრძოლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები