"ივანიშვილი შეეგუა აზრს, "ოცნება"­ თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი შეეგუა აზრს, "ოცნება"­ თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში"

"ნაცმოძრაობა" და "ოცნებაც" ამბობენ, მე ვიქნები ნომერი პირველი პარტია, რომელსაც კონსტიტუციით გადაეცემა მთავრობის ფორმირების უფლებაო. ამით აშანტაჟებენ სხვა მოთამაშეებს, რათა მათ მომავალი საქმიანობა ერთის ან მეორის ორბიტაზე ააგონ. საბოლოოდ ან ერთი ჩაგყლაპავს, ან მეორე. თუმცა ვურჩევ სირბილს ნუ იჩქარებენ - მოდი, ყველა პარტიამ თავისი თავი გადაამოწმოს სამართლიან არჩევნებში, შევა თუ არა საერთოდ პარლამენტში..."

სტრასბურგის გადაწყვეტილებამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გავრილოვის ღამის ეპოპეა საზოგადოებას დროებით დაავიწყა. თუმცა რუსთაველზე გახარიას გადადგომას კვლავ ითხოვენ. ამის პარალელურად ხელისუფლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს და როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, საჭიროების შემთხვევაში ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვის სად და როგორ ვიხილავთ და რა პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი ქვეყანაში 20 ივნისის ღამის შემდგომ, ამ და სხვა საკითხებზე "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გვესაუბრა.

- 20-21 ივნისი იყო დაგროვილი პრობლემების ამოფრქვევის დღეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფრო გაღრმავდა. ამას ხელი შეუშალა ორი პოლუსის არსებობამ და მტრის ხატების დახატვამ, რომელიც ორივე მხარეს მთავარ საარჩევნო ტაქტიკად ჰქონდა. როგორც კი გაჩნდა ისეთი საკითხი, რომელიც არ ეხებოდა პარტიულ დაპირისპირებას, უამრავი ხალხი გამოვიდა გარეთ. ეს არ იყო მხოლოდ გავრილოვის საწინააღმდეგო მუხტი, ეს იყო საბაბი, დეტონატორი - მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მწვავედ გააპროტესტა ჩვენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება და ამაზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა".

ამ ვითარების შექმნაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ოცნებას" თანაბარი წვლილი მიუძღვით.

20-21 ივნისის მოვლენების განვითარებისას ვნახეთ, როგორ უხეშად ჩაერია ორივე მხარე ჯანსაღ საზოგადოებრივ პროტესტში. ჯერ იყო პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შესვლისკენ ბიძგი, მერე ამ კანონდარღვევის აღკვეთის მცდელობისას "ოცნების" ახალი კანონდარღვევა, გამოვლენილი სისასტიკით. თუმცა ამ მსხვერპლის ფასად მივიღეთ პროპორციული არჩევნების პოლიტიკური დაპირება, მაგრამ ესეც მისაღწევია...

- ამ მოვლენების შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარემ პირველი განცხადება გააკეთა. ივანიშვილი ადეკვატურად აფასებს ვითარებას? - სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი. 2015 წლის შემოდგომიდან სრულიად სხვა ღირებულებებისა და სულ სხვა ქცევების ადამიანს ვხედავ. ბოლო მისი საჯარო გამოსვლაც ამის დასტური იყო.

როდესაც შარშან პოლიტიკაში დაბრუნდა, მეგონა, რაღაც გამოსწორდებოდა, ვიფიქრე, დაინახა, რომ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით წაიყვანა ბევრი საქმე და ახლა რაღაცების შეცვლა უნდა-მეთქი, მაგრამ მივიღეთ კიდევ უფრო დაზარალებული და დასუსტებული სახელმწიფო სისტემა. გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი წონა არ გააჩნია. 3-4 წლის წინ ზურაბიშვილს უფრო მეტი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში, ვიდრე დღეს პრეზიდენტის სტატუსით აღჭურვილს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გაუაზრებელი სტრატეგიისა, რომლის შემოქმედი "ქართული ოცნება", ივანიშვილი და ზურაბიშვილი ერთობლივად არიან. ზურაბიშვილს ქვეყნისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე შესაძლებლობა აქვს. ეს არის ივანიშვილის შემობრუნების პირველი ძალიან უარყოფითი შედეგი. მეორე შედეგია სასამართლოში არსებული ვითარება. ივანიშვილი გაზაფხულზე საზოგადოებას დაჰპირდა, ოღონდ ხმა მომეცით და ნახავთ, როგორ გამოვსწორდებითო, მაგრამ ამის ნაცვლად პარლამენტის დახმარებით სასამართლოში კლანის წევრების ქურდულად შეპარებას ცდილობდა. ბოლო მისი საჯარო გამოჩენაც მიმდინარე პრობლემებზე ემოციური რეაქცია უფრო იყო, ვიდრე გამოსავლის ძიება.

- ის, რომ მომავალ არჩევნებზე "ოცნებას" მთავრობის დაკომპლექტება კოალიციის შექმნით მოუწევს, "ოცნებამ", პრაქტიკულად, აღიარა. როგორ ფიქრობთ, ვის სად ვიხილავთ? - ივანიშვილმა კარგად იცის, რომ პროპორციული არჩევნები კოალიციურ მთავრობას ნიშნავს. ამაზე თავის დროზე ხშირად გვისაუბრია. ეს კოალიცია "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო ამოცანაც იყო. გვქონდა საუბარი, რომ ქვეყანა მალე უნდა მივიდეს იმ ვითარებამდე, როცა ერთპარტიულობა დასრულდება. პროპორციული არჩევნები იმიტომ უნდა შემოგვეღო, რომ ხელი შეგვეწყო მრავალპარტიულობისთვის. სწორედ ამიტომ 2014-15 წლებში პარლამენტში დარეგისტრირდა პროპორციული არჩევნების დებულებები 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის. ასე რომ, ახლა კოალიციურ მთავრობაზე ივანიშვილის საუბარი ნიშნავს, რომ ის შეეგუა აზრს - "ოცნება" თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში და არა სხვაგვარად.

რაც შეეხება იმას, ვინ სად იქნება, ამაზე მსჯელობა უსაგნოა. ერთ წელიწადში ძალთა თანაფარდობა შეიცვლება საარჩევნო სისტემის, მოქალაქეების განწყობისა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის გამო.

ივანიშვილის განცხადება, რომ "ნაციონალების" გარდა, ყველასთან ითანამშრომლებს, უფრო პიარსვლას ჰგავს, ვიდრე ტაქტიკას.

"ნაცმოძრაობაც" და "ოცნებაც" ამბობენ, მე ვიქნები ნომერი პირველი პარტია, რომელსაც კონსტიტუციით გადაეცემა მთავრობის ფორმირების უფლებაო. ამით აშანტაჟებენ სხვა მოთამაშეებს, რათა მათ მომავალი საქმიანობა ერთის ან მეორის ორბიტაზე ააგონ. საბოლოოდ ან ერთი ჩაგყლაპავს, ან მეორე. თუმცა ვურჩევ, სირბილს ნუ იჩქარებენ - მოდი, ყველა პარტიამ თავისი თავი გადაამოწმოს სამართლიან არჩევნებში, შევა თუ არა საერთოდ პარლამენტში და თუ შევა, რა პროგრამით.

- ხაზარაძეს, როგორც ახალ მოთამაშეს, საპარლამენტო არჩევნებზე რა შანსი ექნება? - მთავრობა შეიძლება 4-5 პოლიტიკური მოთამაშით შეიქმნას, ხოლო ხაზარაძის წამოწყებას აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს.

სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებში ლიდერი პოლიტიკური ძალები მიიღებენ არა 35-45%-ს, არამედ 10-20%-ის შუალედში რამდენიმე პოლიტიკური ძალა განთავსდება. ხაზარაძეს აქვს პოტენციალი, რომ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს, არა იმიტომ, რომ თავად ხაზარაძეა ჯადოქარი, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალის დეფიციტია, რომელსაც სიტყვის საქმედ გადაქცევის უნარი შესწევს. ხაზარაძე სწორედ ამ ტიპის ადამიანია, თანაც პოლიტიკაში შემოდის ევროპული და დასავლური ინტეგრაციის გაძლიერების დროშით. ამ სეგმენტს კი ნამდვილად სჭირდება გაძლიერება.

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ნაცმოძრაობის" მხარეს საკმაოდ ბევრი პარტია აღმოჩნდა. ხომ არ არის საფრთხე, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიციური მთავრობა არა "ოცნებამ", არამედ "ნაციონალებმა" ჩამოაყალიბონ პარტნიორებთან ერთად? - მომავალ არჩევნებამდე ბევრი რამ ძირეულად შეიცვლება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა შეეჯახა ერთმანეთს. პოსტსაპრეზიდენტო საარჩევნო ბიძგები 20-21 ივნისის მოვლენებმა დაასრულა და ახალ პროცესებს დაუდო საფუძველი, ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, შემოდგომის მიწურულს როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა. არა მგონია, ასე მარტივად იდგეს საკითხი, რომ ან "ოცნებას", ან "ნაცმოძრაობას" ცოტაღა აკლია, რომ უმრავლესობა მოიპოვოს. კოალიციის შესაქმნელად მინიმუმ სამ მსხვილ მოთამაშეს მოუწევს ერთად დადგომა. "შენების მოძრაობას" ექნება ამბიცია, რომ იყოს ერთ-ერთი მოთამაშე.

- საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის კვლევებზე რას ფიქრობთ? - საერთოდ კვლევები საინტერესოდ აჩვენებს ტენდენციებს. თუმცა შედეგს, რომლის მიხედვითაც 41%-ია ჩემ მიმართ დადებითად განწყობილი, ეიფორიაში არ ჩავუგდივარ. ეს არ ნიშნავს ხმის მოცემის მსურველთა წრეს, ეს კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა წრეა. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამის მეოთხედი ხმებად ვაქციოთ, მაგრამ ეს კვლევები 20-21 ივნისამდე, გავრილოვამდე და გაბუნიამდე იყო. ახლა საზოგადოების ცნობიერება აჭრილია, იმედია, შემოდგომისთვის უფრო დამჯდარ სურათს მივიღებთ.