"არ გამოვიდოდა გავრილოვის გეგმა, რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა" - რუსული"კინოს" მძიმე კადრები - კვირის პალიტრა

"არ გამოვიდოდა გავრილოვის გეგმა, რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა" - რუსული"კინოს" მძიმე კადრები

ქვეყანაში ბოლო დროს მოვლენები ისე ვითარდება, თითქოს უხილავი ხელი ცდილობს სულ უფრო და უფრო მწვავე დაძაბულობის კერის გაჩენას. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ვითარების უკან ჩრდილოელი მეზობლის ჩრდილი უნდა ვეძებოთ. რას ცდილობს რუსეთი და რამდენად აცნობიერებენ ამ საფრთხეებს ხელისუფლება და საზოგადოება? - გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:

- ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ ერთ მთლიან სურათად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, რომ რამდენიმე მიმართულებით მკაფიოდ იკვეთება რუსეთის მუშაობა:

პირველი - ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა და ქვეყნის სხვა სუსტი წერტილების გამოყენება - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, თანაბრად აძლევს ამის საშუალებას. ისე მიდის საქმე, თითქოს ამ პოლიტიკური კლასების მიღმა სახელმწიფომ ცხოვრება აღარ უნდა გააგრძელოს. ამგვარი პოლიტკულტურა კიდევ დამატებითი კოზირია რუსეთისთვის.

გიორგი გობრონიძე

მეორე - ქვეყნის რეგიონულ იზოლაციაში მოქცევის მცდელობა, რისთვისაც აქტიურად მოქმედებენ ის ულტრამემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები, რომელთა გზავნილები და დღის წესრიგი რუსეთისას ემთხვევა! შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჯგუფებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში ძალიან აგრესიულად იქცევიან, მხოლოდ ზნეობის დაცვა ანაღვლებთ. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ მათსა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შორის მუშტი-კრივი გამართულიყო. გაისმა ბრალდებებიც, რომ მათ ხელისუფლება მართავს. ვერ დავდებ თავს, რომ ასე არ არის. წესით, თუ ხელისუფლება რაციონალურია, ამ ჯგუფების აქტიურობა ყველაზე ნაკლებად მის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ წინ გვაქვს დეკემბრის ნატოს მინისტერიალი. არსებობს მოლოდინი, რომ ამ ღონისძიებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოსა და ამ ორგანიზაციის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. არ არის ლაპარაკი ნატოში გაწევრების დაჩქარებულ მექანიზმებზე, მაგრამ შავი ზღვის აუზში შექმნილი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. ამიტომაც რუსეთი ყველაფერს გააკეთებს დასავლეთის დასარწმუნებლად, რომ საქართველო არასტაბილური პარტნიორია. 2008 წელსაც სწორედ ეს არგუმენტი იყო საფუძველი ჩვენთვის ნათქვამი გერმანული უარისა. რუსეთი კვლავაც შეეცდება კიდევ მეტი ცხელი წერტილი გაჩნდეს საქართველოში, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც ყველა ქვეყნიდან შეაფერხებს ტურისტების შემოსვლას...

მოდი, ეს ყველაფერი განვლილი პროცესების ჭრილში განვიხილოთ.

"არ გამოვიდოდა გავრილოვის გეგმა, რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა"

- ეს ყველაფერი გავრილოვის ვიზიტამდე გაცილებით ადრე დაიწყო, ბოლოს და ბოლოს, ამ მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩატარება ერთ და ორ დღეში ხომ არ დაგეგმილა. საინტერესოა, რომ სწორედ გავრილოვი - მართლმადიდებელი კომუნისტი ვიხილეთ სპიკერის სავარძელში, რომელიც შეიძლება დღევანდელი რუსეთის სახედაც მივიჩნიოთ, რომელიც კვლავაც კომუნისტურ რელსებზე მდგარი, საბჭოთა კავშირზე მეოცნებე ქვეყანაა და სწორედ მართლმადიდებლობის ნიღბით ცდილობს ძველი გავლენების რეანიმირებას. ამ ყველაფერს მოჰყვა ჩვენი მწვავე რეაქცია, რაც, დიდი ალბათობით, გათვლილი ჰქონდათ.

რაც მოხდა, მიანიშნებდა მმართველი პოლიტიკური ელიტის წინდაუხედაობაზე, რაც გამოიყენა ოპოზიციამ. ეს გასაკვირიც არ არის, ამაშია სწორედ ოპოზიციის ძალა, დროულად გამოიყენოს მთავრობის სისუსტეები. პარალელურად რუსეთმა წამოიწყო კამპანია, რომ თითქოს საქართველოში რუსოფობიაა. არ მჯერა, რომ ყველაფერი ეს შემთხვევით მოხდა. აშკარაა, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მოკლევადიანი მიზანი მალევე გაცხადდა - ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, როდესაც ტურისტული პიკია და შემოვიდოდა უცხოური ვალუტა, მომაგრდებოდა ეკონომიკა და ლარი, კრემლმა უმნიშვნელოვანეს სეგმენტში დაგვარტყა, თან მაშინ, როდესაც ძალიან იყო გაზრდილი რუსეთიდან ტურისტების ნაკადი. მიზეზი? თურმე საქართველოში ვერ უზრუნველყოფენ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას. ახლა კი არა, აგვისტოს ომის დღეებშიც არ ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე რუსების დევნა.

ცხადია, მოსკოვმა კარგად გათვალა, სად და როგორ დაერტყა. რუსი ტურისტები ძირითადად, მცირე და საშუალო სეგმენტის, ე.წ. გესთჰაუსების მომხმარებლები არიან, ასე რომ, მომხმარებელი დაკარგეს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ბიზნესი საშუალო დონის ტურიზმზეა მორგებული, ანუ დაარტყეს ქვეყანას იქ, სადაც ძალიან უჭირდა - სოციალურ მიმართულებაზე. ფაქტობრივად, ორი კურდღელი დაიჭირეს - სცადეს ისედაც სუსტი ქართული ეკონომიკის უფრო დასუსტება, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ჩვენი მოქალაქეების ნაწილის განაწყენება, რუსეთისთვის კი ეს არეულობის გაჩენის უფრო მეტ შანსს ნიშნავს. კრემლს ამგვარი ისტერია თავისი ეკონომიკისთვისაც სჭირდებოდა - ყირიმში ძალიან დიდი ფული ჩაიყარა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, მაგრამ იქაური კურორტები მაინც ვერ უწევდა კონკურენციას საქართველოს შავი ზღვის კურორტებს და რუსეთმა საკუთარ სტილში გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება - პირდაპირ უბრძანა თავის მოქალაქეებს, სად წავიდნენ!

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრისთვის გავრილოვის გარდა, სხვა სცენარიც ექნებოდა მომზადებული, არ გამოვიდოდა გავრილოვის გეგმა, რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა... აქაური დემონსტრაციებიც ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებზე ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსმა დეპუტატებმა შეაფასეს როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს იყო მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, თქვენ ინვესტიციებს დებთ ისეთი სახელმწიფოს განვითარებაში, სადაც მორიგი რევოლუცია შეიძლება მოხდესო.

"გაბუნიას კარტი" პუტინის ხელში

- მალევე ძალიან უცნაური მოვლენის მომსწრენიც გავხდით - გიორგი გაბუნიამ რუსეთი "შეამკო" და ამას მოჰყვა კიდეც რუსეთის ხელისუფლების რეაქცია. ჩემთვის ამ გინებაზე გაცილებით მეტად უცნაური და კომიკურიც კი ის იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მოიცალა და სამი დღის განმავლობაში განიხილავდა ერთი ქვეყნის რიგითი ჟურნალისტის განცხადებებს. ერთ-ერთი წამყვანი კოსმოსური პროგრამისა და სამხედრო ძალის მქონე ქვეყანამ მთავარ თემად აქცია ერთი ჟურნალისტის გამოხდომა. ამას მოჰყვა მეორე სპექტაკლი - ვლადიმირ ვლადიმირის ძემ დიდსულოვნად გვაპატია გაბუნიას დანაშაული. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: რატომ უნდა გვაპატიოს საქართველოს გაბუნიას გინება და რატომ რეაგირებს ეს კაცი ასე მწვავედ ამაზე? აშკარაა, რომ კარგად დადგმულ საინფორმაციო სპექტაკლთან გვაქვს საქმე! ეს შოუ უპირველესად რუს საზოგადოებაში რადიკალური განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა. შეიძლება ითქვას, პარანოიდული განცხადებებიც გაკეთდა, რის შემდეგაც გამოვიდა მრისხანე, ოღონდ ბრძენი, კეთილი მმართველი და დიდსულოვნად მოგვიტევა.

ეს ქართველ საზოგადოებაზე გათვლილი "ჟესტიც" იყო - ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაგვინდო. მით უფრო, რომ ამას წინ უსწრებდა ასევე მიზანმიმართულად გაჩენილი ისტერიკული მოლოდინი იმისა, თითქოს გაბუნიას გამო თავს დაგვესხმებოდა რუსეთი. ეს იმავე სერიის პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც, თურმე 2008 წელს რუსეთი იმიტომ დაგვესხა თავს, რომ პუტინი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შევამკეთ. დღეს რუსეთის ხელისუფლებაშიც და საექსპერტო წრეებშიც აღიარებენ, რომ 2008 წელს ომი დაიწყეს საქართველოს ევროინტეგრაციის შესაჩერებლად და ამგვარად, როგორც თვითონ ამბობენ, თავიანთი "უკანა ეზოს" დასაცავად.

"გაბუნიას კარტის" გათამაშებით რუსეთმა კვლავაც სცადა ისე წარმოეჩინა, თითქოს ყველაფერში დამნაშავე საქართველოა, თვითონ კი მამა აბრამის ბატკანია - რას ამბობთ, პუტინი ისეთ რამეს როგორ გააკეთებს, რომ ქართველი ხალხი დააზიანოს... რუსეთს სჭირდება სატელიტი ან ფორმალურად სუვერენული ქვეყანა, ან საქართველო რუსეთის შემადგენლობაში. მას არ სჭირდება ევროპული, განვითარებული საქართველო. იმავდროულად, პუტინმა განაცხადა, რომ თურმე საქართველო არ იცნობს საკუთარ ისტორიასა და მძიმე მემკვიდრეობას. პრაქტიკულად, გენოციდის მოწყობა დაგვაბრალა, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, რაკი რუსეთმა "დიდსულოვნად" უარი თქვა სანქციებზე, პუტინის განცხადებებს შესაბამისი პასუხი ვერ გასცა.

პუტინს გენოციდი შემთხვევით არ უხსენებია. გავიხსენოთ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში რა დამანგრეველი გავლენა იქონია გასული საუკუნის მოვლენებმა, რაც სომხების გენოციდად შეფასდა. სწორედ ამგვარად სურს წარმოაჩინოს ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა და შეუძლებელი გახადოს ჩვენ შორის ნდობის აღდგენა.

- რას ემსახურება მტკიცება, თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ აზერბაიჯანიც და თურქეთიც ოკუპანტები ყოფილანო? - გადავხედოთ დავითგარეჯის გამო განვითარებულ მოვლენებს, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ ნახეთ, როგორ ცდილობს დღეს რუსეთი ამის პედალირებას. უკვე მოვისმინეთ ჩვენი რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების განცხადებებიც, აზერბაიჯანიც ოკუპანტიაო. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც, იმავდროულად, ამბობენ, თურქეთიც ოკუპანტიაო.

არადა, რუსეთის და თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ერთ სიბრტყეში განხილვა, სულ მცირე, პოპულიზმი და უარეს შემთხვევაში, დანაშაულია. ლაპარაკია, ჩვენს რეგიონში ჩვენსავე სტრატეგიულ პარტნიორებზე. ვნახეთ, რომ აზერბაიჯანშიც გამოჩნდნენ გახურებული თავები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ჩვენ მათ ალბანურ კულტურას ვართმევთ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციების წახალისებასაც რუსეთი ცდილობს. არადა, საზღვართან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება მარტივადაც გადაწყდეს, თუ საკითხი დაპირისპირების ამ სიბრტყიდან გავა.

ვის აწყობს ეს ყველაფერი? - იმ ჯგუფს, იმ ქვეყანას, რომლისთვისაც მიუღებელია კასპიის ნავთობპროდუქტების თუ გაზის გატანის ალტერნატიული მარშრუტები. სანამ არსებობს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის პარტნიორობა, მათთვის არსებობს რისკი, რომ კასპიის რეგიონის ინტეგრაცია დასავლურ ეკონომიკაში რუსეთის გვერდის ავლით გაგრძელდება. თუ საქართველო და აზერბაიჯანი გაითიშებიან, აზერბაიჯანი იზოლაციაში აღმოჩნდება, საქართველოს კი ენერგეტიკულად ისევ რუსეთზე ჩამოკიდება მოუწევს, შედეგად, ყველაფერი დაუბრუნდება 1994 წლამდელ სტატუს-კვოს, რაც შეუქცევადს გახდის რუსეთის ჰეგემონიას რეგიონში და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს რუსეთი კავკასიაში.

რაც შეეხება თურქოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობას, ჩვენ ვნახეთ, რუსული სანქციების მუქარამ რა პანიკა წარმოშვა ჩვენს ბაზარზე. ჩვენი ეკონომიკა უკიდურესად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, მათ შორის თურქეთის ეკონომიკაზეც. შესაბამისად, თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას. არ არის გამორიცხული, რუსეთი ამაზეც ფიქრობდეს.

რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება საფრთხეებს

- ყველა მოქალაქემ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ რუსული გამოწვევა მხოლოდ ხელისუფლების კი არა, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. დღეს მე ვერ ვხედავ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს საკითხზე, რომ დღეს გვჭირდება რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელსაც გაიზიარებს ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა. შეკავების პოლიტიკა გულისხმობს როგორც სამხედრო საფრთხეების, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური და ნებისმიერი რისკების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებათა ერთობლიობას.

ბევრმა გალანძღა, მათ შორის მეც გავაკრიტიკე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, როდესაც ჟურნალისტის გინება დაგმეს, მაგრამ მეორე მხრიდანაც დავსვათ საკითხი - ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომ გამოიჩინოს სიხისტე, დიპლომატიური არხებით გადავიდეს კონტრშეტევაზე, ექნება კი მას საზოგადოების მხარდაჭერა? კონტრშეტევას აუცილებლად მოჰყვება სხვა პრობლემებიც, მზად არის კი ჩვენი საზოგადოება, მაგალითად, იმისთვის, რომ მოითმინოს რუსეთის მკაცრი სანქციები საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ?! - ამაზე პასუხი ცალსახად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ის ფრთხილი და გაუბედავი დამოკიდებულება, რაც ბოლო მოვლენებისას ხელისუფლებამ გამოიჩინა.

ხელისუფლების შეზღუდულუნარიან მოქმედებას კარგად იყენებს ოპოზიცია და ნაცვლად იმისა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოაზროვნე ძალები ერთიანდებოდნენ, ვხედავთ უაზრო მტრობას.

რა მიმართულებიდან უნდა ველოდოთ ახალ შემოტევებს

- პირველი სარისკო მიმართულებაა ოკუპირებული ტერიტორიები;

მეორე მიმართულებაა მეზობლებთან ურთიერთობა. სომხეთი ცდილობს თავი აარიდოს გართულებებს, რაც ფაშინიანის ადმინისტრაციაზე მხოლოდ კარგს მეტყველებს. მნიშვნელოვანია, რომ არ დაიძაბოს ჩვენი და სომხეთის ურთიერთობა.

გავიხსენოთ, რუსეთმა რამდენჯერმე სცადა ჯავახეთში ვითარების არევა, თუმცა ქართული და სომხური ელიტების კეთილგონიერებით ეს არ მოხდა და იმედია, ასევე გაგრძელდება.

ვხედავთ აზერბაიჯანის მიმართულებით მიზანმიმართულ ნაბიჯებს ვითარების გასამწვავებლად, თუმცა აქაც იმედი მაქვს, რომ ორივე მხარის ხელისუფლება პროვოკაციების უფლებას არავის მისცემენ.

მესამე - საქართველო-დასავლეთის ურთიერთობის გააქტიურებისთანავე რუსეთისგან ისევ მოსალოდნელია სანქციებზე მსჯელობა.

გარდა ამისა, ახლოვდება არჩევნები, იზრდება პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა და ასეთ დროს არაერთ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. ამასთან, რუსეთში მიდის სერიოზული მუშაობა, რათა როგორმე ქართული პარლამენტის 15-20% სწორედ პრორუსული ძალებით დაკომპლექტდეს და მათ ქმედითი გავლენის ბერკეტი შეიძინონ. ეს არის რუსეთის ამოცანა, ამ მიზნით დაბრძანდებიან ქართველი პოლიტიკოსები რუსეთში და ამისთვის დაიხარჯება დიდძალი ფული.