"ისინი ითხოვდნენ გახარიას გადაყენებას, ამის ნაცვლად კი გვარამიას მოუწია გადადგომამ" - კვირის პალიტრა

"ისინი ითხოვდნენ გახარიას გადაყენებას, ამის ნაცვლად კი გვარამიას მოუწია გადადგომამ"

"ეს მონოლოგი არ იყო სპონტანური. ამოცანა იყო რუსული ისტებლიშმენტის გამწარება-გაღიზიანება, რომლებიც, ვფიქრობ, მზად იყვნენ, გარკვეულწილად შეეცვალათ პოლიტიკა საქართველოს მიმართ"

რუსი ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი ალექსეი რომანოვი საქართველოში უკვე სამი წელია ცხოვრობს და მის ვიდეორეპორტაჟებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მილიონობით მნახველი ჰყავს, კომენტარების სექციაში კი ხშირად ნამდვილი ომია გაჩაღებული. "კვირის პალიტრამ" ალექსეი რომანოვთან საუბარი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენებით დაიწყო.

- ეს იყო ხელისუფლების ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და ოპოზიციის როგორც ტაქტიკური, ასევე სიმბოლური მარცხი. ისინი ითხოვდნენ გახარიას გადაყენებას, ამის ნაცვლად კი გადადგომამ მოუწია გვარამიას, რომელიც ბოლო წლებში ლამის მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამპლუაში გვევლინებოდა. არის თუ არა ეს სტრატეგიული მარცხიც, ანუ მოახერხებს თუ არა ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერის გარეშე არსებობას, ამას დრო გვიჩვენებს. მეორე მხრივ, ფაქტი ფაქტად რჩება - მკვეთრად ოპოზიციურ არხად დარჩენა "რუსთავი 2"-ს ძალიან გაუჭირდება.

გვესმის დაპირებები, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ "საკენკია", რომელსაც მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს.

რაც შეეხება მანამდე ამ არხის ეთერით გავრცელებულ გაბუნიას მონოლოგს, როგორც ჟურნალისტი, უპირველესად ვიტყოდი, რომ ეს არაპროფესიონალურია. წარმოუდგენელია, ასე ასცდე შენს აუდიტორიას. ჯერ ვერ ვნახე ხალხი, რომელიც მას დაუჭერდა მხარს. ამ დონეზე ვერ გათვალო შენი პუბლიკის რეაქცია, ძალიან უცნაურია. ამიტომ მგონია, რომ ეს მონოლოგი არ იყო სპონტანური. ვფიქრობ, იცოდა, მის სიტყვებს რაც მოჰყვებოდა, და ეს განზრახ გააკეთა. ჩემი აზრით, გაბუნია სწორედ იმ რეაქციის გამოწვევას ცდილობდა, რაც მივიღეთ - მიტინგი, "რუსთავი 2"-ის შენობასთან ალიაქოთი, რუსეთის ნეგატივი და ა.შ.

- რატომ ფიქრობთ ასე? - დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო. ახლა საქართველო გარდამტეხი მომენტის წინაშე დგას: ერთი მხრივ, გაძლიერდა ერთგვარი კონსერვატიული განწყობა და არ იქნება სწორი, ამას პრორუსული განწყობა ვუწოდოთ, რომ იქნებ მოვახერხოთ რუსეთთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება, ურთიერთობის აღდგენა და ისე ცხოვრება, როგორც საბჭოთა პერიოდში... ასეთი განწყობა სააკაშვილის დროს ქვეყნის ღალატს უდრიდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული ალღოთი ვერც ერთ სფეროში ვერ დაიკვეხნის, წინააღმდეგი არ არის ამგვარი განწყობის, მიუხედავად იმისა, წამდაუწუმ გაიძახის, რომ პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს და ნატოში ან ევროკავშირში შესვლა სურს. მოკლედ, ერთი მხრივ, ასეთი პროცესების მომსწრე ვართ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პოლიტიკურ არენაზე გამოსვლას იწყებს ახალი თაობა... ამ ახალგაზრდა ქართველებისთვის უცხოა რუსეთის ნოსტალგია, პირიქით, ისინი ხშირად დღევანდელ რუსეთს უფრო ფხიზელი თვალით აფასებენ, ვიდრე მათი მშობლები. სწორედ ეს ორი მოძრაობა დაუპირისპირდა ერთმანეთს - ხალხი, რომელსაც სურს რუსეთთან მორიგება და ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ და დაამტკიცონ, - არა, ეს არ გვსურს და რუსეთს არაფერს ვაპატიებთ!

ეს მონოლოგი არ იყო განკუთვნილი ქართველებისთვის. მათ იცოდნენ, რომ მოუწევდათ მსხვერპლის გაღება - საზოგადოების სავსებით სამართლიანი უკმაყოფილების ატანა და შეიძლება მაყურებლის გარკვეული ნაწილის ნდობის დაკარგვაც კი. ამ მონოლოგის ადრესატი იყო რუსეთი და არ მჯერა სპონტანურობის, ასეთი სპონტანურობა შეუძლებელია.

ამოცანა იყო რუსული ისტებლიშმენტის გამწარება-გაღიზიანება, რომელიც, ვფიქრობ, მზად იყო, გარკვეულწილად შეეცვალა პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ახლა კი ამას ვერ გააკეთებს. შესაძლოა "ოცნებასა" და კრემლს შორის მზადდებოდა რაღაც გარიგება, ახლა კი ეს ჩაიშალა.

- შეიძლება ეს გარიგება სავიზო რეჟიმის გაუქმება ყოფილიყო? - დიახ, ამაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თუ რუსეთი ვიზებს აუქმებს, ესე იგი, სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს და აი, სწორედ ეს არ ვიცით, რას ითხოვდა კრემლი, რაზე ურიგდებოდა საქართველოს მთავრობას.

- რუსეთის რეაქციას როგორ შეაფასებთ? - კრემლის რეაქცია, ჩემდა გასაკვირად, მშვიდი აღმოჩნდა. მეშინოდა, რომ პასუხი უფრო ხისტი იქნებოდა. არც პესკოვმა და არც სხვა სპიკერებმა - გადაწყვეტილების მიმღებმა ხალხმა - ფაქტობრივად, ხმა არ ამოიღეს, მეტიც, შეეცადნენ, ეს გაუგებრობისთვის მიეწერათ. აი, გავრილოვის ინციდენტმა კი სერიოზულად შეაწუხათ. რეაქციაც მწვავე იყო. მაშინ არავის უთქვამს, მოგცლიათ, ეს ყველაფერი სისულელეაო.

- რუსეთის კეთილშობილმა პრეზიდენტმა კი განგვიცხადა, რომ პატივს სცემს ქართველ ხალხს და ამიტომ სანქციებს არ დაგვიწესებს. რას მივაწეროთ პუტინის სიკეთე? - იშვიათი მშვიდობისმოყვარეობაა. რას მივაწეროთ? ძნელია დანამდვილებით თქმა, მაგრამ გახსოვთ თავადი ვორონცოვი? მან უფრო დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს, ვიდრე სხვა მეფისნაცვლებმა, რომლებიც ქართველების მიმართ ზიზღსა და სიძულვილს არ მალავდნენ. ვორონცოვმა დაყვავებისა და მედლების გაცემის ეფექტიანი პოლიტიკის ხარჯზე ლამის ქართველების - ყოველ შემთხვევაში, არისტოკრატიის ნაწილის - მენტალურად გარუსება მოახერხა.

პუტინი ასეთ პოლიტიკას უკვე წლებია, ჩეჩნეთში ატარებს. ომის მოგების შემდეგ თავდაპირველად ჩეჩნეთის პოლიტიკური ელიტა გადაიბირა. არ გამოვრიცხავ, ასეთი ტაქტიკური სვლა იყოს საქართველოშიც. ფაქტია, ამ ნაბიჯმა მას დრამატულად გაუზარდა ავტორიტეტი საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში, რომელსაც რუსეთთან საერთო ენის პოვნა და შერიგება სურს.

ვაჟა თავბერიძე