"აშშ ყოველნაირად ცდილობს რუსეთის ფედერაციას მეზობლები ჩამოაშოროს"- რაში ადანაშაულებს ლავროვი საქართველოს და რაში - აშშ-ს? - კვირის პალიტრა

"აშშ ყოველნაირად ცდილობს რუსეთის ფედერაციას მეზობლები ჩამოაშოროს"- რაში ადანაშაულებს ლავროვი საქართველოს და რაში - აშშ-ს?

"საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ ვიტყვი, რომ ჩვენ არასოდეს არ ვესწრაფვოდით ამ ურთიერთობების გაუარესებას"

23 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ Russia Today-ს, ლათინურამერიკული მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მან ისაუბრა აშშ-ის ურთიერთობაზე სამხრეთ ამერიკის (ლათინური ამერიკის) სახელმწიფოების, კერძოდ კი კუბისა და ვენესუელის მიმართ. ინტერვიუს ერთ-ერთი კითხვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობასაც შეეხებოდა, რომელზედ პასუხისასაც ლავროვმა 2008 წლის ომის დაწყებაში და საერთოდ ყველა პრობლემაში ტრადიციულად საქართველო დაადანაშაულა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუს სტენოგრამიდან, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:

- პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები არ იქნებაო. როგორ ფიქრობთ, ასეთი მიდგომა შეიძლება აშშ-სათვის სამაგალითო იყოს?

- იცით, საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ არასოდეს არ ვესწრაფვოდით ამ ურთიერთობების გაუარესებას. ეს სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ყველანაირად ცდილობდა ჩვენთან ეკონომიკური კავშირები შეეზღუდა, მაგრამ ეკონომიკამ მაინც თავისი გააკეთა. და მათ, რომლებიც საქართველოში მატერიალურ დოვლათს ქმნიან, ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. დღეს ვაჭრობა განახლებულია და მე არ ვფიქრობ, რომ ამით ვინმე რაიმე უხერხულობას გრძნობს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველესად კი აშშ, ყოველნაირად ცდილობს რუსეთის ფედერაციას მეზობლები ჩამოაშოროს. გაიხსენეთ, 2008 წელი, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მუხრუჭებმა სრულიად უმტყუნეს და მან, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად - იმ გაფრთხილების ჩათვლითაც, რომელსაც ვლადიმირ პუტინი აკეთებდა, მაინც გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა, რათა თავისი საკითხები გადაეწყვიტა "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში. საქართველოში ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი მუშაობდა, ისინი ქართულ სპეციალურ დანიშნულების ქვედანაყოფებს წრთვნიდნენ, მთლიანად სამხედრო მოსამსახურეებსაც. და ბრძანებები, რაც იქნა გაცემული "სამხრეთ ოსეთის" ხელში ჩასაგდებად, დანაშაულებრივია. ეს ყველას ესმის. იგი თავის მოქალაქეებს დაესხა, ასევე დაესხა მშვიდობისმყოფლებსაც, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ევროკავშირის მიერ დაკვეთილმა სპეციალურმა გამოძიებამ - ე.წ. "ჰაიდი ტალიავინის კომისიამ" მკაფიო დასკვნა გააკეთა იმაზე, რომ სამხედრო მოქმედება სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

იმასთან დაკავშირებით კი, გააკეთებს თუ არა აშშ რაღაც დასკვნას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე - არ შემოიღოს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ჩემთვის ამაზე მსჯელობა ძნელია. იმიტომ, რომ აშშ განსაკუთრებული ქვეყანაა, მას თავისი ტრადიციები აქვს, თანაც ისეთი ტრადიციები, რომლებიც "ველიკოდერჟავულია", სამწუხაროდ. ამიტომაც სინამდვილეში, თუ აშშ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებულ პოლიტიკას გაატარებს ყველა თავის პარტნიორთან - გნებავთ რუსეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან ან სხვა ქვეყანასთან, დარწმუნებული ვარ პრობლემები მსოფლიოში უფრო ეფექტურად და საიმედოდ იქნებოდა გადაწყვეტილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგი გვაქვს ვაშინგტონთან, ვცდილობთ, ჩვენი მიდგომები ავუხსნათ იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ვითარდება. ოსაკაში გამართულმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრამ აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, პრინციპში, ყველასათვის მისაღებ მიდგომებს ეძებს. ვნახოთ, რამდენად იქნება ცხოვრებაში გატარებული მისი სურვილები, შემსრულებელთა დონეზე. წყარო

თარგმნა სიმონ კილაძემ