"წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა მცდელობები ტელევიზიებზე კონტროლი მოეპოვებინა და დღესაც იგივე ხდება" - კვირის პალიტრა

"წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა მცდელობები ტელევიზიებზე კონტროლი მოეპოვებინა და დღესაც იგივე ხდება"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თაობაზე სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, ჩვენში დღემდე რეზონანსულია. ცნობილი მუსიკოსი, ფოლკლორისტი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი შექმნილ ვითარებას აფასებს:

- თავისუფალი სიტყვის გარეშე არ შეიძლება დემოკრატიული ქვეყანა შედგეს. არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სამართლიანად არ მოსწონდეს "რუსთავი 2", ვიღაცა არ უყურებდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი... ზოგადად უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ის ილაპარაკო, რისი სურვილიც გაქვს... თუ ვინმესთვის შენი პოზიცია მიუღებელია, მას შეუძლია ძალიან მარტივ ხერხს მიმართოს და სხვა არხი აირჩიოს...

- "რუსთავი 2" თავისუფალი სიტყვის გამომხატველია თუ პარტიული ტელევიზიაა?

- მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ტელევიზია რაღაც დონით პარტიულია... გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება ნეიტრალური იყოს, გარკვეულში - მხარეს წარმოადგენდეს! დასავლეთშიც კი ასეა, მაგალითად, რომელიღაც ტელევიზია განსაკუთრებულად გამოირჩევა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკით, ზოგი უფრო - ნაკლებად... ზოგადად ტელევიზია და მასმედიის საშუალებები ხელისუფლების კონტროლისთვის შეიქმნა, რათა ხელისუფლებამ უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვას.

- მიიჩნევთ, რომ ახლა პირიქით ხდება და "რუსთავი 2"-ის კონტროლის სურვილი ხელისუფლებას აქვს?

- მხოლოდ ეს ხელისუფლება კი არა, წინა ხელისუფლებაც ცდილობდა და რიგ შემთხვევაში ახერხებდა კიდეც ტელევიზიებზე კონტროლის დამყარებას... მგონია, რომ ახლაც იგივე პროცესები გრძელდება. ხელისუფლება ცდილობს მის კონტროლქვეშ იყოს ტელევიზიები... ვფიქრობ, ძალიან ცუდია, როდესაც ყველა ტელევიზია ერთი, სახელისუფლებო მიმართულებით მიდის და ხელისუფლებას აქვს გარკვეული მონოპოლია. ეს ქვეყანაში ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწევს! არ შეიძლება ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს!

ერთ რამეს კი გეტყვით, ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-დან გინება და უცენზურო სიტყვები ისმოდა, რაც საშინლად არ მომწონს და ვემიჯნები. მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, (იუმორით ჩვენზე ხომ ყველა ამბობს კახელი და გინება განუყოფელიაო) ტელევიზიიდან მოვიწონებ კი არა, ჩემს ოჯახში გინება არ გამიგია! ჩვენს ოჯახში ბილწსიტყვაობა არ არის და ჩემს შვილსაც ასე ვზრდი! აქედან გამომდინარე, უცენზურო სიტყვები არ მომწონს და სულაც არ ვთვლი, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა! ეს უფრო მეტად უკულტურობაა!

"ფეისბუკის" გვერდზედ დავწერე, უფრო მეტი დაფიქრება და სიტყვების კონტროლია საჭირო-მეთქი! ამ ორ რამეს ვმიჯნავ ერთმანეთისგან: მიუღებლად მიმაჩნია უცენზურო სიტყვები და ასევე ვთვლი, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ეს აუცილებელია ქვეყნის მომავლისთვის და წინსვლისთვის!

- თუ "რუსთავი 2" ამ სახის აღარ დარჩება, როგორიც დღეს არის, ისევ გიხილავთ ამ არხზე?

- მე უკვე 6 თვეა ამ არხის თანამშრომელი აღარ ვარ. პროექტში "მხოლოდ ქართული" ჯანმრთელობის პრობლემების გამო შევწყვიტე ჟიურიში ყოფნა... როდესაც უსამართლობასთან გვექნება საქმე, ბუნებრივია მხარდაჭერას გამოვხატავ! ასე იქნება ნებისმიერი ტელევიზიის, გაზეთის და ჟურნალის შემთხვევაში! სიტყვის თავისუფლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ით არ იწყება და არ მთავრდება! მაგალითად, მე ხშირად ვუყურებ "ტვ პირველს", სადაც არანაკლებად მიდის ხელისუფლების კრიტიკა და თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ხმას მაშინაც ავიმაღლებ!

(სპეციალურად საიტისთვის)