"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ გზაზე ხაზარაძე გახდა პრობლემა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ გზაზე ხაზარაძე გახდა პრობლემა"

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მათივე თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. პროკურატურა ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღნიშნული სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ გია ხუხაშვილს.

- იმას, რაც დღეს მოვისმინეთ პროკურატურისგან, აქვს თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურს, რა თქმა უნდა, კითხვები იბადება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზარაძე დღეს ნომერ პირველი პრობლემაა ხელისუფლებისთვის... და რატომ არის ნომერ პირველი? იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირსპირების შუაგაკრეფილი სიტუაცია არის ხელისუფლების ტექნოლოგია, რომელიც აქამდე ყოველთვის შედეგს იღებდა, ხოლო ახალი მოთამაშეების გამოჩენა ხელისუფლებისთვის არის კატასტროფის ტოლფასი. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური მოტივაცია მათ აქვთ, გარდა ამისა, მათ აქვთ მეორე პრობლემა, ბოლო დროს ძალიან ბევრი სკანდალური რამ მოხდა, მაგალითად, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, იგივე ოქრუაშვილის ყოვლად სკანდალური განცხადებები და ა.შ. ახლა აღარ იციან რა ქნან, როგორ გადაფარონ ეს ყველაფერი, ანუ თემა შეცვალონ.

რაც შეეხება სამართლებრივს, დღემდე რაც გვაქვს მოსმენილი, ჯერჯერობით არ ჩანს იმ ბრალდების საკმარისი საფუძველი, რაზეც ედავებოდნენ. თუ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ორ შემთხვევაში ხდება, პირველი - თუ ფულის წყარო არ დგინდება, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს არის უკნონოდ მოპოვებული ფული და მისი ლეგალიზაცია ხდება, და მეორე, როცა ვიღაცას პარავ ამ ფულს, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული, ჯერჯერობით ვერცერთ ვარიანტს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ფულის წყარო გასაგებია და გამჭვირვალეა, დაზარალებულიც თითქოს არ ჩანს ამ ისტორიაში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ახალი გარემოებები აქვს პროკურატურას.

- შექმნილ ვითარებაში რა გავლენას იქონიებს ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე, თქვენი აზრით, ხომ არ იგრძნობა აქ რუსული ნარატივი? - ჩვენ არ გვყავს არც პრორუსული ხელისუფლება, არც პროდასავლური, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იბრძვის ძალაუფლებისთვის ნებისმიერი მეთოდებით, მისი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ გზაზე ხაზარაძე გახდა პრობლემა.

- გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შეფასებისას, განაცხადა, რომ მიესალმება ბიზნესმენების ჩართვას პოლიტიკურ პროცესში...

- დიდი ბოდიში, მაგრამ შევარდნაძის ტექნოლოგიები კარგად ვიცით, ვიღაცას მოფერებას რომ უწყებდა, მეორე დღეს ის ელოდა, რომ სადღაც კუთხეში მიახრჩობდა. საერთოდ, პოლიტიკოსების მოფერებას არ უნდა ენდოთ იმიტომ, რომ მოფერების უკან ყოველთვის დასჯის დაუოკებელი სურვილი დგას. მაგრამ ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს არ მოვისმენ, მაინც არ მინდა საბოლოოდ დიაგნოზის დასმა.

(სპეციალურად საიტისთვის)