"რასაც ვუყურებთ, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ადამიანის, რომელიც გაცხადებულად არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს" - კვირის პალიტრა

"რასაც ვუყურებთ, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ადამიანის, რომელიც გაცხადებულად არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს"

ხდება ველის მოსუფთავება, სადაც ივანიშვილი ახალ ყვავილებს დათესავს, მაგრამ ყვავილების ნაცვლად ის მიიღებს ტლაპოს, სადაც მარტოს მოუწევს ჩაჯდომა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ყოფილმა მერმა, "ევროპული საქართველის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმეს უკავშირდება, პოლიტიკური მოტივით არის გამსჭვალული.

გიგი უგულავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი, მმართველ გუნდთან ერთად ცდილობს გააკონტროლოს როგორც მედიაბაზარი, ასევე პოლიტიკური სპექტრი. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, უგულავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების შეტევის მორიგი ობიექტი მედიაში "ტვ პირველი", ხოლო პოლიტიკაში "ევროპული საქართველო" და მისი ლიდერები იყვნენ.

"რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ადამიანის, რომელიც გაცხადებულად არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს, რომელიც გაცხადებულად ებრძვის მას და ყველაფერს, რაც ამ ადამიანს უკავშირდება. მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს მოსწონს ხაზარაძე თუ არ მოსწონს, მოსწონს მისი ბანკი თუ არა, საკითხი ამას აღარ ეხება. ახლა ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო 18 ივლისის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ "რუსთავი 2" წაიღო. არ გამოვრიცხავ რომ ამავე საქმის ფარგლებში პირდაპირ თუ ირიბად შეტევა მიიტანონ "ტვ პირველზე". ახლა ვუყურებთ გაშმაგებულ, გაავებულ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომელიც ცდილობს მედია და პოლიტიკური სივრცე მოასუფთაოს და ისე გავიდეს 2020 წლის არჩევნებზე.

"ქართულ ოცნებას" არანაირი შანსი არ აქვს 50% მარტომ მოაგროვოს და ჯერჯერობით არც ვინმე სჩანს პოლიტიკურ მოედანზე, რომელიც მათ დათანხმდება და მათთან კოალიციას გააკეთებს, გარდა რუსული პარტიებისა. ხდება ველის მოსუფთავება, სადაც ივანიშვილი ახალ ყვავილებს დათესავს, მაგრამ ყვავილების ნაცვლად ის მიიღებს ტლაპოს, სადაც მარტოს მოუწევს ჩაჯდომა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"