"ივანიშვილს ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა" - "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა" - "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ბრიფინგზე კოტე კემულარიამ და გუბაზ სანიკიძემ ისაუბრეს.როგორც კოტე კემულარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია და ეს პოლიტიკური რეპრესიებია.

"ივანიშვილს ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა. ივანიშვილს მივმართავ: სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ოქრუაშვილის დაჭერით. მის დაჭერაზე იქნება მსოფლიოს წამყვანი პრესის თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალიან მწვავე რეაქცია. ჩვენ უკვე ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს, ვიქნებით მობილიზებულები და ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დავდგეთ ერთად, რადგან აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია. ის საჯარო ფიგურა იყო, თანამშრომლობდა ყველასთან, მივიდა სასამართლოში, პასუხობდა ყველაფერს საგამოძიებო პროცესში, ის დღეს ასეთი ფორმით დააკავეს. ეს მხოლოდ გვაძლიერებს, ეს ჩვენს გაერთიანებას გახდის მხოლოდ უფრო მობილურს. ივანიშვილი მალე უნდა დამთავრდეს, ის უკვე ძალიან საშიშია, დაჭრილია, რადგან სისხლში აქვს ხელები, ვეღარაფერს აკეთებს ეკონომიკურად და ვერ უვლის სახელმწიფოს და არის ძალიან სახიფათო. მივმართავ მოსახლეობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ეს დასრულდეს და ეს ადამიანი ხალხის, არჩევნების მეშვეობით ჩამოშორდეს ხელისუფლებას", - განაცხადა კემულარიამ.

მანვე ისაუბრა ოქრუაშვილის დაკავების მიზეზებსა და მისი დაკავების პროცესზე.

"თვენახევარი გავიდა 20 ივნისის მოვლენენიდან და რა შეიცვალა, თუ აქ, ადგილზე იყო ირაკლი ოქრუაშვილი? რამე ახალი იპოვეს? ეს მხოლოდ მისი აქტიურობისა და მზარდი რეიტინგის, და მის მიმართ გაჩენილი შიშის გამოა. მაგრამ ის იქ უფრო ძლიერი იქნება, 21-ე საუკუნეა და როგორ წარმოგიდგენიათ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმარი, გაჩერდება? მუდმივი კავშირი გვექნება მასთან. გავეცანი დოკუმენტებს და წერია, რომ ეს არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ამის ორგანიზებაც ბოლოში წერია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი რამის დაორგანიზებაში მონაწილეობდა. ყველა ისე ვიღებდით მონაწილეობას, როგორც დანარჩენები. მე ვესწრებოდი დაკავების პროცესს“, - განაცხადა კემულარიამ.

გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაკავება შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის. "მეც ვიყავი დაკითხვაზე და ანალოგიურია ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის სიტუაცია. აშკარად ბიძინა ივანიშვილს ფსიქიური აშლილობა აქვს, დავუმატოთ ის, რომ პუტინის ხელის ბიჭია და აქვს სისხლიანი საშინაო დავალება -პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და რუსეთისთვის საქართველოს ჩაბარება. რატომ არის პირველი ოქრუაშვილი? რადგან ბოლო დღეებში ეწინააღმდეგებოდა მისი განცხადებები ივანიშვილს, მათ შორის "რუსთავი 2"-ის შესახებ. ეს შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის. მარტო ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მასზეა", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"