"ჩვენც დავაჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების გამო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ჩვენც დავაჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების გამო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ივანიშვილი ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე"გააიასნოს" ტელევიზიის საკითხი, მოწმინდოს პოლიტიკური ველი, ყველაფერი ბოლომდე ჩაიგდოს ხელში" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა"ფეისბუქით" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაცია მოახდინოს.

"მოგესალმებით ივანიშვილის საბოლოო აწყვეტასთან დაკავშირებით. მან დღეს დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მისი მთავარი ცრუ მოწმე ჩემს წინააღმდეგ პროცესებზე, მერაბიშვილის წინააღმდეგ და ა.შ. მაგრამ ოქრუაშვილმა გადათქვა ჩვენება, სულ სხვა რაღაცების ლაპარაკი დაიწყო და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილს. მანამდე ნახეთ, რასაც აკეთებდა ხაზარაძეზე, რაც ქნეს ეკა კვესიტაძეზე. თუ 2012 წელს მან მოახდინა რეიდერული შეტევა და ხელში ჩაგდება ხელისუფლების, ახლა ხდება რეიდერული ხელში ჩაგდება თითოეული ქართველის ცხოვრების. ეს ჩვეულებრივი"ბეზპრეძელშიკი" რეიდერია, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩადებას. ეს არის ჩვენთვის ტესტი, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა თავმოყვარეობა და ღირსება, თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი, გასანადგურებელი. მე მზად ვარ საბრძოლველად, საქართველოში ბევრია ამისთვის მზად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ყველაფრის ბოლომდე ხელში ჩაგდება არ გამოუვა.

"ვინც ჰყვება ზღაპრებს, რომ თურმე ჩვენ კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, ეს აბსოლუტური სულელი და სასარგებლო იდიოტია ივანიშვილისთვის, რადგან ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ დემოკრატიაში ხდებოდა კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებებით. რომ ეთქვათ, ჩვენ ყველაფერს დავემორჩილებითო, მაშინ პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. მხოლოდ ერთიანი ქმედებით სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული პიროვნებების შეკავშირებით შევძლებთ ამ უბედურების დაძლევას. ახლა ივანიშვილი ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე"გააიასნოს" ტელევიზიის საკითხი, მოწმინდოს პოლიტიკური ველი, ყველაფერი ბოლომდე ჩაიგდოს ხელში. არ გამოგივა, ხიხო! არ გამოგივა,"ბეზპრიძელშიკო", შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება! ძალიან აჩქარებ მოვლენებს და რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია - ჩვენც დავაჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე", - განაცხადა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"