"აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს"

"ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს"

"ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი", - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ა.წ. 11 ივნისს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რითაც თითქმის არადიპლომატიური ენით მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის ანაკლიის პორტს, რის შემდეგაც ის გაუგებრობა, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, რომლებიც ასევე ხელმძღვანელობდნენ ანაკლიის პორტის კონსორციუმს, თითქოს დავიწყებას მიეცა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა 24 ივლისს გავრცელებული პროკურატურის განცხადება, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სამართალდამცავები მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა; ასევე აეკრძალათ საქართველოდან წასვლა საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. მამუკა ხაზარაძემ პირველივე განცხადებაში თქვა, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

ამას უკვე მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "ყურადღებით ვაკვირდებით "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით". ისმის კითხვა: რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და სად მიიყვანს ქვეყანას ეს პროცესები?

გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე

- ხაზარაძე-ჯაფარიძის ოფიციალური ბრალდების მოტივში დაეჭვების გამო სუბიექტურობა რომ არავინ დაგვწამოს, დავიწყებ პირდაპირ ამერიკის საელჩოს განცხადებით. ამ თითქმის სამწინადადებიან ტექსტში სრულიად გასაგებად არის ჩამოყალიბებული ის სამი პოსტულატი, რომელიც აშშ-ის პოზიციას ნათლად წარმოაჩენს. პირველი - განცხადებაში ნათქვამია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოებასთან დაკავშირებითო, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებს აეჭვებთ ბრალდება და ამ პროცესში სხვა მოტივებსაც ეძებენ.

მეორე გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიკერძოებლობის აუცილებლობაზე მკვეთრი აქცენტირება. როცა ამას გეუბნებიან, რა თქმა უნდა, გულისხმობენ, რომ შენი სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი არა აქვთ. მესამე კი იყო ანაკლიის პორტის თემა და იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელოვანია ამერიკისთვის პროექტი და რომ ეს ამერიკული ინვესტიციების წყაროა. ამაზე ნათლად ვერ წამომიდგენია, ვინ შეიძლება ჩამოაყალიბოს აზრი. აშშ პირდაპირ ამბობს, რომ ის ხაზარაძეს, ანაკლიის პორტის მომავალსა და ამ პორტში საკუთარ ინტერესებს ერთ მთლიანობად განიხილავს. მისთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული სწორედ ანაკლიისა და ხაზარაძის მომავალი. ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ჩვენ კი არა, აგერ, ამერიკას ეპარება ეჭვი, რომ ამ პროცესის წამოსაწყებად დრო და კონტექსტი შეარჩიეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ოფიციალური ბრალდების მიღმა სხვა ინტერესები იკვეთება.

- დავუბრუნდეთ ისევ ანაკლიის პორტს და გავიხსენოთ მაიკ პომპეოს ასევე პირდაპირი განცხადებები... - დიახ, ჯერ პომპეოს და ახლა აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აქ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არ არის, არამედ ამ პორტს ენიჭება სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე აშშ-ისთვის არის ტესტი, თუ რამდენად და რა ხარისხით არის საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც თურქეთთან ურთიერთობა უკიდურესად გართულებული აქვს, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები კი სულ უფრო ხშირად თანხვდება ერთმანეთს. ასევე უკიდურესად დაძაბულია აშშ-ის და დიდი ბრიტნეთის ურთიერთობა ირანთან... მოკლედ, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება, რა ადგილი უჭირავს საქართველოს აშშ-ის სტრატეგიულ ხედვაში, ანუ როგორი იქნება აშშ-ის რეაგირება დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

- კიდევ რა მოტივები შეიძლება ამოძრავებდეს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში? ხომ არ ვეძებოთ მისი ქცევის უკან ზეწოლა რუსეთისგან, რომელთანაც ბოლო ხანს ურთიერთობა უფრო დაგვეძაბა? - რა თქმა უნდა, თუნდაც განცხადებების დონეზე ჩვენ დაუფარავად ვხედავთ ორი უმსხვილესი მოთამაშის - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებს ანაკლიის პორტის გარშემო, თანაც გაითვალისწინეთ, ერთია, რაც ხმამაღლა ითქმის და მეორე - რამდენი რამ ხდება ამის მიღმა, რასთან გამკლავებაც საქართველოს ხელისუფლებას უწევს. ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ანუ ის შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს ვერ ხედავს და ერთ ნაბიჯს ერთი მიმართულებით დგამს, სხვას - მეორე მიმართულებით, რათა როგორმე დრო მოიგოს და სიტუაცია გადააგოროს.

ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას ამერიკის პასუხისმგებლობაზე არა საქართველოს (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საკუთარ ინტერესებს დააზიანებს), არამედ თავისივე ინტერესების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის...

- ამასობაში ცნობილი ხდება, რომ ანაკლიის პორტის ოპერატორმა, ამერიკულმა კომპანია შშA Mარინე-მა წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომლის თანახმად ის ანაკლიის პორტისთვის ექსკლუზივის მინიჭებას ითხოვს, ანუ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს საქართველოში, რაზეც ხელისუფლების პასუხი ჯერ არ ჩანს. აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთადერთი მოთხოვნა - სახელმწიფოს მხრიდან პორტის ტვირთბრუნვაზე გარკვეული გარანტიების გაცემა... - დეტალებს ვერ განვიხილავ, მაგრამ ერთს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ანაკლიის პორტის აშშ-ის ინტერესებში შენარჩუნება არ მიმაჩნია ერთადერთ სწორ გამოსავლად. კი ბატონო, ეს პროექტი არის ჩვენი ინტერესიც უსაფრთხოების, თავდაცვისა თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ აქ თანაბრად არის წარმოდგენილი აშშ-ის ინტერესიც. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი გადასახედიდან ასე ჩანს - დღეს აშშ-ისთვის საქართველო გაცილებით ღირებული უნდა იყოს, ვიდრე განვლილი 10-15 წლის განმავლობაში იყო, რადგან სრულიად შეცვლილია გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის ფონზეც აშშ-ისთვის გაცილებით იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონში დარჩენილი მისი ერთადერთი ფორპოსტის წონა და ფასი, თუმცა, ვიმეორებ, ეს მაინც ჩვენი ხედვაა და სწორედ ახლა გამოჩნდება, როგორ ჩანს ეს ყველაფერი აშშ-ის მხრიდან. თუ მას საქართველო და ანაკლიის პორტი უღირს, მაშინ არ უნდა დააწვეს ეს პროექტი დამატებით ტვირთად ისევ და ისევ საქართველოს ისედაც ჩაწიხლულ ეკონომიკას და აშშ-მა ეკონომიკური პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს. ეს იქნება სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა!

რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ მეგობრობაზე, ანაც უანგარო დახმარებაზე - პოლიტიკაში ასეთი ცნებები არ არსებობს, მაგრამ რადგან ერთობლივი ინტერესი გვაქვს, მაშინ ერთნაირად გავიზიაროთ ზარალიც და პასუხისმგებლობაც და საქართველომ ეს ხმამაღლა უნდა განაცხადოს.

- ხელისუფლების აფექტური ნაბიჯები ახსენეთ და რით შეიძლება აიხსნას ის, რომ პანკისის მოვლენებიდან მოყოლებული, ის კრიზისების შექმნის ლამის მთავარი წყაროა? - ამ ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა იმიჯი, რომ თითქოს ქვეყნის ქაოსით მართვას ცდილობდა, მაგრამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, თავი შემიძლია დავდო, რომ არ არის ხელისუფლების პროვოცირებული.

აქ ქაოსით მართვაზე აღარ არის ლაპარაკი, აქ ვხედავთ ქაოსში ხელისუფლების ჩაძირვის მცდელობებს. ამიტომაც შეუძლებელია ეს ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგი იყოს - ვგულისხმობ პანკისს, გარეჯს და ა.შ.

თუმცა პრობლემაა ის, რომ ამ განუწყვეტელ სტრესსა და დაძაბულობას ხელისუფლება რაციონალურად ვერ პასუხობს და აფექტურ ნაბიჯებს დგამს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ როცა მე ვლაპარაკობ რუსეთ-აშშ-ს შერკინებაზე, სწორედ ამ კონტექსტშია ყველაფერი დასანახავი; შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის გამოძახილია პანკისიდან მოყოლებული დღემდე ყველა ის გამოწვევა, რომელთა წინაშეც საქართველო და მისი ხელისუფლება დადგა. სხვა საკითხია, როგორ უმკლავდება ამას "ოცნება"...

- რამდენიმე ხნით ადრე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეს ბრალს წარუდგენდნენ, მან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რაც საზოგადოებამ ბიზნესმენის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლად შეაფასა... - დიახ, მეტიც - სასამართლოში მიმდინარე პროცესის შემდეგ მისგან უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ. მან პირველად თქვა, რომ ის შეცვლის ამ ხელისუფლებას, ამ რეალობას. სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველად გამოიკვეთა რეალურად მესამე პოლიტიკური ძალის კონტურები. ერთია ანაკლიის თემა, მაგრამ რეალურად ხაზარაძე დღეს "ქართული ოცნებისთვის" არის ყველაზე უხერხული კონკურენტი. საზოგადოებას დღეს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის როლს შეასრულებს, რომელიც მას ქვეყნის სტაბილური განვითარების გზას დაანახებს; არა ისეთი სტაბილურობის, რომელსაც დაჭაობებამდე მიჰყავხარ, არამედ სტაბილური განვითარების. სწორედ ამ ნიშის დაკავება უნდა სცადოს ხაზარაძემ თუ რეალურად ეცდება პოლიტიკურ აქტიურობას.

ასევე ხაზარაძის ნიშაა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები, როგორც ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ კარგად დაინახა, რომ ამ ბიზნესის დაცვისა და განვითარების სტრატეგია და ხედვა ხელისუფლებას არ აქვს და ეს არ ანაღვლებს არც ოპოზიციას. მოკლედ, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული უამრავი ადამიანის კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული არ არის.

ეს კარგად გამოაჩინა რუსული ტურისტული ბაზრის გადაკეტვამ. მოკლედ, ხაზარაძეს შეუძლია, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად, პოტენციურ მხარდამჭერად სწორედ ეს სეგმენტი გაიხადოს. ჩვენ ყოველთვის გვეყოლება რუსეთი მეზობლად, ამიტომ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკა.

გარდა ამისა, მისი სეგმენტია წარმატებული სტარტაპერები, ვისაც ის და მისი ბანკი აფინანსებდნენ. იდეოლოგია, რომელსაც ის შესთავაზებს საზოგადოებას, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდობაზე იქნება მორგებული. ამ ერთმანეთის ჩაძირვის, ბოღმის, შურის, შავი პიარის საყოველთაო ფონზე ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება პოზიტივზე აქცენტირებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას საკუთარ რესურსს დაანახებს და ხაზრაძემ სწორედ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. დევიზი "წარმატება საქართველოსთვის" კარგად მოერგება მის მოძრაობას. ამასთანავე, ხაზარაძეს უამრავი გამოწვევა ელოდება, შავი პიარით დაწყებული, რაც მის საბანკო საქმიანობაზე იქნება მიბმული, გაგრძელებული იმით, რომ მის ჩამოყალიბებულ ძალაში სამი კაციდან ორი ხელისუფლების შეგზავნილი იქნება და ისინი შეეცდებიან ამ ძალის შიგნიდან გამოხვრას.

- თუ გავითვალისწინებთ ხაზარაძის ფართო კავშირებს დასავლურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წრეებთან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას გარედანაც ექნება მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა. აშშ-ის განცხადებაც სწორედ ამას მოწმობს. სხვათა შორის, ქვეყანაში იმგვარი ძალის გამოჩენა, რომელიც ხელისუფლების სტაბილურ გადაცემას, ან არსებულ სახელისუფლებო ძალასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებს მომავალი სამთავრობო კოალიციის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მკაფიოდ მიანიშნებს, რომ აქ რევოლუცია და არეულობა არც აშშ-ს და არც ევროპას არ სურს.

ერთიცაა - ხაზარაძეს მოუწევს იმგვარ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე შესვლა, სადაც მისი კონკურენტი არა მხოლოდ "ქართული ოაცნება", არამედ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონლაური მოძრაობაც" იქნებიან. მათ პირველად რვა წლის განმავლობაში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში რეალური კონკურენტი გამოუჩნდათ. ამასთან, სააკაშვილს ხაზარაძის გასანეიტრალებლად სულაც არ სჭირდება მასთან ბრძოლა, ამისთვის საკმარისი იქნება, რამენაირად ხაზარაძის მასთან ასოცირება მოხერხდეს და ხაზარაძე თავის პროექტად წარმოაჩინოს.

და კიდევ - თუ "ქართულ ოცნებას" შერჩა თვითგადარჩენის ინსტინქტი, უნდა ესმოდეს, რომ ხაზარაძისგან მას რევანში არ ემუქრება, ამიტომაც ურჩევნია, ის არ გაიხადოს მთავარ სამიზნედ.

კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც ბოლო დროს, ასე ვთქვათ, მოსვენებას უკარგავს "ოცნებას" და ამ აფექტურ ნაბიჯებს ადგმევინებს, ირაკლი ოქრუაშვილია. ის დაახლოებით ბოლო ათი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ქმნიდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. მისი დაკავება დაემთხვა "რუსთავი 2"-ის მფლობელობის საკითხზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე პროცესს, როდესაც ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ხელმოწერის ექსპერტიზისთვის ნიმუში დატოვა. ბუნებრივია, რომ ეს დაკავება მიება "რუსთავი 2"-ის საქმეს, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ დოკუმენტზე, რომლითაც ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი 2" მისია, ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია.

ბოლო დღეების ქმედებებით, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება" სარკისებურად ირეკლავს "ნაციონალების" 2012 წლის წინასაარჩევნო შეცდომებს - მათ დაიწყეს ფიქრი, რომ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებით შეძლებენ 2020 წლის არჩევნების მოგებას. პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა - ეს არ არის გზა, რომელიც "ოცნებას" გამარჯვებამდე მიიყვანს, ეს არის გზა, რომელიც "ოცნებას" კიდევ უფრო ღრმად ჩაითრევს პრობლემებში.

ამგვარი ქცევით და "ნაციონალური მოძრაობის" "შპარგალკით" მოქმედებით ის, უპირველესად, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ზის. შეიძლება რაღაც ნაფოტები ოპოზიცასაც მოხვდეს, მაგრამ ძირითადად, თვითონ დაზარალდება.

"ოცნება" აფექტის მდგომარეობიდან თუ არ გამოვიდა, უფრო მეტ შეცდომას უნდა ველოდოთ.

თუ ხაზარაძე უახლოეს დღეებში უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა და პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაც დაიწყო, არ გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნების" დღის წერიგში რეალურად დადგეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ვფიქრობ, მის მოკავშირედ ამ საქმეში იქცევა "ნაციონალური მოძრაობა"

და ისინი ერთმანეთს ისევ მაშველ რგოლად გამოადგებიან. ამიტომაც დღეს ძალიან დიდი როლი ენიჭება ოპოზიციას, რომ როგორმე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020-ში დროულად დაკანონდეს.

რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" წარმატებისთვის?! ის, რის გაკეთებასაც, ვფიქრობ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს: მან მთლიანად პოზიტივზე უნდა ააგოს საკუთარი კამპანია და საქმიანობა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ პარტიის შიგნითაც პრობლემები აქვთ. 20-21 ივნისის მოვლენებამდე ყველაზე რეიტინგული ფიგურა გიორგი გახარია, ფაქტობრივად, რეტინგის გარეშე დარჩა და დარწმუნებული ვარ, მისი გავლენა პარტიის შიგნითაც შესუსტდა. ირაკლი ღარიბაშვილს კი, რომელსაც მომხრეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს პარტიის შიგნითაც და ელექტორატშიც, აშკარაა, რომ გასაქანს არ აძლევენ. რჩება კალაძე, თუმცა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის.

არადა, კალაძეს აქვს პოზიტიური რეიტინგი და ახალგაზრდობის ნაწილის მხარდაჭერა, დინამიკურია და ქალაქში განვითარება თვალსაჩინოა. რეალურად მას და ხაზარაძეს დიდწილად ერთი ტიპის ელექტორატი ეყოლებათ. შეიძლება ითქვას, რომ კალაძეს, იმიჯის თუ ფინანსების გათვალისწინებით, ხაზარაძეზე ნაკლები რესურსი არა აქვს. ვნახოთ, აღიარებს თუ არა მას "ოცნება" 2020-ის წინ ლიდერად.

ნათია დოლიძე