"რუსთავი 2"-ის გაყიდვისას ეროსის ერთი თეთრიც არ მიუღია" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის გაყიდვისას ეროსის ერთი თეთრიც არ მიუღია"

"ეროსის არ ჰქონია ბადრისთვის "რუსთავი 2"-ის წილის მიყიდვის სურვილი. ამის რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, ოქრუაშვილი წარმოადგენდა"

"ეს იყო ძალზე წინააღმდეგობრივი და ბევრ პირს შორის მიმდინარე რთული პროცესი და ვინ სად რა გადაიხადა, ვინ რა როლი ითამაშა, ვინ ვის რა მიჰყიდა და ვინ ვის რა გადაწყვეტილება მიაღებინა, დიდი კვლევა და გამოძიება სჭირდება. ობივატელის გადასახედიდან არ უარვყოფ, რომ ამ სიტუაციაში თუკი ლაპარაკი შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ლეგიტიმური უფლება აქვთ ტელეკომპანიაზე, ვფიქრობ, ეროსი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასაც ექნებოდა პრეტენზიის საფუძველი," - ამბობს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი:

- 1994 წლის გაზაფხულზე სამმა თანამოაზრემ რუსთავში დააფუძნა კომპანია "რუსთავი 2". თავდაპირველად წილები თანაბრად იყო გადანაწილებული და ასე გრძელდებოდა 2001 წლამდე, სანამ სამივე კომპანიონმა ცოტ-ცოტა არ მოიკლო და "რუსთავი 2"-ის 10%-ის მფლობელი მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნიკა ტაბატაძე არ გახდა. რევოლუციის წინა პერიოდში, ნინო, მიშა, ზურა და ეროსი თანამოაზრეები იყვნენ და გვერდიგვერდ იდგნენ იმ პროცესებში, რამაც რევოლუცია მოიტანა. შემდგომში მათ შორის გაუგებრობა წარმოიშვა და ეროსიც პოლიტიკურ პროცესებს გაერიდა, ამერიკაში წავიდა. მგონი, ეროსიმ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში კონტრილეთები წამგებიანი იქნებოდა. გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული იყო. ხელისუფლებას გამარჯვებაში დაეხმარა და შესაძლოა თავის მოსინჯვაც უნდოდა. როგორც მენეჯერს ჰქონდა პრეტენზია ჩამჯდარიყო იმ ნავში, რომელიც მან შეაცურა ზღვაში, სამეულმა კი მოიშორა.

- შტატებში წასვლას წინ უძღოდა ტელეკომპანიის გასხვისება. ოქრუაშვილის ვერსიით, ბადრი პატარკაციშვილის "ნიუსკორპმა" ეროსის 800.000 დოლარი მისცა და მისი წილი უნდა ეყიდა. სულზე მივუსწარით, რომ არ გაესხვისებინა და ეროსის ჩვენ გადავუხადეთო.

- ეროსის ჩემთან ამ საკითხზე არ ულაპარაკია. ის ფიქრობდა, როგორი იქნებოდა "რუსთავი 2" რევოლუციის შემდეგ, ჰქონდა მოდელი, კომპანიონებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ჰქონდა საუბარი. პარალელურად ახალ ბიზნესპროექტებზე ფიქრობდა (როგორც თავის დროზე ჯარჯისა და დათოსთან ერთად "ჯორჯიან ონლაინი" და გაზეთი "24 საათი" დააარსა). ამ დროს ვიგებთ, რომ ტელევიზიის ბედი სხვაგვარად წარიმართა.

- არის ვერსია, რომ ეროსის "რუსთავი 2"-ში 8 მილიონი გადაუხადეს. - ეროსისა და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის "რუსთავი 2", როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია.

"რუსთავი 2"-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო.

- როცა დვალმა და აქიმიძემ "ჯორჯიან ონლაინი" გაყიდეს, როგორც ოქრუაშვილმა თქვა, ეროსი "გადააგდეს" და უწილოდ დატოვეს, რადგან ნაწყენი იყვნენ, რამდენიმე მილიონით მეტი გადაუხადეს კიწმარიშვილსო. - ეროსის დვალსა და აქიმიძესთან არც ერთ კომპანიაში უკმაყოფილება არ ჰქონია. ცოტა სხვა რაღაცები აწუხებდა. მაგალითად, ის, რომ მათთან ურთიერთობა მოიშალა და ფიქრობდა, რომ ჩატეხილი ხიდი საერთო საქმეს აზიანებდა. როგორც მახსოვს, სამეულმა ეს საკითხი დაარეგულირა და მომჩივანი არავინ იყო. ასევე ვადასტურებ, რომ დვალსა და აქიმიძეს წილები დაათმობინეს. თითოეულს 600.000 გადაუხადეს. და კიდევ, ეროსის არ ჰქონია ბადრისთვის "რუსთავი 2"-ის წილის მიყიდვის სურვილი. ამის რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, ოქრუაშვილი წარმოადგენდა.

- ეროსის ოჯახიც აპირებდა პროკურატურაში ჩივილს წილის მოთხოვნის შესახებ? - თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია "რუსთავი 2"-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული.

- როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის ხელში? ოქრუაშვილის თქმით, თვითონ არის 100%-იანი წილის მფლობელი და არა ნომინალური მესაკუთრე ხალვაში. - რაც საყოველთაოდ არის ცნობილი, მეც ის ვიცი - რომ ხალვაში დვალსა და აქიმიძეს არ იცნობდა და მათ შორის გარიგება ერთ დღეში დაიდო. ახლახან ოქრუაშვილმა გაახმაურა, რომ საქმეში მთავრობა ჩაერია და მოლაპარაკებაც იყო.

- ოქრუაშვილმა თქვა, ეროსიმ დანარჩენ დამფუძნებლებთან ერთად წილების სანაცვლოდ ორგვერდიანი მოთხოვნები ჩამომიწერაო. - არსებობდნენ პირები, რომლებიც საფრთხეს ხედავდნენ ეროსიში და მასზე შავი პიარი უნდა აეგორებინათ. იმ პერიოდში გამოსული თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთი თავს ვალდებულად თვლიდა ცუდი დაეწერა ეროსიზე. იასაც გადასწვდნენ. საყოველთაო ზიზღს თესავდნენ. ვფიქრობ, ამისი ნაწილია ის "ორგვერდიანი სიაც". ისეთ ჭორებს უგორებდნენ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს მორალურად გაანადგურებდა, მაგრამ ეროსი ძალიან ძლიერი იყო. ოქრუაშვილი რაღაცებს კი ამბობს, მაგრამ რაღაცები არ ლაგდება. შეიძლება ისიც მონაწილეობდა პროცესებში, მაგრამ რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ზუსტად და მიუკერძოებლად ჰყვება ყველაფერს?

- "რუსთავი 2"-ის საქმეს ეროსის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდით. ხომ არ გაგიმყარდათ ეჭვი, რომ მართლაც ასეა? - ამ ვერსიას ყოველთვის განვიხილავდი. "რუსთავი 2"-ის გარშემო მსგავსი მოვლენები მაშინაც მიმდინარეობდა, ახლა მხოლოდ რაღაც ეტაპი დასრულდა... რთული დროება უდგას ტელეკომპანიას, რომელიც აქამდე მხრებით მოვიტანეთ და ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია, რომ შესაძლოა გაკოტრდეს ან შეწყვიტოს არსებობა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2" იყოს კრიტიკული და კარგი გაგებით, ჩასაფრებულიც.

- და მაინც, ისევ დღის წესრიგშია კითხვა, ვისია "რუსთავი 2"? - დროთა განმავლობაში გამოჩნდება, ვისია ტელეკომპანია. თუ ლაპარაკია ნომინალურ წილებზე, დამეთანხმებით, რომ დავებს კარგი არაფერი მოუტანია - ეს იყო უბედურებისა და ბევრი ნეგატივის საფუძველი. ყველაზე კარგი იქნება, "რუსთავი 2" ხალხის იყოს. იმედია, ხელშეუხებლობის სიტყვა შესრულდება და ვერავინ გაბედავს პროფესიონალების მართვას. შესაძლოა იყოს მოვლენების ორი განვითარება: –პესიმისტური - არხი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა ან შესაძლოა საერთოდ აღარ იყოს; და ოპტიმისტური - განაგრძოს მუშაობა ახლანდელი სახით. ახლა ბრძოლა კი არა, პარტნიორობა, ნდობის გაღვიძება და მიცემული პირობების დაცვა გვმართებს. ჯანსაღი კრიტიკის ტელევიზია აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში და ამ ნიშას "რუსთავი 2"-ზე კარგად ვერავინ დაიჭერს.