აკაკი ზოიძე: "ოქრუაშვილის თვითაღიარება კარგი­ ისტორიული ანგარიშია" - კვირის პალიტრა

აკაკი ზოიძე: "ოქრუაშვილის თვითაღიარება კარგი­ ისტორიული ანგარიშია"

"პოლიტიკური დატვირთვა საქართველოში ყველაფერს აქვს, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ისეთ პროექტებზე, რომლებთანაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ასოცირდებიან"

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამჯერად ბორკილები თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაადეს. ნიკა მელიას მსგავსად, თადუმაძის უწყება მასაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებს. თუმცა ოქრუაშვილამდე პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვისაც მოიცალა და მათ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა. ამ ფაქტს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა და იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ დაემუქრება. რას პასუხობს სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ხელისუფლება და რას ფიქრობენ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე, "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს ესაუბრა.

- ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს, სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს, რათა რეპუტაციული ზიანი არ მიადგეთ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და იმ პროექტებს, რომლებთანაც ისინი არიან დაკავშირებული. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს პრევენციისთვის - ანაკლიის პორტისა და "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობები დატოვეს. ვიმეორებ - ეს პროცესი დროულად უნდა დასრულდეს, რადგან არა მგონია, პოლიტიკური დატვირთვა ამ პროექტების განვითარებას ხელს უწყობდეს.

- თქვენ პირადად თუ ხედავთ ამ ყველაფერში პოლიტიკურ კონტექსტს?

- პოლიტიკური დატვირთვა საქართველოში ყველაფერს აქვს, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ისეთ პროექტებზე, რომლებთანაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ასოცირდებიან.

- თქვენ ამ საქმეზე რა კითხვები გაქვთ? - კითხვები აქვს სასამართლოს, პროკურატურასა და პასუხებიც ამომწურავად უნდა გაეცეს. სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა არ ჰქონია. ვიმეორებ, უპასუხოდ არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს.

- ხაზარაძისა და ჯაფარაძის საქმეზე შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის საელჩო... - ვიზიარებ შეშფოთებას და სწორედ იგივე პათოსია ჩემი ნათქვამი, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ეს საქმე, გამჭვირვალედ ჩატარდეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მათ შორის ჩვენი მხარდაჭერა.

- "ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. - რაც ზევით მოგახსენეთ, ეს არის.

- ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე არ ასხამს წყალს? - რუსეთთან საერთოდ კავშირში არ არის.

- მაგრამ რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. - რუსეთი საზოგადოდ საქართველოს განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის.

- ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და პროკურატურა არაფერს ამბობს მის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, თუნდაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ, რითაც მან პრაქტიკულად აღიარა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა იყო? - ოქრუაშვილის თვითაღიარება კარგი ისტორიული ანგარიშია, რას აკეთებდა ის დანაშაულებრივი სისტემა, რომლის ერთ-ერთი მაღალი დონის წარმომადგენელი თავად იყო. რატომ გგონიათ, რომ პროკურატურა დუმს? ოქრუაშვილი დაკავებულია და მასთან ბევრი კითხვა აქვთ.

ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა პარლამენტის შენობის წინ, მოწოდებები და ქმედებები, ხოლო ეს რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ პირს ბრალი წაუყენო, სასამართლო გადაწყვეტს. ალბათ, სხვა ფაქტორებიც იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე დღესვე დააკავებდნენ.

- რატომ ვერ ახერხებს პროკურატურა გახმაურებული საქმეების გამოძიებას? - რთულია ამ საქმეების გამოძიება. მთელი სისტემა ფარავდა დანაშაულს და ისე ალაგებდა, რომ თავი და ბოლო ვერ გეპოვა.

- დაზარალებულები ლაპარაკობენ ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობაზე. მაგალითად, დვალის თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე 2015 წელს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო უწყებას წინ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. - არა მგონია, ასე იყოს. თუ საქმის გამოძიება დასრულებულია, სასამართლოს უნდა გადაეცეს.