გიგა ბოკერია: "სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი, უტიფრობის მწვერვალია" - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერია: "სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი, უტიფრობის მწვერვალია"

იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა და რას უკავშირებს ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას ვესაუბრეთ:

- მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ამოქექეს 15 წლის წინანდელი რომელიღაც ტრანზაქცია და მერე ტროლების მანქანის საშუალებით დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება - თითქოს საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან. ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის ნაბიჯებიც და ახლა უკვე ბრალის წაყენებაც. ოლიგარქი გამოდის, აკეთებს განცხადებებს და შემდეგ მის დავალებებს მთავრობა ასრულებს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, ამ ტიპის მოქმედებები პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის გაჭირვებაზე.

- რა ბედი ეწევა ანაკლიის პორტს?

- არ ვიცი, მაგრამ ამ პროექტს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს.

- ოქრუაშვილმა დაკავებამდე პრაქტიკულად აღიარა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ბიზნესს ავიწროებდნენ. თქვენ მაშინ ხელისუფლებაში იყავით, ეს ფაქტები თუ იყო თქვენთვის ცნობილი? - ოქრუაშვილმა ბოლო პერიოდში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი რამ თქვა, შემდეგ კი უარყო, ამიტომ გამიჭირდება მტყუან-მართლის ამორჩევა.

- სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ელოდებით დაპატიმრების სერიას? - ჩვენ გავაკეთეთ ვიდეოკოლაჟი, სადაც სხვადასხვა აქციის დროს "ქართული ოცნების" აქტივისტების პოლიციელებზე ძალადობის ამსახველი ფაქტებია ასახული, მაგრამ ამის გამო არავინ დაუკავებიათ. ამ კოლაჟის უდიდესი ნაწილი მოიცავს იმ შემთხვევებს, სადაც პოლიციელებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ ან მაშინდელი "ქართული ოცნების" აქტივის წარმომადგენლები, ან მათი სატელიტი პროპუტინური ძალები - "ქართული მარში", ვასაძის ჯგუფი ან სხვა მოქალაქეები. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რამხელა განსხვავებაა იმ გარემოებებს შორის, რომელთა გამოც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი და სხვა პირები დააკავეს, უმძიმესი მუხლი წარუდგინეს, და იმ სხვა უამრავ შემთხვევას შორის, რომლებიც ყველას გვინახავს - პირდაპირი ძალადობა პოლიციელებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუკი ვინმე დააკავეს, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, ერთი ან, მაქსიმუმ, ორი დღით. უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გამოუყენებიათ სანქცია, როცა სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარა იყო. ამიტომ ვამბობთ, რომ ოქრუაშვილის დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მაგალითი.

- ანუ ხელისუფლებამ ოპოზიციის რეპრესირება დაიწყო? - ივანიშვილის რეჟიმმა საზოგადოებრივი აზრის სახით ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო, მით უმეტეს, გავრილოვის ღამის შემდეგ და ახლა რეაბილიტაციას ცდილობს.

შემდეგ არჩევნებში "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, განწირულია, ამიტომ ცდილობს ძალის დემონსტრირებას, რითაც აზიანებს ქვეყნის დემოკრატიას. ამგვარი ქმედებები მას ვერ გადაარჩენს და შემდეგ არჩევნებზე მოუწევს წასვლა.

- ვიდეოფირი, რომელიც შსს-მ წარმოადგინა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრას? - რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ პოლიციელებზე თავდასხმაზე რომ იყოს ლაპარაკი, კიდევ გავიგებდი, მაგრამ როცა სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი, ეს უტიფრობის მწვერვალია. შევხედოთ პოლიტიკურ კონტექსტს - გახარია არ გადაუყენებიათ, არადა, მოხდა უმძიმესი დარბევა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის რეპრესირება დაიწყო. ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო - პოლიციაზე ძალადობა დაუშვებელია. ამიტომაც ვცდილობდით აქციაზე, ამისთვის ხელი შეგვეშალა.

- სხვათა შორის, ანალოგიურ ბრალდებებს გიყენებდათ ოპოზიცია, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში. - 7 ნოემბრიდან 12 წელი გავიდა. ახლა ვლაპარაკობთ კომუნისტი გავრილოვის ვიზიტის გამო მშვიდობიანი აქციის დაშლაზე. რამდენიმე კაცის გამო მთელი აქცია დაარბიეს, თანაც თვითონ მოახდინეს ამის პროვოცირება. ამიტომაც 12 წლის წინანდელ დანაშაულზე აპელირება კატასტროფულია. სხვათა შორის, ასევე წინააღმდეგი ვარ, რომ ახლანდელი ხელისუფლების ფონზე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები გავამართლოთ. ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც არც ორგანიზებულ დანაშაულს და არც კორუფციას არ ებრძვის, ვერ განვითარდება, და თავი იმით იმართლოს, 12 წლის წინ წინა ხელისუფლება ცუდად იქცეოდაო, აბსურდია.

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ევროპული საქართველო" დაშლის ზღვარზეა. - პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ გუნდი ერთიანია.

- ამბობენ, რომ თქვენი მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს ჩამოშორდა. - "ნაციონალური მოძრაობა" რატომ არ არის აქციებში აქტიურად ჩართული, ვერ გეტყვით. ეს აქცია აპოლიტიკურია, უბრალოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ჯგუფს და მის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ ვართ აქციაზე და ზოგჯერ სიტყვითაც გამოვდივართ, ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ.