"გარანტია მეც არა მაქვს - ხვალ თუ მოინდომა არხის ხელმძღვანელმა, შეუძლია გამათავისუფლოს" - კვირის პალიტრა

"გარანტია მეც არა მაქვს - ხვალ თუ მოინდომა არხის ხელმძღვანელმა, შეუძლია გამათავისუფლოს"

შეძლებს თუ არა ქიბარ ხალვაში ტელევიზიაში გვარამიას კადრების შენარჩუნებას, "კვირის პალიტრა" არხის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ესაუბრა:

- ჟურნალისტებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ, რომ მათ საქმიანობაში ვინმე ერევა. ტელევიზიას არაფერი ეტყობა, რომ ხელმძღვანელობა შეიცვალა. ტელევიზია ძალიან ბევრი ვალით დაგვხვდა. თუმცა უკვე გადავუხადეთ და მომდევნო კვირაშიც გავაგრძელებთ ხელფასების გაცემას.

- დაცვის თანამშრომლებმა რატომ დატოვეს ტელეკომპანია?

- ისინი შვებულებაში არიან.

- რამდენია შვებულებაში გასული?

- სახელებიც და გვარებიც ხომ არ გითხრათ? ისედაც მეტს ვლაპარაკობ შიდა საქმეებზე. არის საკითხები, რომელსაც არც სარედაქციო დამოუკიდებლობასთან აქვს კავშირი და არც არავის აინტერესებს.

- ქიბარ ხალვაში როდის აპირებს ტელევიზიაში მისვლას? - როცა დააპირებს, გაგაგებინებთ.

- ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა. - ეს ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებაა.

- როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებთ "რუსთავი 2"-ის გუნდს? - იმედია, შევინარჩუნებთ გუნდს, რომელიც არხის ერთგულია.

- ისინი სიტყვის თავისუფლების გარანტად სწორედ გვარამიას მიიჩნევდნენ. - თუ ვინმეს მასთან თანამშრომლობა ურჩევნია, ეს მისი გადასაწყვეტია.

- ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკის შეუცვლელობის გარანტიები ვერ მიიღეს. ხალვაში მათ არც ერთ წინადადებას არ დათანხმდა, მათ შორის ბორდის ჩამოყალიბებაზე და მხოლოდ სიტყვაზე ნდობას ითხოვს. - გარანტიაა ის, რომ მათ საქმეში არავინ ერევა. ქაღალდზე დაწერილი გარანტია თუ ბორდის სახით შექმნილი ორგანო შეიძლება შემაფერხებელიც იყოს განვითარებისთვის. გარანტია მეც არა მაქვს - ხვალ თუ მოინდომა არხის ხელმძღვანელმა, შეუძლია გამათავისუფლოს.

- რა ბედი ეწევა არხს, თუ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა ტელეკომპანია? - შეუცვლელები არ არსებობენ.