"რუსეთი აწყობს პროვოკაციას და მერე აკვირდება, ვინ როგორ იქცევა მისთვის "სასარგებლო იდიოტად" - სად მოგვაყენებს ახალ ჰიბრიდულ დარტყმებს პუტინი?! - კვირის პალიტრა

"რუსეთი აწყობს პროვოკაციას და მერე აკვირდება, ვინ როგორ იქცევა მისთვის "სასარგებლო იდიოტად" - სად მოგვაყენებს ახალ ჰიბრიდულ დარტყმებს პუტინი?!

"იმხელა ნაპრალია ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, რომ უმარტივესია, ის შეავსოს სხვამ და ამას ვინ შეეცდება, თუ არა რუსეთი?"

"ჰიბრიდული ომის ფარგლებში უცხო სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს, იმიჯის შელახვას და სხვა", - ამონარიდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში 2018 წლის საანგარიშო გამოსვლიდან.

მართალია, მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მომდინარეობდა ეს საფრთხეები, მაგრამ ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, აშკარაა, რომელი სახელმწიფოდან უბერავს ყველაზე ძლიერად"ჰიბრიდული ომის ქარი... "კვირის პალიტრის" გასულ, 30-ე ნომერში ვეცადეთ გაგვეანალიზებინა ყველა ის ბერკეტი, რომლებიც ბოლო თვეებში კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ამჯერად ისტორიკოს გრიგოლ გეგელიასთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ, რა მიმართულებით შეიძლება მოამზადოს რუსეთმა ახალი"ჰიბრიდული დარტყმები საქართველოში.

- რუსეთი ყველგან ცდილობს დესტაბილიზაციის გამოწვევას. საქართველო და უკრაინა ამის თვალსაჩინო მაგალითებია, თუმცა არსებობს სხვა მაგალითებიც, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, ბალკანეთში, ბოლოს და ბოლოს, აშშ-შიც სცადა რუსეთმა არჩევნებში ჩართვა და ზოგიერთი ვერსიით, ეს მოახერხა კიდეც.

რუსეთის ახალი ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობს ყველა ტიპის პროტესტი, რომლებიც მისი ინტერესის ქვეყნებში წარმოიშვება, გამოიყენოს. სახელდობრ, რა სახის პროტესტი იქნება, არ აინტერესებს, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, შენ მემარჯვენე ხარ, მემარცხენე თუ უშუალოდ მის მიმართ გაქვს პროტესტი... იმას არ ვამბობ, რომ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია არ უნდა გვქონდეს და პროტესტი არ უნდა გამოვთქვათ, უნდა ვიცოდეთ, რუსეთმა ეს როგორ შეიძლება გამოიყენოს, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ.

რა არის ის დისკურსი, რომლითაც რუსეთი აქ მუშაობს? - რომ დასავლეთი გარყვნილი და გადაგვარებულია, თურმე ჰომოსექსუალიზმს ქადაგებს, რაც ტოტალური ტყუილია, მაგრამ რაკი ჩვენი საზოგადოების ნაწილში არსებობს ამის შიში, ამგვარ გზავნილებად თარგმნის - რომ დასავლეთთან ინტეგრირებით წაგვერთმევა ზნეობა, დავკარგავთ ტრადიციებს და ა.შ. გრიგოლ გეგელია

რაც შეეხება იმას, თუ რისი მიღწევა სურს, ჯერაც ვერ შედგა კონსენსუსი. იმ მეცნიერების უმეტესობა, რომლებიც ამ ფენომენს იკვლევენ, ფიქრობს, რომ რუსეთს რომელიმე ერთი მიზნის მიღწევა კი არ უნდა, არამედ ტოტალური ქაოსი სურს.

საბჭოთა კავშირის პროპაგანდა ასეთ ფორმულაზე იდგა - "მე ვარ საუკეთესო"... დღეს რუსული პროპაგანდა ამას აღარ ამბობს. შეიძლება იმიტომ, რომ ყველამ იცის, ის რაც არის, ამიტომაც

რუსეთის პროპაგანდამ შეიცვალა კურსი და დღეს ყველას ეუბნება: რუსეთი კი არ არის კარგი, მაგრამ ნახე, რა ცუდია შენი ხელისუფლება, ნატო, ევროკავშირიო და ა.შ. ცდილობს საზოგადოება აუმხედროს ხელისუფლებას, მოშალოს დემოკრატიული წესრიგი და ქაოსი შექმნას...

ხშირად ქაოსის შექმნის მცდელობა მოკლევადიან პერსპექტივაში ფუნდამენტურ მიზანს შეიძლება არც ემსახურებოდეს, მთავარია, გაჩნდეს არეულობის კერა, რომელსაც ისე გამოიყენებს, როგორც დასჭირდება.

სადაც ხელი მიუწვდება, რუსეთი თავისუფალ დემოკრატიულ დღის წესრიგს ყველგან ემტერება. მისი მიზანია, ყველგან მივიღოთ მინიპუტინები, რომლებიც არ ცნობენ სოციალურ სოლიდარობას, დემოკრატიას, თავისუფლებას და ა.შ., გეოპოლიტიკურად კი მისი მიზანია ტერიტორიების მიტაცება.

- რომელ მიმართულებაზეა მოსალოდნელი ახალი ჰიბრიდული შემოტევა?

- უპირველესად გაუმართავ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს მშვიდად და ცივილიზებულად და არა ერთმანეთის ცემა-ტყეპით, რადგან ძალიან დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ამ სივრცეში ადვილად შემოძვრეს. მან ყველაზე კარგად იცის, როგორ გმართოს ქაოსის დროს, მით უფრო, ქართველი საზოგადოება უკიდურესად კარგად ჰყავს შესწავლილი.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არსებობდა კე-გე-ბეს სახელმძღვანელო, რომელშიც ქართველები გაანალიზებული იყვნენ როგორც ზოგადად, ასევე კუთხეების მიხედვით. ნაბიჯ-ნაბიჯ იყო შესწავლილი ამა თუ იმ მოვლენაზე კახელს, მეგრელს, სვანს და ა.შ., როგორი რეაქცია ექნება. დღეს უკვე ისიც კარგად იციან, რომელი პარტია რას იზამს ამა თუ იმ ვითარებაში.

შეიძლება ესა თუ ის ძალა არც იყოს რუსეთთან პირდაპირ შეკრული, მაგრამ რადგან კრემლი იცნობს მათ ფსიქოლოგიას, იოლად აქცევს, უშიშროების ენაზე რომ ვთქვათ,"სასარგებლო იდიოტებად" და ისე გამოიყენებს, ვერც მიხვდებიან, რომ რუსული ოპერაციის შემადგენელი ნაწილი არიან. რუსეთი აწყობს პროვოკაციას, რასაც დეზინფორმაციის მანქანით ამყარებს და მერე აკვირდება, ვინ როგორ იქცევა მისი სქემის ნაწილად. მან მშვენივრად იცის, კრიზისის დროს "ნაცმოძრაობა" რას გააკეთებს, ან რას იზამს""ქართული ოცნება"... გარდა ამისა, კრემლს ჰყავს საქართველოში პირდაპირ მართული პოლიტიკური პარტიები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები თუ მედიასაშუალებები, რომელთაც აფინანსებს.

კიდევ ერთი მიმართულებაა რეგიონული პრობლემების შექმნა. ის ცდილობს გაამწვავოს საქართველოს პრობლემები მეზობლებთან. ამის მაგალითია აზერბაიჯანთან ბოლოდროინდელი სადავო საკითხები და ვფიქრობ, პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

კიდევ ერთი მიმართულებაა სეპარატიზმის გაღვივება, რაც, სამწუხაროდ, გამოუვიდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთში. დღევანდელი მდგომარეობით სერიოზული საფრთხე არ ჩანს, მაგრამ რუსეთი ამაზე მუშაობს და სადაც კი საშუალება მიეცემა, შეეცდება ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას. ეს უკვე სცადა პანკისში ჩვენი ხელისუფლების დაუფიქრებლობის წყალობით, რაც, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.

ახლა, როდესაც გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, დაისვა საკითხი, ხომ არ წარმოშობს ეს სისტემა ეთნიცისტური და რეგიონული პარტიების საშიშროებას. შესაძლოა რუსეთმა ამ მხრივ მართლაც სცადოს პროცესების პროვოცირება, თუმცა ამის საშუალება მას კანონმა არ უნდა მისცეს! მნიშვნელოვანია, რამდენად აანალიზებს სახელმწიფო ამ საფრთხეებს და როგორ ახდენს პრევენციას.

ხელისუფლებას სჭირდება სწორი პოლიტიკა რეგიონებში, არა მხოლოდ იქ, სადაც ეთნიკური მრავალფეროვნებაა, არამედ ყველგან. უმნიშვნელოვანესია ე.წ. მემარცხენე ეკონომიკა. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს სახელმწიფო მისია და მას მფარველობს.

ეკონომიკური მხარე არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც შეიძლება ქაოსისთვის გამოიყენოს რუსეთმა. ხომ ვნახეთ, ეკონომიკური სანქციების მუქარით როგორ მოახერხა ქვეყანაში აფექტური განწყობის წარმოქმნა. დარწმუნებული ვარ, კვლავაც შეეცდება კრიზისის პროვოცირებას, მით უმეტეს, ჩვენი სუსტი ეკონომიკის გამო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც კატასტროფაა.

კიდევ ერთი პრობლემა: ბოლო კვლევებით, ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 55% ფიქრობს, რომ არც ერთი პარტია მის პოლიტიკურ ინტერესს არ ემსახურება, ანუ რა გამოდის, ქართველი ხალხი არის ერთ, პოლიტიკოსები კი მეორე მხარეს? ამას მე ვაფასებ როგორც ეროვნული უშიშროების რისკს. იმხელა ნაპრალია ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, რომ უმარტივესია, ის შეავსოს სხვამ და ამას ვინ შეეცდება, თუ არა რუსეთი? ეს შეიძლება იყოს მის მიერ შემოგდებული პირი პოპულისტური დისკურსით. თუ ამაში დიდძალი ფული ჩადეს, არ ვიცი, რა დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს... ამიტომ ანტირუსულ ისტერიკას შევეშვათ და მასშტაბურად ვიფიქროთ. ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ მოვიდა დრო, საკითხი ასე დავსვათ: რუსეთი ოკუპანტია, მერე რა ვქნათ?! ჩვენ გვჭირდება ეროვნული, კონსოლიდირებული პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხი ამ საფრთხეებზე.

- რა უნდა დაუპირისპიროს სახელმწიფომ ჰიბრიდულ ომს? - სახელმწიფოს აქვს თეორიულად გაცხადებული საწინააღმდეგო პოლიტიკა. სხვადასხვა უწყებაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურები, თუმცა უკვე ამბობენ, რომ ისინი ვერაფერს აკეთებენ. ამაზე ხელაღებით ლაპარაკი არასწორია. უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები. მაგალითად, როგორც ვიცი, ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა პროგრამა, რომელიც კოდური სიტყვების საშუალებით ცდილობს გამოიცნოს ფეიკნიუსები. ამგვარი პროგრამის დანერგვა ჩვენთვისაც კარგი იქნება; მესამე - იმ კერძო პროექტების მეტად დაფინანსებაა საჭირო, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ებრძვის.

და, რა თქმა უნდა, უმთავრესია ხელისუფლების სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან როგორც კრიზისებისას, ასევე სხვა ვითარებაში. თუმცა ჩვენს ხელისუფლებას კრიზისების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უვარგა და არ უვარგოდა მის წინამორბედსაც. გავიხსენებ 2017 წელს ბათუმში მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას, რომლის დროსაც საინფორმაციო ვაკუუმმა, ხელისუფლების სიჩუმემ, ვითარება უკიდურესად გაამწვავა. დაპირისპირება გრძელდებოდა საათების განმავლობაში, ხელისუფლებიდან კი კაცი არ ჩანდა, რომ საზოგადოებისთვის აეხსნა, სად იყო და რას აკეთებდა მთავრობა.

საინფორმაციო ვაკუუმი ქმნის პანიკის საფუძველს, რაც საუკეთესო საშუალებაა მტრის ხელში.

- როგორ გამოვიცნოთ სოციალურ მედიასივრცეში რუსული პროპაგანდის ტროლები? - რამდენიმე ტიპურ მესიჯს გავიხსენებ, ისინი სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილია - ცდილობენ ჩაგვინერგონ განცდა, რომ ჩვენ ვერ ავაშენეთ და ვერც ავაშენებთ სახელმწიფოს. მესიჯები ასეთი შინაარსისაა: "ჩვენ არაფერი გვეშველება, საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა, ვინ მიგვიღებს ნატოში ან ევროკავშირში". ამას კი გასდევს ამგვარი ქვეტექსტი: "ერთადერთი ალტერნატივა რუსეთია, მის გარეშე არაფერი გამოვა".

მეორე და როგორც გითხარით, უკვე გაცვეთილი გზავნილია, რომ დასავლეთი გარყვნილი და გადაგვარებულია, რუსეთი კი ერთმორწმუნე. არის ამ ტიპის გზავნილებიც, მარტო რუსეთი ხომ არ არის ოკუპანტიო და ჩვენს იმ ისტორიულ მეზობლებზე იწყებენ ლაპარაკს, რომლებთანაც სხვადასხვა დროს პრობლემები გვქონია.

რაც შეეხება ერთმორწმუნეობას, სწორედ რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, გაგვიუქმა სუვერენული სახელმწიფო, ემტერებოდა ქართულ ენას და ა.შ.

ტროლების საყვარელი თემაა იმით აპელირება, რომ თურმე რუსეთის ეკლესია კვლავაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად აღიარებს აფხაზეთს, მაგრამ ესეც რუსეთის ხელში საქართველოზე ზეწოლის ბერკეტია.

იხილეთ ასევე: "არ გამოვიდოდა გავრილოვის გეგმა, რუსეთი სხვა სცენარს მოიშველიებდა" - რუსული"კინოს" მძიმე კადრები