"ანაკლიის პროექტი შეიძლება შეჩერდეს" - კვირის პალიტრა

"ანაკლიის პროექტი შეიძლება შეჩერდეს"

"ოქრუაშვილმა იმდენი აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მასთან კითხვები ამაზე უნდა გასჩენოდათ და ყველაზე ნაკლებად იმ საკითხზე, რის გამოც დააკავეს"

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე "კვირის პალიტრას" გია ხუხაშვილი ესაუბრა.

- ხელისუფლება ისეთ დროს იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს, რომ თვითონვე წარმოაჩენს საკუთარ თავს დამნაშავედ. ხაზარაძის საქმეზე პროკურატურისგან საინტერესო არაფერი მოგვისმენია. ფულის გათეთრება ნიშნავს გაურკვეველი წარმომავლობის ფულის ლეგალიზაციას. არსებულ ვითარებაში ამაზე ლაპარაკი სასაცილოა იმიტომ, რომ ეს ბანკის ფული იყო. შესაბამისად, მის გაურკვეველ წარმომავლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ ვიღაცას მოჰპარე და გაათეთრე, უნდა არსებობდეს დაზარალებული, მაგრამ ის არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით, რომელიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ამ მუხლით ბრალდების წაყენება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

- მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს. - ეს გააკეთეს იმისთვის, რათა პროექტი გადაარჩინონ. რა გამოვა, ვნახოთ.

- თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა ანაკლიის პორტს? - შეიძლება შეჩერდეს.

- ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე რას ფიქრობთ? - ოქრუაშვილმა იმდენი აღიარებითი ჩვენება მისცა ამ ბოლო დღეებში, რომ მასთან კითხვები ამაზე უნდა გასჩენოდათ და ყველაზე ნაკლებად იმ საკითხზე, რის გამოც დააკავეს. 20-21 ივნისის აქციის გარდა, პარლამენტის წინ სხვა საყურადღებო ვერაფერი ნახეს? სხვა საკითხებზე კითხვები არ გაუჩნდათ?! მაგრამ საქმე ის არის, რომ პროკურატურას არ აწყობს იმ სკანდალურ საკითხებზე ლაპარაკი, რომლებიც ოქრუაშვილისგან მოვისმინეთ. აქ იკვეთება ხელისუფლების დანაშაულიც. მისი დაპატიმრება ექსპერტიზის ბიუროში ხალვაშის მისვლის მეორე დღეს სხვა კითხვებს აჩენს. ხელისუფლებას გაუჭირდა საზოგადოების დარწმუნება, რომ ოქრუაშვილის დაკავება "რუსთავი 2"-ს არ უკავშირდება. ის აფექტის მდგომარეობაშია და ცდილობს ბოთლიდან გამოსული ჯინი როგორღაც უკან ჩატენოს, აღადგინოს კონტროლი სიტუაციაზე და სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს.

ხელისუფლება ზის ნავში, რომელსაც ძალიან ბევრი ხვრელი აქვს. რომელია ყველაზე დიდი, სად ან როგორ გავარკვიოთ? ფაქტია, თითებით ცდილობენ ნავის ხვრელების დაგმანვას, რომ არ ჩაიძირონ, მაგრამ თითებით შეუძლებელია ამის გაკეთება, ადრე თუ გვიან, ნავი მაინც ჩაიძირება.

- პრობლემების არსს თუ ხვდება ხელისუფლება? - ფაქტია, რომ პრობლემების გამოსწორების ტენდენციებს ვერ ვხედავ. ვითარება უფრო დამძიმებისკენ მიდის. ამიტომ ან ვერ აღიქვამს, ან აღიქვამს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. უფრო ხშირად პრობლემების გამწვავებას უწყობს ხელს, ვიდრე გადაჭრას.

- შეძლებს ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდად მისვლას? - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. მწვავე კრიზისი, რომელმაც შეიძლება რიგგარეშე არჩევნების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს, საზიანო იქნება როგორც პოლიტიკური პროცესისთვის, ასევე სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის.

რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობას ვერ გამოვრიცხავ. უბრალოდ, ვამბობ, რომ არ არის სასურველი.

- თავად ხელისუფლებას ხომ არ სურს რიგგარეშე არჩევნები? - დრო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. რაც უფრო შორს იქნება არჩევნები, მით მეტი პრობლემა შეექმნება. ამ ლოგიკით შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ახლა ესეც ვერ მისცემს ვერაფრის გარანტიას.

- სხვათა შორის, პროპორციული არჩევნების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებები ჯერ არ შესულა. - ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ხელისუფლებას მაჟორიტარობითაც გაუჭირდება არჩევნების მოგება.

ხელისუფლება ძალიან მცოცავ ნიადაგზე დგას - გამოაცხადა, რომ ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ბევრი რამის გამკეთებელია.