თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით!" - კვირის პალიტრა

თემურ ჭყონია: "ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით!"

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ბიზნესმენებზე ზეწოლად და კონკრეტული პროექტების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად შეფასდა. რას ფიქრობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესზე? - ამას შესახებ ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი?

სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. მთელი საქართველო აალაპარაკეს ამაზე.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.

ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური. ხომ შეიძლება ცივილიზებულად გაკეთდეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც გაჩნდა ტრანზაქციით დაინტერესება, უნდა ეთქვა ხელისუფლებას, რომ მასაც არ ეპარება ეჭვი, რომ ასეთი კარგი წარსულის ბიზნესმენები არიან, მაგრამ ისევ მათი სახელის დასაცავად საჭიროა დაზუსტდეს, მოხდა თუ არა კანონდარღვევა".

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად