"დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის" - კვირის პალიტრა

"დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ა.წ. 11 ივნისს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რითაც თითქმის არადიპლომატიური ენით მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის ანაკლიის პორტს, რის შემდეგაც ის გაუგებრობა, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, რომლებიც ასევე ხელმძღვანელობდნენ ანაკლიის პორტის კონსორციუმს, თითქოს დავიწყებას მიეცა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა 24 ივლისს გავრცელებული პროკურატურის განცხადება, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სამართალდამცავები მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა; ასევე აეკრძალათ საქართველოდან წასვლა საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის მამუკა ხაზარაძემ პირველივე განცხადებაში თქვა, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

ამას უკვე მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "ყურადღებით ვაკვირდებით "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით". ისმის კითხვა: რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და სად მიიყვანს ქვეყანას ეს პროცესები? – ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრისთან" საუბრობს, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ხაზარაძე-ჯაფარიძის ოფიციალური ბრალდების მოტივში დაეჭვების გამო სუბიექტურობა რომ არავინ დაგვწამოს, დავიწყებ პირდაპირ ამერიკის საელჩოს განცხადებით. ამ თითქმის სამწინადადებიან ტექსტში სრულიად გასაგებად არის ჩამოყალიბებული ის სამი პოსტულატი, რომელიც აშშ-ის პოზიციას ნათლად წარმოაჩენს. პირველი - განცხადებაში ნათქვამია, შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოებასთან დაკავშირებითო, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებს აეჭვებთ ბრალდება და ამ პროცესში სხვა მოტივებსაც ეძებენ.

მეორე გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიკერძოებლობის აუცილებლობაზე მკვეთრი აქცენტირება. როცა ამას გეუბნებიან, რა თქმა უნდა, გულისხმობენ, რომ შენი სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი არა აქვთ. მესამე კი იყო ანაკლიის პორტის თემა და იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელოვანია ამერიკისთვის პროექტი და რომ ეს ამერიკული ინვესტიციების წყაროა. ამაზე ნათლად ვერ წამომიდგენია, ვინ შეიძლება ჩამოაყალიბოს აზრი. აშშ პირდაპირ ამბობს, რომ ის ხაზარაძეს, ანაკლიის პორტის მომავალსა და ამ პორტში საკუთარ ინტერესებს ერთ მთლიანობად განიხილავს. მისთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული სწორედ ანაკლიისა და ხაზარაძის მომავალი. ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ჩვენ კი არა, აგერ, ამერიკას ეპარება ეჭვი, რომ ამ პროცესის წამოსაწყებად დრო და კონტექსტი შეარჩიეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ოფიციალური ბრალდების მიღმა სხვა ინტერესები იკვეთება".

"თუნდაც განცხადებების დონეზე ჩვენ დაუფარავად ვხედავთ ორი უმსხვილესი მოთამაშის - აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებს ანაკლიის პორტის გარშემო, თანაც გაითვალისწინეთ, ერთია, რაც ხმამაღლა ითქმის და მეორე - რამდენი რამ ხდება ამის მიღმა, რასთან გამკლავებაც საქართველოს ხელისუფლებას უწევს. ხელისუფლება ორმხრივ ზეწოლას განიცდის და ამ პირობებში მის ბოლოდროინდელ აფექტურ ნაბიჯებს გამართლება არა, მაგრამ ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ანუ ის შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს ვერ ხედავს და ერთ ნაბიჯს ერთი მიმართულებით დგამს, სხვას - მეორე მიმართულებით, რათა როგორმე დრო მოიგოს და სიტუაცია გადააგოროს.

ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას ამერიკის პასუხისმგებლობაზე არა საქართველოს (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საკუთარ ინტერესებს დააზიანებს), არამედ თავისივე ინტერესების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შერკინებაში ჩვენ არ გავიჭყლიტოთ, როგორც 2008 წელს მოხდა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დღეს, წესით, უნდა გამოჩნდეს, რა ფასის გადახდა უღირს აშშ-ს საქართველოსთვის..."

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად