"ქართულ ოცნებაში" კალაძის არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" კალაძის არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის"

ვიდრე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ბრალს წარუდგენდნენ, მან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, რაც საზოგადოებამ ბიზნესმენის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლად შეაფასა... რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას მისი პოლიტიკური გააქტიურების შემთხვევაში და რა  ხდება "ქართული ოცნების" სამზარეულოში?

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: - მეტიც - სასამართლოში მიმდინარე პროცესის შემდეგ მამუკა ხაზარაძისგან უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ. მან პირველად თქვა, რომ ის შეცვლის ამ ხელისუფლებას, ამ რეალობას. სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველად გამოიკვეთა რეალურად მესამე პოლიტიკური ძალის კონტურები. ერთია ანაკლიის თემა, მაგრამ რეალურად ხაზარაძე დღეს "ქართული ოცნებისთვის" არის ყველაზე უხერხული კონკურენტი. საზოგადოებას დღეს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის როლს შეასრულებს, რომელიც მას ქვეყნის სტაბილური განვითარების გზას დაანახებს; არა ისეთი სტაბილურობის, რომელსაც დაჭაობებამდე მიჰყავხარ, არამედ სტაბილური განვითარების. სწორედ ამ ნიშის დაკავება უნდა სცადოს ხაზარაძემ თუ რეალურად ეცდება პოლიტიკურ აქტიურობას.

ასევე ხაზარაძის ნიშაა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები, როგორც ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ კარგად დაინახა, რომ ამ ბიზნესის დაცვისა და განვითარების სტრატეგია და ხედვა ხელისუფლებას არ აქვს და ეს არ ანაღვლებს არც ოპოზიციას. მოკლედ, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული უამრავი ადამიანის კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული არ არის.

ეს კარგად გამოაჩინა რუსული ტურისტული ბაზრის გადაკეტვამ. მოკლედ, ხაზარაძეს შეუძლია, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად, პოტენციურ მხარდამჭერად სწორედ ეს სეგმენტი გაიხადოს. ჩვენ ყოველთვის გვეყოლება რუსეთი მეზობლად, ამიტომ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკა.

ხათუნა ლაგაზიძე

გარდა ამისა, მისი სეგმენტია წარმატებული სტარტაპერები, ვისაც ის და მისი ბანკი აფინანსებდნენ. იდეოლოგია, რომელსაც ის შესთავაზებს საზოგადოებას, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდობაზე იქნება მორგებული. ამ ერთმანეთის ჩაძირვის, ბოღმის, შურის, შავი პიარის საყოველთაო ფონზე ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება პოზიტივზე აქცენტირებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას საკუთარ რესურსს დაანახებს და ხაზრაძემ სწორედ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. დევიზი "წარმატება საქართველოსთვის" კარგად მოერგება მის მოძრაობას. ამასთანავე, ხაზარაძეს უამრავი გამოწვევა ელოდება, შავი პიარით დაწყებული, რაც მის საბანკო საქმიანობაზე იქნება მიბმული, გაგრძელებული იმით, რომ მის ჩამოყალიბებულ ძალაში სამი კაციდან ორი ხელისუფლების შეგზავნილი იქნება და ისინი შეეცდებიან ამ ძალის შიგნიდან გამოხვრას.

- თუ გავითვალისწინებთ ხაზარაძის ფართო კავშირებს დასავლურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წრეებთან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას გარედანაც ექნება მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა. აშშ-ის განცხადებაც სწორედ ამას მოწმობს. სხვათა შორის, ქვეყანაში იმგვარი ძალის გამოჩენა, რომელიც ხელისუფლების სტაბილურ გადაცემას, ან არსებულ სახელისუფლებო ძალასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებს მომავალი სამთავრობო კოალიციის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მკაფიოდ მიანიშნებს, რომ აქ რევოლუცია და არეულობა არც აშშ-ს და არც ევროპას არ სურს.

ერთიცაა - ხაზარაძეს მოუწევს იმგვარ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე შესვლა, სადაც მისი კონკურენტი არა მხოლოდ "ქართული ოაცნება", არამედ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონლაური მოძრაობაც" იქნებიან. მათ პირველად რვა წლის განმავლობაში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში რეალური კონკურენტი გამოუჩნდათ. ამასთან, სააკაშვილს ხაზარაძის გასანეიტრალებლად სულაც არ სჭირდება მასთან ბრძოლა, ამისთვის საკმარისი იქნება, რამენაირად ხაზარაძის მასთან ასოცირება მოხერხდეს და ხაზარაძე თავის პროექტად წარმოაჩინოს.

და კიდევ - თუ "ქართულ ოცნებას" შერჩა თვითგადარჩენის ინსტინქტი, უნდა ესმოდეს, რომ ხაზარაძისგან მას რევანში არ ემუქრება, ამიტომაც ურჩევნია, ის არ გაიხადოს მთავარ სამიზნედ.

კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც ბოლო დროს, ასე ვთქვათ, მოსვენებას უკარგავს "ოცნებას" და ამ აფექტურ ნაბიჯებს ადგმევინებს, ირაკლი ოქრუაშვილია. ის დაახლოებით ბოლო ათი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ქმნიდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. მისი დაკავება დაემთხვა "რუსთავი 2"-ის მფლობელობის საკითხზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე პროცესს, როდესაც ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ხელმოწერის ექსპერტიზისთვის ნიმუში დატოვა. ბუნებრივია, რომ ეს დაკავება მიება "რუსთავი 2"-ის საქმეს, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ დოკუმენტზე, რომლითაც ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი 2" მისია, ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია.

ბოლო დღეების ქმედებებით, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება" სარკისებურად ირეკლავს "ნაციონალების" 2012 წლის წინასაარჩევნო შეცდომებს - მათ დაიწყეს ფიქრი, რომ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებით შეძლებენ 2020 წლის არჩევნების მოგებას. პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა - ეს არ არის გზა, რომელიც "ოცნებას" გამარჯვებამდე მიიყვანს, ეს არის გზა, რომელიც "ოცნებას" კიდევ უფრო ღრმად ჩაითრევს პრობლემებში.

ამგვარი ქცევით და "ნაციონალური მოძრაობის" "შპარგალკით" მოქმედებით ის, უპირველესად, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ზის. შეიძლება რაღაც ნაფოტები ოპოზიცასაც მოხვდეს, მაგრამ ძირითადად, თვითონ დაზარალდება.

"ოცნება" აფექტის მდგომარეობიდან თუ არ გამოვიდა, უფრო მეტ შეცდომას უნდა ველოდოთ.

თუ ხაზარაძე უახლოეს დღეებში უფრო მკაფიო პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა და პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაც დაიწყო, არ გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნების" დღის წერიგში რეალურად დადგეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ვფიქრობ, მის მოკავშირედ ამ საქმეში იქცევა "ნაციონალური მოძრაობა"

და ისინი ერთმანეთს ისევ მაშველ რგოლად გამოადგებიან. ამიტომაც დღეს ძალიან დიდი როლი ენიჭება ოპოზიციას, რომ როგორმე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020-ში დროულად დაკანონდეს.

რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" წარმატებისთვის?! ის, რის გაკეთებასაც, ვფიქრობ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს: მან მთლიანად პოზიტივზე უნდა ააგოს საკუთარი კამპანია და საქმიანობა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ პარტიის შიგნითაც პრობლემები აქვთ. 20-21 ივნისის მოვლენებამდე ყველაზე რეიტინგული ფიგურა გიორგი გახარია, ფაქტობრივად, რეტინგის გარეშე დარჩა და დარწმუნებული ვარ, მისი გავლენა პარტიის შიგნითაც შესუსტდა. ირაკლი ღარიბაშვილს კი, რომელსაც მომხრეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს პარტიის შიგნითაც და ელექტორატშიც, აშკარაა, რომ გასაქანს არ აძლევენ. რჩება კალაძე, თუმცა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი არანაკლებ ეშინიათ, ვიდრე ხაზარაძის.

არადა, კალაძეს აქვს პოზიტიური რეიტინგი და ახალგაზრდობის ნაწილის მხარდაჭერა, დინამიკურია და ქალაქში განვითარება თვალსაჩინოა. რეალურად მას და ხაზარაძეს დიდწილად ერთი ტიპის ელექტორატი ეყოლებათ. შეიძლება ითქვას, რომ კალაძეს, იმიჯის თუ ფინანსების გათვალისწინებით, ხაზარაძეზე ნაკლები რესურსი არა აქვს. ვნახოთ, აღიარებს თუ არა მას "ოცნება" 2020-ის წინ ლიდერად. იხილეთ სრულად