"ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება"

"დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი იტყვის, პრემიერობა გადავწყვიტე, მთავრობას სათავეში ვუდგებიო და წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, საზოგადოების განწყობა კვლავაც დადებითისკენ შეიცვლება"

ბოლოდროინდელი მოვლენები, შეიძლება ითქვას, მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ გავიხსენებთ გაზაფხულზე პანკისში გამწვავებულ ვითარებას, გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში ჩაბრძანებას, რაც 20-21 ივნისის აქციის დარბევითა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმით გაგრძელდა, ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს ბევრს, რომ ხელისუფლება ან ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, ან მიზანმიმართულად უწყობს კრიზისული სიტუაციის შექმნას ხელს. ამას დაემატა ეროვნული ვალუტის უკიდურესად გაუფასურება, რამაც მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ პანიკაში ჩააგდო. ხელისუფლებამ ლარის გაუფასურება ოპოზიციის აქციებს დაუკავშირა, ექსპერტთა ნაწილის თქმით კი ამის მიზეზი ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის არასწორი ქმედებებია. საინტერესოა, რომ ლარის კურსის ვარდნა, ფაქტობრივად, მაშინვე შეჩერდა, როცა გაირკვა, რომ ეროვნული ბანკი 1-ლ აგვისტოს 40 მილიონი დოლარის ინტერვენციას გეგმავდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ კურსის დასტაბილურება შეუქცევადი იქნება, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ მივიდა საქმე აქამდე? ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- თითქმის ყველა ხელისუფალი ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებს ხოლმე პოლიტიკურ დაძაბულობასა და აქციებს და დღევანდელმა ხელისუფლებამაც იგივე გააკეთა, თუმცა ამ შემთხვევაში დამაჯერებლობა აშკარად აკლდა მის განცხადებებს. ჩვენ გვახსოვს უფრო დიდი პოლიტიკური კრიზისები, ბოლოს და ბოლოს, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი ვარდნა, თანაც, თუ ლარის გაუფასურების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ეს არ დაწყებულა 20 ივნისს, ეროვნული ვალუტა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ა.წ. იანვრიდან პერმანენტულად უფასურდებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ტურისტები წელს იმ რაოდენობით არ შემოვიდნენ, როგორსაც ელოდნენ, ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ესეც ჰქონოდა გათვლილი. ისე, ტურისტული ნაკადი სტაბილურად მზარდი ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ არის. კიდევ ერთი უცნაურობაა - დავუშვათ ის მოტივები, რომლებზეც ხელისუფლება ლაპარაკობს, სწორია და ლარი კონკრეტული შოკების გამო გაუფასურდა. კი, მაგრამ, თუ დარწმუნებული იყვნენ, რომ მიზეზი მოკლევადიანი შოკები იყო, ვერ დააზღვიეს დროულად? თუკი ახლა განახორციელეს ინტერვენცია და მეტ-ნაკლებად მოახერხეს ვარდნის შეჩერება, მეტიც, გამყარებისკენ წავიდა ლარი, აქამდე სად იყვნენ?! ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ამ ვიცი საქმეში ჩახედულთა აზრი, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ძალიან დააგვიანა.

მოკლედ, ხელისუფლების განცხადებებსა და მოქმედებაში არ ჩანს ლოგიკური ბმა. ანალოგიური რამ მოხდა 2015 წელსაც - როდესაც ლარის გაუფასურებამ პირველი ნახტომი გააკეთა, ინტერვენცია მაშინაც დააგვიანეს. ეს ეჭვს ნამდვილად ბადებს, არ არის გამორიცხული, ლარის გაუფასურებით ვიღაცამ იხეირა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მის გამყარებაზე ზრუნვა.

ვფიქრობ, ხელისუფლებას მანამდე უნდა მიეღო ზომები, სანამ პანიკა დაიწყებოდა. აუხსნელიც კია, რატომ უნდა მიჰყავდეს ასეთ დაძაბულობამდე ხელისუფლებას საქმე. დღეს ამბობენ, ლარი უფრო გამყარდებაო, მაგრამ ცოტა ძნელად სარწმუნოა იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, ვინც ლარის გაუფასურებაზე საუბრისას მას ხან თინეიჯერად მოიხსენიებდნენ, ხანაც ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ და ამგვარი განცხადებებით მოსახლეობას უფრო აბნევდნენ. იქნებ როგორმე ჩამოყალიბდნენ ერთ პოზიციაზე და ჩვენც გაგვარკვიონ, რას შეიძლება ველოდოთ არა 2030 წელს, არამედ ხვალ-ზეგ...

ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებაში ვინმე მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას. სახელისუფლებო კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში ქაოსი და დაბნეულობაა, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე. იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის. რა გასაკვირია, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, მით უფრო არა აქვთ პასუხები კითხვაზე, რა იქნება ხვალ-ზეგ; არა აქვთ იმიტომ, რომ კონკრეტული სფეროს ხელმძღვანელმაც კი არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მოუწიოს.

ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლება ამ ქაოსს შესაძლოა იმიტომ უწყობს ხელს, რომ მისი მართვით ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს, ანუ სწორედ მართვადი ქაოსით ცდილობდეს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების პოლარიზაციის გაღრმავებას. დღესდღეობით ამ უბედურებაში, რაც პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებს, დომინანტი ორი ძალაა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორივეს ამოცანაა, არ დაუშვან ისეთი ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა, რომელიც მოახერხებს პოლიტიკური ველის დაბალანსებას და ამასთანავე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სტაბილურობა უმთავრესია, მით უფრო ჩვენთვის, როდესაც ამდენი საგარეო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. წესით, ამას პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაც უნდა აცნობიერებდეს და ოპოზიციაც.

კიდევ ერთი ვერსია შეიძლება ისიც იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და პროცესებში მისი ჩაურევლობით შექმნილი ქაოსი ხელსაც აძლევს, რადგან თუ ვინმესთან გარკვეული ვალდებულება აქვს, უთხრას, რომ ვითარებას მეტად ვეღარ მართავს... მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: მაშინ პოლიტიკაში რატომ მოვიდა? ამ ვერსიებს თუ გავყვებით, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო დასკვნებამდეც მივიდეთ, რისი დაჯერებაც არ მინდა.

- მაშინ, როდესაც ქვეყნის არასტაბილურობით ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, რუსეთია დაინტერესებული, არ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში ამის ხელშემწყობი სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს?

- გეთანხმებით, ასეთი ეჭვიც ჩნდება, თუმცა მაინც მგონია, რომ ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე საყოველთაო კორუფციით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ესენი მართვადი ქაოსით ცდილობენ.

როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მიმართულებით ჩნდება დაძაბულობის კერები, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს შემთხვევითობა კი არა, მიზანმიმართული ქმედებების შედეგია. რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან რუსეთის ინტერესები აშკარად ჩანს, კრემლი რომ აქ პროვოკაციებს აქეზებს, თქმა არ უნდა, მაგრამ რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას?!

პროცესი ფეთქებადსაშიშია. პოლიტიკური სივრცის პოლარიზაცია ნიშნავს საზოგადოების პოლარიზაციასაც, რასაც აუცილებლად შეუწყობენ ხელს იმ ქვეყნის სპეცსამსახურებიც, რომლის ინტერესებზეც ვლაპარაკობთ. ყველაფერს გააკეთებენ აქ შიდადაპირისპირების პროვოცირებისთვის, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოებაც და მედიაც.

- მედია ახსენეთ და, რას ფიქრობთ "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე?

- სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ერთ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი. მუდმივად ვლაპარაკობთ რუსული რბილი ძალის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კრემლი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს საქართველოში დასავლეთის დისკრედიტირებას, ნიჰილისტური განწყობის დანერგვას და ამ დროს სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა იმ ძალისა და ხალხის ორკესტრირებული შეტევა სტრასბურგსა და საზოგადოდ დასავლურ ღირებულებებზე, რომლებიც იჩემებენ, რომ ლამის მხოლოდ ისინი არიან დასავლური ღირებულებების სამსახურში. მიხვდით, ალბათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ. ასე რომ, როდესაც რუსული ინტერესების გატარებაზე ვლაპარაკობთ, მარტო ერთი მიმართულებით არ უნდა ვუყურებდეთ პრობლემას, პროვოკაცია ნებისმიერი მიმართულებიდან არის მოსალოდნელი.

როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას უსამართლოდ აცხადებ, ხომ ბუნებრივად ჩნდება განწყობა, რომ რუსეთს თუ სტრასბურგის სასამართლოზეც აქვს გავლენა და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოისყიდოს 7 მოსამართლიდან 6, საერთოდ რა გვინდა ამ ევროპაში, რა გვესაქმება ასეთ დასავლეთში? უსამართლო ვითარება და მურუსიძის სამართალი აქაც კი გვაქვს... ვითომ შემთხვევით მოხდა ამ განწყობების წახალისება და მხოლოდ გაუაზრებელი განცხადებები გააკეთეს "ნაციონალმა" ლიდერებმა? ძალიან მეეჭვება.

- გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მეწილეებმა, დვალმა და აქიმიძემ, უარი განაცხადეს ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - ტელეკომპანიის 40%-იან წილზე. - სრულიად გაუგებარია დვალისა და აქიმიძის განცხადებები. არ ვიცი, თავდაპირველად რა შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ხშირად იმეორებდნენ, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და მისი კეთილი ნება იქნება, თუ წილს გადმოგვცემსო. ეს კეთილი ნება აღმოჩნდა 40%, რომელიც, ეტყობა, საკმარისად "კეთილი ნება" არ აღმოჩნდა დვალისა და აქიმიძისთვის. ცოტა უცნაურია, ამის საფარქვეშ ადამიანს ლამის ყველაფრის დათმობას სთხოვდე. ამ ყველაფერში ისევ და ისევ პოლიტიკური სარჩული ჩანს, ოღონდ ვინ რა თამაშს თამაშობს, ძალიან გაუგებარია და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც, ვფიქრობ, საინტერესოც აღარ არის.

რაც შეეხება იმას, რომ "რუსთავი 2" პოლიტიკურ გავლენაში მოექცევა და ამით ხელისუფლება სარგებელს ნახავს, ნურავის ავიწყდება, რომ დღევანდელი ვითარება მკვეთრად განსხვავდება თუნდაც 7 წლის წინანდლისგან და კიდევ უფრო მეტად 2007 წლის სიტუაციისგან, როცა ყველა "ნაციონალურ" მაუწყებელს აკონტროლებდა სააკაშვილი, მაგრამ ამანაც ვერ უშველა და 2012 წელს დათმო ძალაუფლება - ეს იმათ გასაგონად, თუ ვინმეს მართლა აქვს ილუზია, თუ სააკაშვილის გზით წავალ, ეს დამეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაშიო, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც სოციალური მედია ძლიერია და მისი გავლენა საზოგადოებაზე ყოველდღიურად იზრდება.

გარდა ამისა, უკვე დაანონსდა, რომ მალე, სულ ცოტა, 2 ახალი ტელევიზია გვექნება - ერთი კეზერაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით, რაც, ვფიქრობ, ძლიერ იარაღად შეიძლება იქცეს ოპოზიციის ხელში, და მეორე, რომლის შექმნასაც ნიკა გვარამია შეგვპირდა. მოკლედ, საინტერესო პროცესების მომსწრენი ვიქნებით მედიაბაზარზე.

რაც შეეხება ტელევიზიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას და გვარამიას დაკითხვას, იქ რომ ფინანსური პრობლემებია, თვითონ ტელევიზიის წარმომადგენლებიც არ უარყოფენ. მე იურიდიულ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რადგან არსებობს ეჭვი, ვფიქრობ, უნდა გამოიძიონ.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როცა საქმე შეეხება მედიას თუ პოლიტიკურ ლიდერებს, ხელისუფლების მოქმედება უნდა იყოს გაცილებით ოპერატიული, გამჭვირვალე და რაც მთავარია, მას უნდა ჰქონდეს უტყუარი ფაქტები, რომელთაც საზოგადოებას წარუდგენს. დღეს ხელისუფლება რაღაცას კი აკეთებს, მაგრამ სანამ ამის არგუმენტირებას მოახერხებს, ოპოზიცია ყველაფერს სხვა ფაქტორებს უკავშირებს და პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს, ეს კი გვაძლევს ვითარებას, როდესაც არა მარტო ხელისუფლებაშია ქაოსი, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში.

აღარ დარჩა არც ერთი კუნძული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელზეც კითხვის ნიშნები არ იყოს გაჩენილი. ეს რას გამოიწვევს ან დუღილის ტემპერატურა სადამდე მივა, არავინ იცის.

ამიტომ მგონია, რომ არასტაბილურობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, მაგრამ არა მარტო მან - ოპოზიციამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ყველაფრიდან სკანდალის გამოდნობა და სარგებლის ძიება, ხშირად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითაც კი.

აქამდე ოპოზიცია ერთხმად მოითხოვდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. დღეს, როდესაც ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა, აშკარაა, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალებს დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობათ, არადა, ახლა მათი უპირველესი მოვალეობაა აიძულონ ხელისუფლება შეასრულოს დაპირება და პროპორციული არჩევნები დააკანონოს. თუ პროცესი ამგვარ კონსტრუქციულ კალაპოტში ჩადგება, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქრებენ, ეს პოლიტიკურ ვითარებას განმუხტავს და ამ ქაოსში სტაბილურობის ელემენტებს შემოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ცდილობენ ამ არასტაბილურობის განცდით მივიდნენ საარჩევნო ყუთებამდე.

საზოგადოება კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან: "დაიდოს" სტაბილურობა! დაუსრულებელი რყევები ქვეყანას ყოველდღე თითო ნაბიჯით სწევს უკან და ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის საზოგადოების მოთმინებასაც.

- რას ფიქრობთ, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გააქტიურების პერსპექტივაზე? რამდენად არსებობს შანსი, რომ მესამე ძალა სწორედ მის გარშემო ჩამოყალიბდეს?

- იმდენად სახიფათოდ მიმაჩნია 2020 წლისთვის ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო, რომ ნებისმიერი ახალი ძალის გამოჩენას მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში. დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესამე ძალა არ შეიქმნას. რამდენად შესაძლებელია ხაზარაძე გახდეს მისი ლიდერი? რატომაც არა, მას საამისო პიროვნული და ფინანსური პოტენციალიც აქვს. გარდა ამისა, ვიცით, რომ ამომრჩევლის დიდი პროცენტი, ფაქტობრივად, არჩევნის გარეშეა დარჩენილი და გამოკითხვებისას ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დგას. ასეთი დაახლოებით 800 000 კაცია.

- მოყოლებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომლის წინაც ბიძინა ივანიშვილი დიდ ცვლილებებს დაგვპირდა, იყო მოლოდინი, რომ მართლაც დაიწყებოდა რეფორმები, რაც პოლიტიკურ დღის წესრიგს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, თუმცა გავიდა ხანი და არაფერი ჩანს... მაინც რა რესურსი რჩება მმართველ ძალას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის?

- როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი საპირწონე "ნაციონალური მოძრაობაა", "ქართულ ოცნებას" მინიმალური რესურსი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ის დღითი დღე მცირდება. ხელისუფლებას საფუძვლიანი და დიდი რეორგანიზაცია სჭირდება. ქვეყანაში უპირველესად ქაოსი უნდა აღმოიფხვრას და ქვეყნის განვითარების კონტურები გამოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, სულ ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა და რაც დრო გადის, ეს უფრო თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ჭარბი ნდობა ჭარბმა უნდობლობამ შეცვალა, დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი იტყვის, პრემიერობა გადავწყვიტე, მთავრობას სათავეში ვუდგებიო და წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, საზოგადოების განწყობა კვლავაც დადებითისკენ შეიცვლება.

გარდა ამისა, როგორც ყველა სახელისუფლებო ძალას, მასაც საკუთარ საარჩევნო ყულაბაში აქვს საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთა ხმები. ეს განსაკუთრებით დაასხამს მის წისქვილზე წყალს, თუ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა. ამას კი, ვფიქრობ, "ქართული ოცნება" შეეცდება და ამაში "ნაციონალური მოძრაობაც" დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაანებონ ამ ორ ძალას ოპოზიციურმა სპექტრმა და საზოგადოებამ.