პუტინის კავკასიური ხაფანგი - კვირის პალიტრა

პუტინის კავკასიური ხაფანგი

"პრობლემების ინსპირირებით, რუსეთი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორისაც განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობს"

დავითგარეჯის გამო ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ამის შემდგომ ახალ-ახალი დაძაბულობის კერების გაჩენა პერმანენტულ პროცესად იქცა, რასაც აშკარად დაჰკრავს ხელოვნურობის ელფერი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, ამ თემაზე დაწყებულმა კამათმა რა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე ცხადად ჩანს, როგორ აქტიურობენ ტროლები და ცდილობენ ქართველებისა და აზერბაიჯანელების გადამტერებას. ძნელად მისახვედრი არ არის, ვინ არის ამით დაინტერესებული - რუსული კვალი აშკარაა...

23-24 მაისს ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო ორმხრივი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ კომისიის ექსპერტები ადგილზეც შეისწავლიან ვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას თქმით, 19-23 აგვისტოს დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა. იქამდე კი აშკარაა, რომ გარკვეული სამოქალაქო ჯუფები როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში, მაქსიმალურად ცდილობენ ეს პროცესი რაც შეიძლება ემოციურად წარიმართოს, რაც პრობლემის უკიდურეს გამწვავებას ემსახურება.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ გიორგი გობრონიძესთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და ის მძიმე პერსპექტივაც დავინახოთ, რაც შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვას:

საბჭოთა ნაღმების ტყვეობაში...

- ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დადგა, როდესაც საბჭოთა რესპუბლიკები საერთაშორისო თანამეგობრობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა იმ საზღვრებში, რომლებშიც არსებობდნენ. საბჭოთა კავშირში საზღვრები იმგვარად იყო გავლებული, რომ ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ერთეულები ერთმანეთისგან გამიჯნულიყო, მეორე მხრივ კი ხალხების გათიშვის მიზეზიც ყოფილიყო. სწორედ ამას ემსახურებოდა თუნდაც ჰერეთის მოქცევა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ან აჭარისთვის რელიგიური ნიშნით ავტონომიური სტატუსის მინიჭება და ა.შ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასეთი ნელი მოქმედების ნაღმები მრავლად ჩაიდო.

წესით, დავითგარეჯის საკითხი არ უნდა ქცეულიყო პრობლემად ორ მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოს შორის, მის გადასაჭრელად უამრავი გზა და მეთოდი არსებობს, მაგრამ როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში ვაიპატრიოტული ჯგუფები სწორედ კონფრონტაციის რელსებზე ცდილობენ პროცესის გადაყვანას.

ისტორიული კონტექსტიც რომ ავიღოთ, ცოტა აბსურდამდე მივდივართ - ერთი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს ასურელი მამების დაარსებული სამონასტრო კომპლექსია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ბერმონაზვნობას, ხოლო მეორის აზრით, ეს ალბანური კულტურის ძეგლია. ხომ შეიძლება მსგავსი ისტორიული კონტექსტი მაინც ჰქონდეს ერთსა და იმავე მონასტერს, გამოდის ორ პარალელურ რეალობაში ვარსებობთ.

რა თქმა უნდა, აქაც საბჭოთა კვალი უნდა ვეძებოთ, როდესაც ისტორიოგრაფია და მეცნიერება ხელს უწყობდა პარალელური ისტორიული ნარატივების ჩამოყალიბებას. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული რეალობა იქმნებოდა, რათა ეს დალექილიყო ცნობიერებაში, ამ საკითხზე მსჯელობა ტაბუდადებულ თემად გადაქცეულიყო.

ორი სახელმწიფოს სისუსტეები

- საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც დაახლოებით მსგავსი უახლესი ისტორიული გამოცდილება აქვთ - ტერიტორიების დაკარგვის კომპლექსები: ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, აზერბაიჯანს კი ყარაბაღის. ფაქტობრივად, ორივე ერი დამარცხებულის კომპლექსის ტყვეები ვართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით საზოგადოებად, რომელიც საკუთარ ეთნიკურ უმცირესობებს ეჭვით უყურებს და მხოლოდ უსაფრთხოების პრიზმაში განიხილავს, აზერბაიჯანში კი ჩამოყალიბდა სოციუმი, სადაც ყველა მეზობელში ხედავენ მტერს, თუნდაც ის სტრატეგიული მოკავშირე იყოს, და ნებისმიერი დათმობა აღქმულია როგორც მარცხი. ალიევის ხელისუფლება პოლიტიკურ კაპიტალს იმაზე აქცენტირებით აგროვებს, რომ ის არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, რის სადემონსტრაციოდაც პერიოდულად, განსაკუთრებით ზაფხულობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება იძაბება. ამიტომაც საქართველოსთან რომ რაღაც დათმოს, შეიძლება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდეს იმ ჯგუფებში, რომლებიც აზერბაიჯანის მმართველ ელიტას უქმნიან საფრთხეს.

თავის მხრივ, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მხოლოდ ტერიტორიაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია სულიერ მემკვიდრეობაზეც და ჩვენი საზოგადოება დათმობას აღიქვამს როგორც უარის თქმას სულიერ მემკვიდრეობაზე, რელიგიაზე... ორი სახელმწიფოს ამ სისუსტეებს კარგად ხედავს რუსეთი და გამოყენებასაც ცდილობს.

რა სურს რუსეთს?

- რა უნდა იპოვოს რუსეთმა პროვოკაციებისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს გამზადებული, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული და პრაქტიკულად ადამიანების ორგანულ ცნობიერებამდე დაყვანილი პრობლემაა? ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის წართმევის და მეორე მხრივ, ტერიტორიების დათმობის თემა მანიპულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ საბჭოთა კავშირის შემდეგ რა საზღვრებში მოხდა ჩვენი აღიარება, მაინცდამაინც სახარბიელო ვითარება საქართველოს დავითგარეჯის კომპლექსის კონკრეტულ მონაკვეთებში არა აქვს, თუმცა პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გამო ქართველებს ამ ტერიტორიებზე შესვლისას პრობლემები იშვიათად ექმნებოდათ.

სწორედ კონკრეტულ მონაკვეთებზეა ლაპარაკი და არა მთელ სამონასტრო კომპლექსზე, არადა, გარკვეული ჯგუფების დიდი მეცადინეობით არის მცდელობა დამკვიდრდეს აზრი, რომ ჩვენ დავითგარეჯას ვკარგავთ, რაც არ არის სწორი, სადავო არ არის მთელი სამონასტრო კომპლექსი, სადავოა სამი მცირე მონაკვეთი - ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები და ჩიჩხიტურის კოშკი.

მარტო საქართველოში ხომ არ ჰყავს რუსეთს ე.წ. პროქსიჯგუფები, რომლებიც ულტრანაციონლისტური ღირებულებების დამკვიდრებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთივე ჯგუფები ჰყავს აზერბაიჯანსაც, სადაც რუსეთი ასევე ცდილობს მათ მართვას.

სოცქსელში მკვიდრდება მოსაზრება, რომ თურმე აზერბაიჯანიც ოკუპანტია, უკაცრავად და, ორჯონიკიძემ მოუხაზა ეს საზღვარი ქართველებს და აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანი რატომ არის ოკუპანტი?!

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ კარგს აკეთებს, სინამდვილეში კი პუტინის ხელში ბრმა იარაღია და საკუთარი სახელმწიფოს დასამარებას უწყობს ხელს.

გზა იზოლაციისკენ

- არა მგონია, საქართველოს და აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტები ვერ ხვდებოდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას, თუ ხვდებიან, მაშინ ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. უკვე გაისმა არაერთი მინიშნება, მაგალითად,

აზერბაიჯანულ მედიაში იყო განცხადებები, რომ თურმე აზერბაიჯანია საქართველოში პირველი ინვესტორი და ჩვენ ენერგეტიკულად დამოკიდებული ვართ მასზე, ჩვენთან კი ამბობდნენ, საქართველოა პირველი ტრანზიტორი ქვეყანა, ჩვენ რომ არა, ვნახოთ, როგორ გაიტანენ ნავთობსა და გაზსო. ამგვარი რიტორიკა სახიფათოა...…

თუ ჩვენი ურთიერთობა გამწვავდა, ამ პროცესს ერთი დაზარალებული არ ეყოლება. თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მოიშლება, საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოსკოვის სატელიტი გახდება და რუსული გავლენის განდევნა ძალიან გაჭირდება, შედეგად კი ჩვენი სუვერენიტეტი ფორმალობა იქნება.

აზერბაიჯანიც საქართველოს გარეშე თავისი ენერგორესურსებით, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოექცევა. დღეს მისი ენერგორესურსების ტრანზიტი სწორედ საქართველოზე გადის, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. თუ ეს გზა გადაიკეტა, ეს მისი ენერგოექსპორტის რუსულ მარშრუტებზე ჩამოკიდებას ნიშნავს.

გავიხსენოთ, როგორ ექცევა რუსეთი ყაზახეთს, საიდანაც ბუნებრივ აირს იაფად ყიდულობს და თითქმის 4-ჯერ ძვირად ყიდის დასავლურ ბაზრებზე. შესაბამისად, ყაზახეთი ვერ იღებს იმ შემოსავალს, რასაც მიიღებდა ალტერნატიული მარშრუტის გამოყენებიYთ. ეს პრობლემა დაუდგება აზერბაიჯანსაც, თუ საქართველოსთან ურთიერთობას გაიმწვავებს. ამასთან, საქართველო-აზერბაიჯანის გათიშვა ნიშნავს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კომუნიკაციის გართულებას. რუსეთს სწორედ ეს სჭირდება. მას ამ სატრანსპორტო კორიდორებზე გავლენის მოპოვება სურს. დავსვათ საკითხი, რა ზიანი მიადგება საქართველოს? - ჩვენ გვიყვარს ლაპარაკი იმაზე, რომ გვაქვს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელოვანი ვართ რეგიონში. არადა, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის სამხრეთით ვართ და წვდომა გვაქვს როგორც შავ ზღვაზე, ასევე კასპიის რეგიონზე აზერბაიჯანის გავლით. თუ ეს აღარ გვექნება, ჩვენი გეოპოლიტიკური ღირებულება ძალიან შემცირდება და აქედან გამომდინარე, ინტერესიც ჩვენ მიმართ. შედეგად ჩვენც იზოლაციაში და ასევე რუსეთზე დამოკიდებული აღმოვჩნდებით ენერგეტიკულადაც. თუ აზერბაიჯანმა გააძვირა ბუნებრივი აირი, მოგვიწევს რუსულ ბუნებრივ აირზე გადართვა. ირანულიც რომ ვიყიდოთ, ისიც სომხეთის გავლით უნდა შემოვიდეს, სადაც ყველა მილსადენი რუსულ "გაზპრომს" ეკუთვნის.

ნახეთ, როგორ მანიპულირებს რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით. აზერბაიჯანი ყოველწლიურად მისგან 2 მილიარდი და მეტი ღირებულების შეიარაღებას ყიდულობს, მეორე მხრივ კი რუსეთი ეუბნება სომხეთს, რომ მისი უსაფრთხოება დასაცავია, რადგან რეგიონში ძალთა ბალანსი სომხეთის საზიანოდ შეიცვალაო და ამის მომიზეზებით სომხეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. პრაქტიკულად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ყარაბაღის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს.

იოლი მისახვედრია, რომ რუსეთი შეეცდება ჩვენსა და აზერბაიჯანს შორისაც ჩამოაგდოს განხეთქილება პრობლემების ინსპირირებით. ერთი რამ ცხადია, სახელმწიფოთა შორის საზღვარი უნდა დადგინდეს, მაგრამ არა ასეთი აჟიოტაჟით. კომპრომისი შეიძლება მოინახოს, მაგალითად, ეს ტერიტორია გამოცხადდეს ორივე სახელმწიფოს ერთობლივი სარგებლობის ზონად, შეიძლება გაიცვალოს ტერიტორიები... სახელმწიფოს მმართველ ელიტებს უნდა ეყოთ გონიერება, რომ არ გადააყოლონ ღრმა ფესვების მქონე, მაგრამ მაინც პატარა გაუგებრობას ის ურთიერთობა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით ორივე მხარე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. თუ ეს ჩამოიშლება, დიდი კითხვის ნიშანი დაესმება ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც.