"გვარამიამ ვაშაძის და ბაქრაძის გამო "რუსთავი 2" 1.200.000 ლარით აზარალა - კვირის პალიტრა

"გვარამიამ ვაშაძის და ბაქრაძის გამო "რუსთავი 2" 1.200.000 ლარით აზარალა

"გვარამიას არ აეღო უზარმაზარი ხელფასი და გადაეხადა "რუსთავი 2"-ის საბიუჯეტო გადასახადი, ახლა კომპანიას დავალიანება ხომ არ ექნებოდა?!"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის მიერ გამოსაკითხად დაბარებულთა რიგი არ წყდება. თადუმაძის უწყება ამჯერად "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორით, ნიკა გვარამიათი დაინტერესდა, რომელსაც შესაძლოა ბრალი თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში წარედგინოს. ყოველ შემთხვევაში, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი გასულ თვეში შეიტანა. რა მტკიცებულებები აქვს მოსარჩლე მხარეს და აზიანებდა თუ არა რეალურად "რუსთავი 2"-ს ნიკა გვარამია, "კვირის პალიტრა" ნინო ნიჟარაძის ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს ესაუბრა.

- მტკიცებულებად გვაქვს მარეგულირებელი კომისიის ანგარიში, სადაც აშკარაა, რომ ბოლო წლებში ტელევიზიებში სარეკლამო შემოსავლებმა იმატა. თუმცა ამ ყველაფრის საპირისპიროდ "რუსთავი 2"-ში რეკლამებისგან მიღებულმა თანხამ რატომღაც იკლო, სამაგიეროდ გაზრდილია სარეკლამო საქმიანობაში შუამავალი კომპანია "ინტერმედიის" შემოსავალი. ამიტომაც ჩავთვალეთ დირექტორის მოქმედებები "რუსთავი 2"-ის საზიანოდ.

კომპანიაში აუდიტორები გავგზავნეთ სხვადასხვა დოკუმენტის შესასწავლად და მოპოვებულმა მასალებმაც ცხადყო, რომ სარეკლამო შემოსავლების შესახებ გვარამიას გადაწყვეტილებები ტელეკომპანიისთვის საზიანო აღმოჩნდა. მაგალითად,

"რუსთავი 2"-ის შემოსავალმა, "ინტერმედიისგან" მიღებულმა თანხამ, 2014 წელს 46 მილიონი ლარი შეადგინა. ეს პროცესი 2015 წლამდე სრულიად გამჭვირვალე იყო, მაგრამ 2015 წელს ეს სქემა დაიხურა და "რუსთავი 2" ამ კომპანიას ფიქსირებულ შემოსავალზე მოურიგდა. მათი ხელშეკრულებიდან შეუძლებელია შეამოწმო, ზუსტად რა შემოსავალი მიიღო "ინტერმედიამ". ადრე ზუსტად იყო ცნობილი, საშუალოდ რა პროცენტი რჩებოდა კომპანიას, შემდგომი გადაწყვეტილებებით კი უცნობია.

შემიძლია სხვა ფაქტიც მოგიყვანოთ: მაგალითად, არხზე გადიოდა უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელსაც თავისი ლიმიტი ჰქონდა, გვარამია კი ადგა და ამ ლიმიტის მიღმა უფასო პოლიტიკური რეკლამა გაუწია ვაშაძესა და ბაქრაძეს. ამის გამო კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარით იზარალა. ასეთი კიდევ არაერთია...

გვარამიას კიდევ შესყიდვებში ჰქონდა დარღვევები. გარდა ამისა, ერთ-ერთი შემსყიდველი კომპანია თვითონ "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა დააფუძნა, რაც ინტერესთა კონფლიქტია.

- როგორ ფიქრობთ, რაში აწყობდა ნიკა გვარამიას ტელევიზიისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება?

- ძნელი სათქმელია, მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს. მაგალითად, თანხების გადაქაჩვა სხვა ბიზნესში.

გვარამიამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა ტელევიზიის დატოვება, რადგან საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობდა. ამასობაში "რუსთავი 2" და ტელევიზიის მფლობელები ზიანდებოდნენ. მაგალითად, ნინო ნიჟარაძემ ვერც ერთხელ ვერ მიიღო დივიდენდები, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წილების გაყიდვის უფლებაც არ მისცეს. ერთხელ პრაქტიკულად გაყიდული გვქონდა და მოლაპარაკება ჩაგვიშალეს.

- მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით თქვენ მიზანმიმართულად ურტყამთ რეკლამების გამყიდველ კომპანიას. - რაში მაინტერესებს რა ზიანი მიადგება "ინტერმედიას? ისე, სარეკლამო შემოსავლისთვის "რუსთავი 2"-ს რად უნდა შუამავალი კომპანია, გაუგებარია, ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზიაა, სარეკლამო დროს ისედაც გაყიდის. "ინტერმედიას" არავინ ურტყამს. ტელეკომპანიის მფლობელებს პრეტენზია გვარამიასთან აქვთ. კერძოდ, რატომ შემცირდა ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი და გაიზარდა "ინტერმედიის". გვარამიას არ აეღო უზარმაზარი ხელფასი და გადაეხადა "რუსთავი 2"-ის საბიუჯეტო გადასახადი, ახლა კომპანიას დავალიანება ხომ არ ექნებოდა.

- ვინ დგას "ინტერმედიის" უკან?

- 4 "ინტერმედია" იყო და ყველას უკან სხვადასხვა პირი იდგა. როგორც ვიცი, ბოლო "ინტერმედიის" უკან მიშა მშვილდაძე დგას.