რას პასუხობს ბრალდებებს ნიკა გვარამიას ადვოკატი - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ბრალდებებს ნიკა გვარამიას ადვოკატი

"როგორც ვიცი, ახლა კავშირი არსებობს "ფორმულა კრეატივსა" და "ინტერმედიას" შორის. შესაბამისად, პროკურატურის ეს ქმედება შეიძლება გამოიყენონ "ფორმულა კრეატივის" წინააღმდეგაც"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის მიერ გამოსაკითხად დაბარებულთა რიგი არ წყდება. თადუმაძის უწყება ამჯერად "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორით, ნიკა გვარამიათი დაინტერესდა, რომელსაც შესაძლოა ბრალი თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში წარედგინოს.

"კვირის პალიტრა" ნიკა გვარამიას ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს ესაუბრა.

- პროკურატურას ნიკა გვარამიასთან "რუსთავი 2"-ის სარეკლამო გაყიდვების შესახებ ჰქონდა კითხვები და შუამავალ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით დაინტერესდა. უფრო კონკრეტულად რას ედავება თადუმაძის უწყება გვარამიას, ჯერ უცნობია, რადგან პროკურატურა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და არც ბრალის დადგენილება არ არსებობს.

- რა მასალები აქვს პროკურატურაში ნიჟარაძეს წარდგენილი? - მტკიცებულებები არა აქვთ. პროკურატურა "ინტერმედიაში" უკვე შევიდა და "რუსთავი 2"-ისა და კომპანიის ურთიერთობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო. "ინტერმედია" არის კომპანია, რომელიც "რუსთავი 2"-ის რეკლამების რეალიზაციას ახორციელებს.

- თავად ნიკა გვარამიამ თუ წარადგინა დოკუმენტები, თუ რატომ გაიზარდა "ინტერმედიის" შემოსავალი მაშინ, როცა შემცირდა ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავალი? - ეს აბსურდია. როცა სარეკლამო ზღვარზეა ლაპარაკი, ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ბაზარზე არსებული ვითარების გაანალიზება. ამ შემთხვევაში

"რუსთავი 2"-ის შედარება შესაძლებელია მხოლოდ ტელეკომპანია "იმედთან", რადგან ორი თანაზომადი კომპანიაა. თუმცა ყოველ წელს, მას შემდეგ, რაც გვარამია გენერალური დირექტორი იყო, "რუსთავი 2"-ის სარეკლამო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი "იმედისას" აღემატება. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ "რუსთავი 2" და მისი გენერალური დირექტორი ძალიან ეფექტიანად მოქმედებდნენ.

- ნინო ნიჟარაძის ადვოკატის თქმით, გვარამიამ გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს საჭიროზე მეტი უფასო სარეკლამო დრო დაუთმო, რითაც არხმა მილიონ ორასი ათასი ლარით იზარალა. - სრული აბსურდია. კანონით განსაზღვრულია უფასო სარეკლამო დროის მინიმალური რაოდენობა, ხოლო ლიმიტის გაზრდა ნებისმიერი კომპანიის უფლებაა და ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზია კარგავს შემოსავალს.

ამ შემთხვევაშიც მარტივი მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია: ერთმანეთს შევადაროთ "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის შემოსავლები პოლიტიკური სარეკლამო შემოსავლიდან, საიდანაც ჩანს, რომ "რუსთავი 2"-ს პოლიტიკური რეკლამებიდან ბევრად მეტი შემოსავალი აქვს მიღებული, ვიდრე "იმედს". პირიქით, ნიკა გვარამიას ქმედება მომგებიანი აღმოჩნდა, კომპანიამ ბევრად მეტი თანხა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტმა.

რაც ხდება, ეს არის ხელისუფლების დავალების შესრულება, რათა, ერთი მხრივ, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ხელი შეეშალოს ახალი ტელევიზიის გახსნაში, და მეორე მხრივ, მიმართულია "ინტერმედიის" წინააღმდეგ, რომ ვერც ამ კომპანიამ იმუშაოს.

- როგორც ვიცი, "ინტერმედიის" უკან მიშა მშვილდაძე დგას. - "ინტერმედიაში" სხვადასხვა წელს დამფუძნებლების სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მაგრამ როგორც ვიცი, ახლა კავშირი არსებობს "ფორმულა კრეატივსა" და "ინტერმედიას" შორის. შესაბამისად, პროკურატურის ეს ქმედება შეიძლება გამოიყენონ "ფორმულა კრეატივის" წინააღმდეგაც.