რამაზ საყვარელიძე: "ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი" - კვირის პალიტრა

რამაზ საყვარელიძე: "ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი"

"ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და გვარამიას არ უნდა მოჰქონდეს თავი თავისუფალი მედიის წარმომადგენლად. ის იყო პარტიული ტელევიზიის პარტიის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი და ანგარიშებს აბარებდა პარტიას"

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- ნიკა გვარამია, ოქრუაშვილი, მელია თუ სხვები ცდილობენ ყველა საკითხში პოლიტიკური კონტექსტი დაინახონ. დევნის თუ არა ხელისუფლება ოპონენტებს, ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ "დევნის" ნიშნავს, რომ ისინი ამის ღირსი არ არიან. "რუსთავი 2"-ის ფინანსური საქმიანობა დიდი ხანია სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. მაგრამ, რადგან "რუსთავი 2"-ს აქვს პრეტენზია, რომ არის დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანი და ამას ხშირად იმეორებენ, ნიკა გვარამიაც ამ იარლიყს ამოეფარა და ეცდება ამ გზით აარიდოს თავი მოსალოდნელ გართულებებს.

- თქვენი აზრით, აპირებს ხელისუფლება გვარამიას დაკავებას?

- არ ვიცი, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ "რუსთავი 2"-ს ჰქვია თავისუფალი მედია, ის ხომ პარტიული ტელევიზიაა. არა ვარ იმის წინააღმდეგი, რომ პარტიული ტელევიზია არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს, თუკი ამის ტენდენცია არის, ოღონდ დაერქვას თავისი სახელი.

დიახ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და გვარამიას არ უნდა მოჰქონდეს თავი თავისუფალი მედიის წარმომადგენლად. ის იყო პარტიული ტელევიზიის პარტიის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი და ანგარიშებს აბარებდა პარტიას.

- რას ფიქრობთ პროკურატურის გააქტიურებასა და პოლიტიკურ ვითარებაზე? - ახლოვდება საარჩევნო პროცესი და არჩევნები ტემპერატურას ყოველთვის მაღლა ასწევს. შეცდომა ბევრი აქვს როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. ვისურვებდი, ცოტა მეტი გონიერება გამოეჩინა ორივე მხარეს. ხელისუფლების გონიერება ის იქნება, სალაპარაკო არ გახადოს თავისი სიმკაცრე, თორემ ის, რომ "რუსთავი 2"-ს შეიძლება ფინანსური გაფლანგვა ჰქონდეს, ახალი ამბავი არ არის.

ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც მაინცდამაინც ახლა ახსენდება "რუსთავი 2"-ის გადასახადების საკითხი. აქამდე სად იყვნენ?!

თორემ სიმკაცრე თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ 20-21 ივნისს აქციებში ან თუნდაც "რუსთავი 2"-ის პროცესებში, არ არის გასაკვირი. ამის საფუძველი არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართლის ნიშნის მატარებელი.

- რამდენად ადეკვატურად აფასებს "ოცნება" ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? - ჩვენი ხელისუფლება დიდი ადეკვატურობით არ გამოირჩევა. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბოლო ხანებში ამოტივტივდა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, არის "თიბისი" ბანკისა და მამუკა ხაზარაძის საკითხი. ბანკის პრობლემა დიდ ფინანსურ და ინვესტორებთან პრობლემებს რომ გამოიწვევდა, ამას პროფესორობა არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც ახლა დაისვა დღის წესრიგში, არადა, 12 წელი ამ საქმისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში რომ არ დაინტერესებულა და ახლა, რომ გაახსენდა ეს საქმე, ამიტომაც ჩნდება კითხვები.

- როგორც წესი, ხელისუფლება რეაგირებას იწყებს პრობლემის უკიდურესად გამწვავების შემდეგ, თუნდაც ლართან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ რეაგირებს ასე გვიან? - ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ხელისუფლება ან ვერ უნდა ხვდებოდეს, ან უნდა ეშმაკობდეს. მეეჭვება, რომ ეშმაკობდეს, იმიტომ, რომ ძალიან წამგებიანი გამოდის, ესე იგი, ვერ ხვდება, ხოლო თუ რატომ, ამის მიზეზი შეიძლება ის არის, რომ "ოცნებას" არა აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება. პრაქტიკულად ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მთავრობაში არასოდეს ყოფილა.

- ამ 8 წლის განმავლობაში ვერ გამოიმუშავეს საჭირო უნარ-ჩვევები? - სწავლაც ისეთი უნარია, რომელიც ასე ადვილად არ მოდის.

- რას ფიქრობთ, დღეს "ოცნება" ერთიანია? - ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ გუნდში ერთიანობა არ არის.

აქციის დარბევასთან დაკავშირებული გახარიასა და ბახტაძის მაგალითი შეცდომაა და არა ერთიანობა. ყველა მეფის კარზე ებრძვიან ვეზირები ერთმანეთს, მაგრამ ეს თვითდაზიანებას არ უნდა ემსახურებოდეს. ეგ არის პრობლემა, რომ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი.

- თქვენი აზრით, ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების დრო მოვიდა?! - საკადრო ცვლილებები დიდი ხნის მომწიფებულია, ოღონდ ახლა დრო აღარ არის. გაისმა მოწოდებები, გადადგეს ბახტაძეო, ეს კი ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტიც უნდა გადადგეს. რა საჭიროა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა არჩევნების წინ, გაუგებარია.

ახლა რომ გადადგეს მთავრობა, მერე, ფაქტობრივად, ერთწლიან მინისტრებს დანიშნავენ. ჯერ ერთი, ამ ვადით თანამდებობაზე არავინ წამოვა და მეორე - ვერც ვერაფერს გააკეთებენ. ეს მინისტრები ხომ მორყეულ სკამზე სხდებიან, მორყეული სკამი კი არასოდეს არის გარანტია, რომ მინისტრი კარგად იმუშავებს.