ალეკო ელისაშვილი: "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" სინამდვილეში, "ჩაშკა-ლოჟკები" არიან" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" სინამდვილეში, "ჩაშკა-ლოჟკები" არიან"

"ოცნება" რომ უნდა შეიცვალოს, მგონი, ივანიშვილიც ეთანხმება. 2 თვეში 8 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ ფულის მოპარვის გარდა. ამიტომ უნდა წავიდნენ. ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცალოთ"

"ასე, მოწმენდილ ცაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თან მაჟორიტარული წესით, დიდ მღელვარებას გამოიწვევს. ამ ავანტიურით ხალხი ბიძინა ივანიშვილს თავს არ მოატყუებინებს", - ამბობს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი:

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობს და ეს არის ივანიშვილის კანტორა - როცა დასჭირდება, ხან ერთს გაააქტიურებს, ხან მეორეს, ესენი კი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და არიან ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები. ახლა პროკურატურაც ივანიშვილის პირადი დავალებით არის გააქტიურებული.

როგორც ჩანს, აქციებმა ძალიან შეაშინა ივანიშვილი და კონტრშეტევაზე გადავიდა, დაერია ყველას, ვინც თვალში ცუდად გაეჩხირა.

დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე ლაპარაკი არც არის. ასეთი გაღატაკებული ქვეყანა ინვესტორებს ისე უნდა დასდევდეს, როგორც ბოშა ბავშვები ძველ თბილისში ტურისტებს ფეხზე ჩამოეკიდებიან და ფულს სთხოვენ. ამის ნაცვლად რა სიგნალებს იღებს მთელი მსოფლიო საქართველოდან? - რომ ოპოზიცია ქუჩაში შეიკრიბა და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერენ, ზოგს დაკითხვაზე იბარებენ და ამის შემდეგ რომელი ნორმალური დალაგებული ინვესტორი ჩადებს საქართველოში ფულს?!

ბანანის რესპუბლიკა ან რომელიმე ღრმა აფრიკული ქვეყანა ხომ არ არის, ყოველი მეორე ოფიცერი გადატრიალებას რომ აწყობს?!

- ირაკლი ოქრუაშვილის "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ განცხადებებზე რას ფიქრობთ? რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა ამ საქმეებით? - ოქრუაშვილმა ძალიან მძიმე თემებზე ილაპარაკა, მაგრამ, როგორც თავად თქვა, ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული და ამის გამო ვერავინ მომედავებაო... ნამდვილად არ მინდა დაკავებულ კაცზე რაღაცის თქმა.

ეს ხელისუფლება ქვეყანაზე კი არ ფიქრობს, იმაზეა გამეცადინებული, რითი ასიამოვნოს ივანიშვილს, მას კი არ ადარდებს, იყო თუ არა მაშინ გამოძალვა, კორუფცია, რაზეც ოქრუაშვილი ლაპარაკობდა.

- თქვენი აზრით, მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პორტს რა ბედი ეწევათ? - ანაკლიისა და პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალებაა ის, რაც მამუკა ხაზარაძის გარშემო ხდება: ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს, საქმე აღძრულია, ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტისთვის ანგარიშის გასწორებაა.

ხაზარაძემ თქვა, სექტემბრიდან პოლიტიკურ აქტივობას ვაპირებო და იმ წუთშივე ჩამოიღეს თაროდან საქმე.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ? - რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მინდა ჩვენ ხელისუფლების უკან გადადგმული ნაბიჯი მივიყვანოთ ბოლომდე. არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სიტყვად კი არ უნდა დარჩეს, არამედ კონსტიტუციაში აისახოს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისია.

თუ გვინდა გადატრიალებებითა და არეულობით არ შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს არჩევნების გზით, პროპორციული არჩევნების წესი უნდა ჩავწეროთ კანონში.

როდესაც პარლამენტი ხალხის განწყობის მიხედვით დაკომპლექტდება, ქუჩაში არეულობისთვის ადგილი აღარ დარჩება. არავის არ გვინდა გადატრიალება-გადმოტრიალებები, ამიტომ პროპორციული არჩევნები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.

ორ ძალას არ აწყობს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას".

სინამდვილეში, ისინი, როგორც რუსები იტყვიან, "ჩაშკა-ლოჟკები" არიან, ერთმანეთს აძლიერებენ.

- რიგგარეშე არჩევნების ალბათობას თუ ხედავთ? - ასე, მოწმენდილ ცაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თან მაჟორიტარული წესით, დიდ მღელვარებას გამოიწვევს. ამ ავანტიურით ხალხი ბიძინა ივანიშვილს თავს არ მოატყუებინებს.

"ქართული ოცნება" რომ უნდა შეიცვალოს, მგონი, ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება. 2 თვეში 8 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ ფულის მოპარვის გარდა. ამიტომ უნდა წავიდნენ. ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცალოთ. ეს ხელისუფლება ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ არავის არ უნდა მათი შეცვლა გადატრიალება-გადმოტრიალებით.