"თურმე როგორ მაგრად იტყუებოდა უგულავა, მიშას კაპიტულაციაზე კარგა ხნის წინ ჰქონია ხელი მოწერილი, ესენი კიდე გვაბოლებდნენ" - კვირის პალიტრა

"თურმე როგორ მაგრად იტყუებოდა უგულავა, მიშას კაპიტულაციაზე კარგა ხნის წინ ჰქონია ხელი მოწერილი, ესენი კიდე გვაბოლებდნენ"

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნდა.

ალეკო ელისაშვილი: "...შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ძალიან აღელვებული ჩანდა, შუბლზე დიდი წითელი ნაკაწრი ჰქონდა, წამდაუწუმ ცხვირსახოცს იფარებდა. რამდენიმე რეზერვისტი შემოხვეოდა. მივედი და ტვინის ბურღვა დავუწყე - სად მიდიხართ, თუ ცხინვალში, ჩვენც წამოვალთ, თუ არადა, რატომ არ ზრუნავთ მოსახლეობაზე-მეთქი. სახეზე ეწერა გუბერნატორ ლადოს, რომ სულ სხვაგან იყო, ისღა მითხრა, ახლა რუსები თანამგზავრიდან გვიღებენ და სადმე შეეფარეთო. მერე ისიც და მისი თანმხლები ჯიპებიანი ესკორტიც წავიდა... ბიჭები დამუნჯებულები და თავჩაქინდრულები იყვნენ... ამასობაში ერთი ბათქაბუთქი ისევ დაგვაწიეს რუსებმა. ისევ ჩავცუცქდით, ისევ ჩაფხუტები დავიფხატეთ, ისევ გავიტრუნეთ, მერე ისევ გადავრჩით. ამასობაში უფრო მიმოიფანტნენ რეზერვისტები, ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით. "მეთაურმა ბრძანა, ყველამ თავს უშველეთო", - დაიყვირა ვიღაცამ. ჯერ დავიბენით, მერე მივხვდით, რომ ვიღაცამ შიშისგან დააბრეხვა ეს და ყველამ აიტაცა. ჯერ არ მოსულა მეთაური, ტყუილიაო, - დავიყვირეთ ჩვენ. მერე კიდევ ერთხელ დავინახე რეზერვისტთა "ჩაჯმის" მასშტაბი... მეთაური მოვიდა, სახეალეწილი და დაბნეული იყო - ძმაკაცი მომიკლესო. არანაირი ბრძანება არ მაქვსო, ვისაც უნდა, შინ წავიდეს, ვისაც ბრძოლა უნდა, არტილერიის ნაწილში მივიდეს და იქ იქნება დამატებითი ბრძანებაო. აქ კი საბოლოოდ ავირ-დავირიეთ...

...11 აგვისტოს საღამოს ტელევიზორს მივეჯაჭვეთ, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. რატომღაც იაკობაშვილი იყო სპიკერი. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ კოდორი დავტოვეთ, რუსები გორის ტრასაზე ჩამოვიდნენ, რომ გორი დაიკავეს, რომ თბილისისკენ დაიძრნენ; შემდეგ ბაქრაძის უთავბოლო და სულელური გამოსვლა იყო დანებით და ჩანგლებით ბრძოლის საჭიროებაზე; მერე ზღულაძემ გვახარა, არ ინერვიულოთ, ორჭოსანთან აუხვიეს რუსებმაო. განადგურებული ვიყავი, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა. ასე სწრაფად როგორ დავთმეთ კოდორი და გორი? განა ჯერ კიდევ გუშინ არ გვიმტკიცებდნენ, რომ ცხინვალსა და ჯავას სრულად ვაკონტროლებთო? თავზარდაცემული ვიყავი, გასრესილი, თან ჩემი უმწეობა მაცოფებდა, ჩემს ქვეყანას მტერი მოსდებოდა და მე მანგლისში ტელევიზორთან ვიჯექი იდიოტივით. მიშაც გამოვიდა - აბდაუბდა ილაპარაკა, გადამდებად ნერვიულობდა. 12 საათით ადრე გაგაფრთხილებთ, თუ რუსები თბილისზე წამოვლენო, არადა, უკვე იგოეთთან ყოფილან ის ვირისშვილები. 12 საათი რად უნდოდათ რუსებს იგოეთიდან თბილისამდე, აშკარად უაზრობას ამბობდა მიშა, მაგრამ მაშინ არ გავბრაზებულვარ მასზე, შემეცოდა, რაღაც საწყალი იყო, დაბნეული...

...არ უნდა შემოვუშვათ ის ვირისშვილები თბილისში. მზად ვარ ავიდე და იმ მიტინგზე გამოვაცხადო, რომ მე უკან დამხევი არა ვარ, შევაკვდები და თბილისში ეგ ჩათლახები არ უნდა შემოვუშვათ. კონცერტის დროა ახლა?! მაგრამ ახლა ომია და ყველამ უნდა ნახოს, რომ ქართველებს ომში ერთად დგომა შეგვიძლია მიშისტობა-გრეჩიხისტობის მიუხედავად. აფხაზეთი ეგრე არ დავკარგეთ? ზვიადისტობა-შევარდნაძისტობის გამო, თფუი! მაშინ რომ ყველა ერთად ყოფილიყო, ფეხებს ვერ მოგვჭამდნენ. ახლა ყველა უნდა გავმიშისტდეთ, ეგ ახლა უმაღლესი მთავარსარდალია და მორჩა. არა, თბილისში ცხვირი ვერ უნდა შემოყონ, მეორე გროზნო უნდა მოვუწყოთ. დაანგრევენ და დაანგრიონ ჩემი ძველი თბილისი, ჯანდაბას, ოღონდ 1921 წელი არ განმეორდეს. მეტრო გვაქვს, მთელ არმიებს ჩავმალავთ შიგ ისე, რომ ვერაფერს დაგვაკლებენ, ჩვენ კიდევ ხან იქ დავცხებთ, ხან აქ. ოჯახები უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს და მერე მაგათი დედები უნდა ავატიროთ. სადაა ვანიას და ნაბიჭვარი კოკოითის საგულაო თბილისი", - ასეთი ცხელი აზრებით მივედი კინოში. ხალხი უკვე შეკრებილიყო... დაიწყო მიტინგი თუ კონცერტი. ბოკერია გამოვიდა სიტყვით, ბოლო ხმაზე კიოდა, ვერაფერი გავიგე, მაგრამ რომ მორჩა, საღოლ-მეთქი, ჩავილაპარაკე. რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ბოკერია თუ დამევასებოდა და ტაშს დავუკრავდი, მაგრამ ახლა ომია და ბოკერიაც მევასება. უგულავაც ისევე გაჰკიოდა, ყველა სახლს ციხესიმაგრედ გადავაქცევთო. საღოლ-მეთქი... თურმე როგორ მაგრად იტყუებოდა უგულავა, მიშას კაპიტულაციაზე კარგა ხნის წინ ჰქონია ხელი მოწერილი, ესენი კიდე გვაბოლებდნენ. რატომაც არა, რა, შეეშლებოდათ თუ მოერიდებოდათ, მაგრამ ეს მერე გავიგე..." იხილეთ ალეკო ელისაშვილის ომის დღიური

("კვირის პალიტრა" 2012 წლის აგვისტო. ##32-35)