არქივიდან: როგორ წავაგეთ ომი - კვირის პალიტრა

არქივიდან: როგორ წავაგეთ ომი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან:

გია ყარყარაშვილი, ექსთავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი:

"...თავდაცვის სამინისტროს არასწორი დაგეგმარების, მართვისა და ძალთა გამოყენების გამო საბრძოლო შენაერთებს ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეთა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დათრგუნვილი, ფიზიკური მდგომარეობა კი დაღლილობისგან, უაზრო გადაადგილებებისგან, უძილობისა და სიცხისგან სრულიად დასუსტებული იყო. რაც მთავარია, მათი სულიერი მდგომარეობა დაკნინებული გახლდათ, რასაც ხელს ოჯახიდან მიღებული სატელეფონო მესიჯები, ზარები და სხვადასხვა ჭორის გავრცელება უწყობდა"...

"როგორც მოვლენებმა დაგვანახა, ქართულ ჯარში ძირეული პრობლემები ბევრად ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. სამწუხაროდ, პატრიოტიზმის ნაკლებობაც იგრძნობოდა..."სამხედრო აღმშენებლობაში დაშვებულმა შეცდომებმა ერთბაშად იჩინა თავი. ჯარი ერაყში პატრულირებისთვის მზადდებოდა და არა სამშობლოს დაცვისთვის. ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკოსთა მიერ შეთხზული ლეგენდები ქართული არმიის ძლიერების შესახებ მითი აღმოჩნდა, ხოლო სამხედრო აღმშენებლობისთვის გაღებული ხარჯები - არამიზნობრივი!"

"9 აგვისტოს საღამოდან მართვის არარსებობისა და არაორგანიზებულობის, უკვე მასობრივად გამეფებული ისტერიის გამო სამხედროებმა და პოლიციელებმა პრაქტიკულად წინააღმდეგობა შეწყვიტეს. 9 აგვისტოდან ვეღარ ვხედავთ წინააღმდეგობის კერებს, შეიარაღებულ ბრძოლებს და თუნდაც სტიქიურ მცდელობებს აგრესიის შესაკავებლად... შეიძლება ითქვას, 9 აგვისტოს ახალმა სენმა იჩინა თავი. შუადღეს დაწყებული ლოკალური ისტერიის გამოვლინებები ღამისთვის უკვე ყველა შენაერთში მასობრივ ისტერიკაში გადაიზარდა. გამეფებული პანიკის გამო ბატალიონებმა რღვევა დაიწყეს. გაერთიანებული შტაბის სარდლობასა და ბრიგადების ხელმძღვანელობას აღარ შეეძლოთ თავშეყრის რაიონებში ბატალიონთა სრული შემადგენლობით თავმოყრა. კავშირგაბმულობის არქონის გამო სრულიად დაკარგული იყო მართვა და ურთიერთკავშირი... სავარაუდოდ, სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა გადაჯგუფება მოეხდინა, მაგრამ ძნელი არ იყო იმის განჭვრეტა, რომ სამხედრო დაჯგუფებებს ამ ამოცანის შესრულება აღარ ძალუძდათ. მოწინააღმდეგის ავიაციას, შვეულმფრენებს და არტილერიას სრულიად დაეთრგუნა პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოწინააღმდეგის თვითმფრინავის დანახვაზე შოკის მომგვრელი შიში ეუფლებოდათ არა მარტო სამხედროების უმეტესობას, არამედ პოლიტიკურ ლიდერებსა და თვით მთავარსარდალსაც კი. ალბათ, გახსოვთ ინტერნეტით გავრცელებული ცნობილი კადრები, სადაც მთავარსარდლის რეაქცია სიტყვა "ჰაერის" გაგონებამ გამოიწვია. გორის ცენტრში იმ დროს თავადაც ვიმყოფებოდი და ჰაერში არავითარი მოწინააღმდეგის თვითმფრინავი არ დაფრინავდა"...

"ბრძოლის ველზე დავტოვეთ დაღუპულ თანამებრძოლთა ცხედრები, საბრძოლო შეიარაღება და ტექნიკა, საკუთარი პატივი და ღირსება. მტერმა გორიდან გასვლის შემდეგ ქალაქის საარტილერიო ბაზის კედლებზე სამარცხვინო წარწერა დაგვიტოვა: "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ".

("კვირის პალიტრა", 2009 წლის იანვარ-თებერვალი, ##2-8)