"ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე. იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე. იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის"

ბოლოდროინდელი მოვლენები, შეიძლება ითქვას, მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ გავიხსენებთ გაზაფხულზე პანკისში გამწვავებულ ვითარებას, გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში ჩაბრძანებას, რაც 20-21 ივნისის აქციის დარბევითა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმით გაგრძელდა, ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს ბევრს, რომ ხელისუფლება ან ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, ან მიზანმიმართულად უწყობს კრიზისული სიტუაციის შექმნას ხელს. ამას დაემატა ეროვნული ვალუტის უკიდურესად გაუფასურება, რამაც მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ პანიკაში ჩააგდო. ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებაში ვინმე მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას. სახელისუფლებო კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში ქაოსი და დაბნეულობაა, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე. იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის. რა გასაკვირია, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, მით უფრო არა აქვთ პასუხები კითხვაზე, რა იქნება ხვალ-ზეგ; არა აქვთ იმიტომ, რომ კონკრეტული სფეროს ხელმძღვანელმაც კი არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მოუწიოს. ვახტანგ ძაბირაძე ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლება ამ ქაოსს შესაძლოა იმიტომ უწყობს ხელს, რომ მისი მართვით ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს, ანუ სწორედ მართვადი ქაოსით ცდილობდეს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების პოლარიზაციის გაღრმავებას...

...

- მოყოლებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომლის წინაც ბიძინა ივანიშვილი დიდ ცვლილებებს დაგვპირდა, იყო მოლოდინი, რომ მართლაც დაიწყებოდა რეფორმები, რაც პოლიტიკურ დღის წესრიგს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, თუმცა გავიდა ხანი და არაფერი ჩანს... მაინც რა რესურსი რჩება მმართველ ძალას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის?

- როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი საპირწონე "ნაციონალური მოძრაობაა", "ქართულ ოცნებას" მინიმალური რესურსი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ის დღითი დღე მცირდება. ხელისუფლებას საფუძვლიანი და დიდი რეორგანიზაცია სჭირდება. ქვეყანაში უპირველესად ქაოსი უნდა აღმოიფხვრას და ქვეყნის განვითარების კონტურები გამოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, სულ ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა და რაც დრო გადის, ეს უფრო თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ჭარბი ნდობა ჭარბმა უნდობლობამ შეცვალა, დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი იტყვის, პრემიერობა გადავწყვიტე, მთავრობას სათავეში ვუდგებიო და წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, საზოგადოების განწყობა კვლავაც დადებითისკენ შეიცვლება.

გარდა ამისა, როგორც ყველა სახელისუფლებო ძალას, მასაც საკუთარ საარჩევნო ყულაბაში აქვს საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთა ხმები. ეს განსაკუთრებით დაასხამს მის წისქვილზე წყალს, თუ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა. ამას კი, ვფიქრობ, "ქართული ოცნება" შეეცდება და ამაში "ნაციონალური მოძრაობაც" დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაანებონ ამ ორ ძალას ოპოზიციურმა სპექტრმა და საზოგადოებამ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად