"თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მოიშლება, საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან" - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მოიშლება, საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან"

დავითგარეჯის გამო ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ამის შემდგომ ახალ-ახალი დაძაბულობის კერების გაჩენა პერმანენტულ პროცესად იქცა, რასაც აშკარად დაჰკრავს ხელოვნურობის ელფერი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, ამ თემაზე დაწყებულმა კამათმა რა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე ცხადად ჩანს, როგორ აქტიურობენ ტროლები და ცდილობენ ქართველებისა და აზერბაიჯანელების გადამტერებას. ძნელად მისახვედრი არ არის, ვინ არის ამით დაინტერესებული - რუსული კვალი აშკარაა...

გაზეთი "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ გიორგი გობრონიძესთან ერთად შეეცადა გაეანალიზებინა შექმნილი ვითარება. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

რა სურს რუსეთს?

- საქართველოს და აზერბაიჯანის სისუსტეებს კარგად ხედავს რუსეთი და გამოყენებასაც ცდილობს...

რა უნდა იპოვოს კრემლმა პროვოკაციებისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს გამზადებული, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული და პრაქტიკულად ადამიანების ორგანულ ცნობიერებამდე დაყვანილი პრობლემაა? ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის წართმევის და მეორე მხრივ, ტერიტორიების დათმობის თემა მანიპულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ საბჭოთა კავშირის შემდეგ რა საზღვრებში მოხდა ჩვენი აღიარება, მაინცდამაინც სახარბიელო ვითარება საქართველოს დავითგარეჯის კომპლექსის კონკრეტულ მონაკვეთებში არა აქვს, თუმცა პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გამო ქართველებს ამ ტერიტორიებზე შესვლისას პრობლემები იშვიათად ექმნებოდათ.

სწორედ კონკრეტულ მონაკვეთებზეა ლაპარაკი და არა მთელ სამონასტრო კომპლექსზე, არადა, გარკვეული ჯგუფების დიდი მეცადინეობით არის მცდელობა დამკვიდრდეს აზრი, რომ ჩვენ დავითგარეჯას ვკარგავთ, რაც არ არის სწორი, სადავო არ არის მთელი სამონასტრო კომპლექსი, სადავოა სამი მცირე მონაკვეთი - ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები და ჩიჩხიტურის კოშკი.

მარტო საქართველოში ხომ არ ჰყავს რუსეთს ე.წ. პროქსიჯგუფები, რომლებიც ულტრანაციონლისტური ღირებულებების დამკვიდრებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთივე ჯგუფები ჰყავს აზერბაიჯანსაც, სადაც რუსეთი ასევე ცდილობს მათ მართვას.

სოცქსელში მიზანმიმართულად მკვიდრდება მოსაზრება, რომ თურმე აზერბაიჯანიც ოკუპანტია, უკაცრავად და, ორჯონიკიძემ მოუხაზა ეს საზღვარი ქართველებს და აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანი რატომ არის ოკუპანტი?!

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ კარგს აკეთებს, სინამდვილეში კი პუტინის ხელში ბრმა იარაღია და საკუთარი სახელმწიფოს დასამარებას უწყობს ხელს.

გზა იზოლაციისკენ

- თუ ჩვენი ურთიერთობა გამწვავდა, ამ პროცესს ერთი დაზარალებული არ ეყოლება. თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მოიშლება, საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოსკოვის სატელიტი გახდება და რუსული გავლენის განდევნა ძალიან გაჭირდება, შედეგად კი ჩვენი სუვერენიტეტი ფორმალობა იქნება.

აზერბაიჯანიც საქართველოს გარეშე თავისი ენერგორესურსებით, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოექცევა. დღეს მისი ენერგორესურსების ტრანზიტი სწორედ საქართველოზე გადის, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. თუ ეს გზა გადაიკეტა, ეს მისი ენერგოექსპორტის რუსულ მარშრუტებზე ჩამოკიდებას ნიშნავს.

გავიხსენოთ, როგორ ექცევა რუსეთი ყაზახეთს, საიდანაც ბუნებრივ აირს იაფად ყიდულობს და თითქმის 4-ჯერ ძვირად ყიდის დასავლურ ბაზრებზე. შესაბამისად, ყაზახეთი ვერ იღებს იმ შემოსავალს, რასაც მიიღებდა ალტერნატიული მარშრუტის გამოყენებით. ეს პრობლემა დაუდგება აზერბაიჯანსაც,

დავსვათ საკითხი, რა ზიანი მიადგება საქართველოს? - ჩვენ გვიყვარს ლაპარაკი იმაზე, რომ გვაქვს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელოვანი ვართ რეგიონში. არადა, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის სამხრეთით ვართ და წვდომა გვაქვს როგორც შავ ზღვაზე, ასევე კასპიის რეგიონზე აზერბაიჯანის გავლით. თუ ეს აღარ გვექნება, ჩვენი გეოპოლიტიკური ღირებულება ძალიან შემცირდება და აქედან გამომდინარე, ინტერესიც ჩვენ მიმართ. შედეგად ჩვენც იზოლაციაში და ასევე რუსეთზე დამოკიდებული აღმოვჩნდებით ენერგეტიკულადაც. თუ აზერბაიჯანმა გააძვირა ბუნებრივი აირი, მოგვიწევს რუსულ ბუნებრივ აირზე გადართვა. ირანულიც რომ ვიყიდოთ, ისიც სომხეთის გავლით უნდა შემოვიდეს, სადაც ყველა მილსადენი რუსულ "გაზპრომს" ეკუთვნის.

...

სახელმწიფოს მმართველ ელიტებს უნდა ეყოთ გონიერება, რომ არ გადააყოლონ ღრმა ფესვების მქონე, მაგრამ მაინც პატარა გაუგებრობას ის ურთიერთობა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით ორივე მხარე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. თუ ეს ჩამოიშლება, დიდი კითხვის ნიშანი დაესმება ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად