ვინ "ამოისუნთქა" 2008 წელს - კვირის პალიტრა

ვინ "ამოისუნთქა" 2008 წელს

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით შოთა უტიაშვილის გამონათქვამებზე, რომელსაც ჩვენში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:

"აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს "დაჩმორება" იოლი არ იქნებოდა" - შოთა უტიაშვილი წყარო ყოფილი მაღალჩინოსნის ამ სტატუსს მძაფრი რეაქცია მოჰყვა მედიაშიც და ქუჩაშიც. იდეაში შოთა რუსულ გავლენაზე წერს. წერს, რომ ომის შედეგად რუსული გავლენა შეჩერდა. ამის მიუხედავად, ძალიან საყურადღებოა მის მიერ გამოყენებული ფრაზა, რომ ომმა საქართველო ამოასუნთქა. უტიაშვილის მოსაზრება თითქმის ყველა წინადადებაში საკამათოა, მაგრამ პირველ ეტაპზე "ამოსუნთქვის" თემას გავყვეთ.

2010 წელს სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელიდან გადაიყვანა სუპერსაპრემიერო მოდელზე, რითაც გაიმზადა სამართლებრივი საფუძველი 2012 წლიდან ქვეყნის უვადოდ სამართავად. საქართველო იყო ასპარეზი მისი პერსონალური ვნებების სარეალიზაციოდ, რაც გულმოდგინედ იფუთებოდა ქვეყნის აღმშენებლობად, რისთვისაც გამოიყენებოდა პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტი. სააკაშვილის ტოტალიტარიზმი შეიფუთა დემოკრატიის მანტიით. 9 წლის მანძილზე წარმოებული ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური რეფორმები ემსახურებოდა მთავარ მიზანს, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რასაც უნდა უზრუნველეყო მისი ერთპიროვნული მმართველობა.

ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო. ასობით დაღუპული, ათასობით დევნილი, დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის მიერ დაკანონებული სამხედრო ბაზები.

კავკასიასთან დაკავშირებული რუსული გეოპოლიტიკური და სამხედრო ინტერესები ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ მისწრაფებას, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და იარსებოს კონსტიტუციურ საზღვრებში. რუსული ინტერესები 2008 წლის შედეგად პირდაპირ რეალიზდა ოკუპაციაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონი მის პირდაპირ მმართველობაშია. 2008 წლისთვის დღის წესრიგში უკვე იდგა მნიშვნელოვანი საკითხი - გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის. https://bit.ly/2OoF48m

2007 წლის 7 ნოემბრის შედეგად ლეგიტიმაცია დაკარგულმა სააკაშვილმა ლეგიტიმაციის გამყარება არჩევნების შედეგადაც ვერ მოახერხა. საეჭვო, გაყალბებულმა არჩევნებმა მისი არალეგიტიმურობის აღქმა უფრო მეტადაც კი დაამძიმა. და სწორედ ამ მომენტში, 2008 წლის გაზაფხულიდან იწყება არნახული ესკალაცია, მილიტარისტული რიტორიკის სერიოზულად დამძიმება და რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა.

"ყველა საომარი კონფლიქტი ერთმანეთს წააგავს და მას წინ უძღვის რამდენიმე ეტაპი: მილიტარისტული რიტორიკა, ინფორმაციული ომი, სამშვიდობო ფორმატის დეგრადაცია, დიალოგის გაწყვეტა, ვითარების ესკალაცია და სამხედრო ძალის ამოქმედება. 2008 წლის 7 აგვისტომდე ყველა ეს ელემენტი მკაფიოდ გამოიკვეთა." წყარო

რუსეთი, რომლის ხელშეწყობითაც გაღვივდა სეპარატიზმი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც გაიყინა ეს კონფლიქტები და რომელსაც რეალურად ეჭირა ხელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, ყველაზე კარგი და სწორი კანდიდატურა იყო გარე მტრის ხატის როლის შესასრულებლად. მტერთან ბრძოლის ეგიდით უნდა შეფუთულიყო და გამართლებულიყო სააკაშვილის ავტორიტარული ქმედებები.

მტერი და მასზე დაფუძნებული მტრის ხატი; რეალური, ფიზიკური საფრთხე, თავისი გამოხატულებებით და პროპაგანდისთვის გამოყენებული ჰიპერბოლიზებული და უტრირებული იმიჯი.

რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე, ააგო სააკაშვილმა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა. ოპოზიციონერები გახდნენ რუსეთის აგენტები, ბადრი პატარკაციშვილი, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი, იყვნენ რუსული ინტერესების გამტარებელი ოლიგარქები, 7 ნოემბერი იყო რუსული სცენარის განეიტრალება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძვრა საქართველოში საბოლოოდ უკავშირდებოდა რუსეთს. დღემდე ეს ხალხი საუბრობს რუსულ სცენარებზე.

და ბოლოს, ყველაზე ტრაგიკული, რუსეთთან ომი, რომელშიც უკანმოუხედავად, დაუფიქრებლად შევიდა სააკაშვილი, ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სურვილით, გამარჯვების იმედით, შედეგების გაუთვლელად, სადაც ქვეყნის მარცხი მონათლა გამარჯვებად, ხოლო მტრის ხატის იმიჯი გაამყარა აგრესორის რეალური ქმედებებით.

რუსეთი განრისხებული იყო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კოსოვოს აღიარებით და ამის გამო დასავლეთისათვის სამაგიეროს გადახდა სწყუროდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირობა დადო, რომ თავის მემკვიდრეს გამთლიანებულ საქართველოს დაუტოვებდა.

აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "კავკასია 2008" ჩაატარა სამხედრო ლეგენდით, რომლის მთავარი წარმოსახული მოწინააღმდეგე იყო ქართული არმია, სწავლების მიზანი კი - მისი განადგურება და საქართველოს "მშვიდობისათვის იძულება". პასუხად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის შესაძლოა სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად სამჯერ გაზარდა შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი და თანამედროვე შეიარაღებით არმიის გაძლიერება დაიწყო." წყარო

არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდეს რას მოუტანს ქვეყანას რუსეთთან ომი. როდესაც ომის თავიდან არიდების ყოველგვარი მცდელობის და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების ნაცვლად, მკლავებს იკაპიწებ და შედიხარ ჩხუბში მოწინააღმდეგესთან, სადაც განწირული ხარ დამარცხებისთვის, გამოძრავებს სხვა მიზანი.

რაც მთავარია, ჩხუბში შედიხარ ქართველი ჯარისკაცის სისხლით, ქართული მიწებით, ქართული სოფლებით, ქართველების დათრგუნვით და საქართველოს მარცხით. ეს არის ის ფასი, რაც საკუთარი ძალაუფლებისთვის გადაიხადა სააკაშვილმა. მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო და შემდეგ დახარჯა იგი საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით.

"დათვს ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს მოეწონო და სხვათაშორის, თუ მოეწონები კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი.

საქართველოს ყავს შემოჩენილი მტერი, რომელსაც არ უნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა"- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის 3 თებერვალს. წყარო

სააკაშვილმა გაითამაშა დავითისა და გოლიათის მეტაფორა, როდესაც სუსტი ამარცხებს ძლიერს. ომში მარცხის მიუხედავად, ქვეყნის 20 პროცენტის დათმობის ხარჯზე მან გამარჯვებად გამოაცხადა 80 პროცენტის შენარჩუნება. მისი ომისშემდგომი რიტორიკა ამის ყველაზე კარგი დასტურია. ამასთანავე, მან ეს გააკეთა რუსეთისთვის მთავარი ინტერესის დაკმაყოფილების ხარჯზე - გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის.

ინტერესები დაემთხვა. რუსეთს ჭირდებოდა ომი, მიშას კი გარე მტერი. ლეგიტიმაციისთვის მას სჭირდებოდა გარე ფაქტორი, რომელიც რუსეთთან ჭიდილში უნდა მიეღო. ცხინვალის დაბრუნების შემთხვევაში ის იღებდა ტრიუმფს და გაამართლებდა ყველა დანაშაულს, რაც მანამდე ჩაუდენია. დამარცხების შემთხვევაში თავს წარმოაჩენდა რუსეთთან მეომარ ფიგურად. ის შექმნიდა ნარატივს, რომლითაც დადგებოდა იმ სტატუსზე მაღლა, ვიდრე ამას შიდა პოლიტიკური ვითარება ანიჭებდა.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეს სააკაშვილმა მიაღწია ამ მიზანს. ომმა გადაფარა ქვეყნის შიგნით არსებული მძლავრი ოპოზიციურ განწყობა მის მიმართ. ომის პირველივე დღეს ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს მორატორიუმი შიდა დაპირისპირებაზე. რუსული საფრთხის საშუალებით მოხდა მათი განეიტრალება. ამისთვის სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ოპოზიციას და ლევან გაჩეჩილაძეს მხარდაჭერისთვის.წყარო

მთავარ პოლიტიკურ მიზანს მან მიაღწია, მან ამოისუნთქა ოპოზიციისგან. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ქვეყანა აღმოჩნდა ისეთ განსაცდელში, რომელმაც განაპირობა ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ქვეყანა დადგა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, გათიშული ხალხი გაერთიანდა სახელმწიფოს დასაცავად. სახელმწიფოს კი ჰყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ისარგებლა ამ ერთიანობით. მას მიეცა ამოსუნთქვის საშუალება, მას მიეცა მმართველობის გაგრძელების საშუალება, მას მიეცა დღის წესრიგის მთავარი საკითხის შეცვლის საშუალება.

"საქართველოში აგვისტოში ომი არ დაწყებულა. ომი დაიწყო ფართო გაგებით წლების წინ. აგვისტოში კი, რუსეთმა გადაწყვიტა ომის აქტიურ ფაზაში გადაყვანა და ამ საკითხის დამთავრება." სააკაშვილი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიაზე მოსმენისას.

ომის შემდგომ დღეებში სააკაშვილი გამოთქვამდა მზადყოფნას საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. შემდეგ კი მას არ მოეწონა ტალიავინის კომისიის დასკვნა. შექმნა საკუთარი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, სადაც წარმოადგინა მომხდარის თავისი ვერსია და გაამართლა ომამდე და ომის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. რუსეთის აგრესიითა და ოკუპაციით გადაიფარა ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცდომები. დავიწყებას მიეცა ფაქტი, რომ ამ ომს ჩვენ ვიახლოვებდით როგორც შეგვეძლო.

პროპაგანდის მიერ დახატული რუსეთის მიღმა არსებობდა რეალური რუსეთი, რეალური გავლენით და როლით საერთაშორისო ურთიერთობებში. ხალხისგან მალულად წერდა საქართველოს მთავრობა მინისტრ ვაშაძის ხელით რუსულ მხარეს და ითხოვდა კულტურული კავშირების აღდგენას, ხალხისგან მალულად შემოჰყავდათ ქვეყანაში რუსული ენერგოკომპანიები და რაც მთავარია, ღიად და ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, 2010 წელს ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა იმ ხალხის მიერ, რომელმაც უარი უთხრა პროპაგანდით ცხოვრებას. 2012 წელს ნაცმოძრაობა დამარცხდა, დაკარგა სახელისუფლო ბერკეტები, მაგრამ შეინარჩუნა პროპაგანდის მანქანა, ნაცმოძრაობის სპიკერების მთავარი პლატფორმა, სადაც მოკრიბა იდეური მოკავშირეები და შეუტია საჯარო სივრცეს. დაიწყო ნარატივთა ბრძოლა, სადაც სააკაშვილმა პროპაგანდის მთავარი იარაღი მიმართა ომის მოვლენებისა და შედეგების ერთ რიტორიკულ კითხვაში მოსაქცევად - "ვინ დაიწყო ომი". მისაღები იყო მხოლოდ ერთი პასუხი, ომი რუსეთმა დაიწყო, და ნებისმიერი სხვა რაკურსით მოვლენათა ანალიზი, სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა, მის შეცდომებზე საუბარი მოინათლა ომში საქართველოს დადანაშაულებად. რაკი ომი რუსეთმა დაიწყო, მიშა უდანაშაულოა - ეს იყო და არის მთავარი მესიჯი. მიშას ბრალეულობის, როლის, მოქმედებების განხილვა აღარ ხდება, რადგანაც "ომი ხომ რუსეთმა დაიწყო". სააკაშვილმაც სწორედ ამ მარტივ ფორმულაზე ააგო თავისი დასაცავი პროპაგანდა.

და ბოლოს, მთელი ზემოთმოცემული მსჯელობის დასკვნა არის მარტივი: საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რუსეთი გახდა ოკუპანტი, სააკაშვილმა გარე მტრის ხატის გამოყენებით დათრგუნა პოლიტიკური ოპონენტები, რითაც მოეხსნა წნეხი და "ამოისუნთქა". ამოისუნთქა იმდენად, რომ მალევე დაიწყო ზრუნვა მმართველობის უვადოდ გასაგრძელებლად - 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა გადაიყვანა საპარლამენტო მოწყობაზე სუპერსაპრემიერო მმართველობით. დღეს კი, დამარცხებული და ქვეყნიდან გაქცეული, იგივე პროპაგანდით და ყველა საშუალებით აგრძელებს ოპონირებას ხელისუფლების კვლავ დასაბრუნებლად და რევანშის განსახორციელებლად.