ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა სასამართლოში დასრულდა - რას ამბობს "ტვ პირველის" დამფუძნებელი - კვირის პალიტრა

ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა სასამართლოში დასრულდა - რას ამბობს "ტვ პირველის" დამფუძნებელი

"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიაზე იყო შემოტევები ადრეც, ახლაც მიიჩნევს, რომ საქმე, რომლის თაობაზეც ის გამოკითხვაზე დაიბარეს, სწორედ ტელევიზიას უკავშირდება.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, საქმეს, რომელზეც ძიება მიმდინარეობს, არც მომჩივანი და არც დაზარალებული არ ჰყავს.

"ერთი კითხვის დასმა ვცადე. მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი ჰყავს. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები ეხებოდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებს, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი", - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი ვარაუდობს, რომ პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს.

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას", -განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"