"სააკაშვილი რომ ამბობს, ვერ გავთვალე პუტინიო, ვკითხოთ, ჰქონდა თუ არა ცხინვალში რუსების მოძრაობაზე სამხედრო-სადაზვერვო მონაცემები?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი რომ ამბობს, ვერ გავთვალე პუტინიო, ვკითხოთ, ჰქონდა თუ არა ცხინვალში რუსების მოძრაობაზე სამხედრო-სადაზვერვო მონაცემები?"

ის, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, გახლავთ იმ ნარატივის, ორპოლუსიანობის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს, რომ ერთი მხრივ ხელისუფლებაში იყოს "ქართული ოცნება" და მეორე მხრივ ჰყავდეს ასეთი დიდი შეცდომების მქონე ძალა მთავარ ოპოზიციურ პარტიად, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

"ის ნარატივი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ შეინარჩუნოს ორპოლუსიანობა პოლიტიკურ ველზე და ასეც არის, "ნაციონალური მოძრაობა" ბევრე რამეზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, გუშინ რომ ამბობდა სააკაშვილი, ვერ გავთვალე პუტინიო, ვკითხოთ, ჰქონდა თუ არა მას სამხედრო-სადაზვერვო მონაცემები რუსების მოძრაობისა ცხინვალის რეგიონში, თუ ჰქონდა, რა ვერ გათვალა და როგორ ვერ მოახერხა აცილება ამ ტრაგედიის? ის, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს გახლავთ იმ ნარატივის, ორპოლუსიანობის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს, რომ ერთი მხრივ ხელისუფლებაში იყოს "ქართული ოცნება" და მეორე მხრივ ჰყავდეს ასეთი დიდი შეცდომების მქონე ძალა მთავარ ოპოზიციურ პარტიად",- განაცხადა ბოძაშვილმა.

ამასთან, ლევან ბოძაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც აფასებს და აცხადებს, რომ არცერთი მაგალითი ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ არსებობს, რომ რუსეთმა რაიმე ფუნდამენტური, მეგობრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ.

როგორც ბოძაშვილმა განაცხადა, რუსეთის პროპაგანდისტული მიზნები, რომ საქართველოს მოქალაქეებში დასავლეთის მიმართ ეჭვი გააჩინოს, უპერსპექტივოა.

"ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება რომ რაც ჩემია ჩემია, რაც შენია იმაზე შეგვიძლია მოვილაპარაკოთ. კიდევ იქეთ გედავება, სურს წაგართვას. ამას აქვს პროპაგანდისტული მიზნებიც, პირველ რიგში ეს არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ეჭვი მართლაც არსებობს თუ არა გასაღები რუსეთში და იქნებ ეს დასავლური ორიენტაცია არის მცდარი. ეს ჩემი აზრით, არის უსაგნო, უპერსპექტივო, გამორიცხული ამბავი. შეუძლებელია რუსეთთან რაიმე სახის ფუნდამენტურ, თანასწორუფლებიან ურთიერთობაზე საუბარი, შეუძლებელია განვითარება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ეს ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა რუსეთმა, როგორც აგრესორმა, ოკუპანტმა, როგორც იმ მეზობელმა, რომელიც ცდილობს თავისი აგრესიული ქმედებები განახორციელოს სწორედ ძალისმიერი მეთოდებით. არცერთი მაგალითი ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ არსებობს, რომ რუსეთმა რაიმე ფუნდამენტური, მეგობრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ. რომ შევადაროთ დასავლური და რუსული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მივალთ მარტივ დასკვნამდე, რომ რუსეთი ვერ და არ იქნება საქართველოს მეგობარი და კეთილისმსურველი", - განაცხადა ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან თავის საბოლოოდ დასაღწევად საქართველომ გაძლიერება უნდა განაგრძოს, რათა მოსკოვმა საქართველო აღიქვას როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა.

"ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, ვიყოთ სტაბილური, განვითარებული და ფუნდამენტურად ევროატლანტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყანა, რომელიც უნდა შეეცადოს რომ ეს მისწრაფებები გარდასახოს რეალურ გაწევრიანებაში და ინტეგრაციაში. მხოლოდ ეს იქნება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი რომ მან საქართველო აღიქვას უკვე რეალურ, დამოუკიდებელ ქვეყნად და არა მის უკანა ეზოდ, როგორც ამას ცდილობს დაამკვიდროს საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე ამდენი წელია",- განაცხადა ბოძაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"