"დოყლაპია ხელისუფლება შეშინებულია, პრორუსულობა არ დაგვაბრალონო და საერთოდ გაანებეს თავი კონფლიქტების მოგვარებას" - კვირის პალიტრა

"დოყლაპია ხელისუფლება შეშინებულია, პრორუსულობა არ დაგვაბრალონო და საერთოდ გაანებეს თავი კონფლიქტების მოგვარებას"

დოყლაპია ხელისუფლება შეშინებულია, პრორუსულობა არ დაგვაბრალონ, იარლიყი არ ჩამოგვკიდონო და საერთოდ გაანებეს თავი კონფლიქტების მოგვარებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ზაქარეიშვილი გავრცელებულ განცხადებას ცინიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსეთის პოზიცია თავხედურია. მისი თქმით, რუსეთი თავის პრინციპულობაში უკან არ იხევს.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მსოფლიოში უფრო და უფრო ამწვავებს აგრესიულ პოლიტიკას, საქართველო არ უნდა ელოდოს ჩრდილოელი მეზობლისგან მოქმედების შეცვლას.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ქვეყანას სწორება რუსეთის ქმედებებზე არ უნდა ჰქონდეს და სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მეგობარი ქვეყნების რეკომენდაციებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირი კონტაქტები უნდა დაამყაროს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან, რათა მათზე რუსული გავლენები შესუსტდეს.

"არც აფხაზებსა და ოსებს უხარიათ რუსული ექსპანსია და აგრესია. შესაბამისად, ქართული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, სამწუხაროდ არ იცვლება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა აკეთოს. ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივის მძევლები."ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამოცანები აქვს, მათ ხელისუფლებაში ყოფნა სურთ, ხელისუფლებაში პოზიციის გამყარება, გამარჯვება და ამიტომ თავიანთ შეცდომებზე ლაპარაკი არ უნდათ. როგორც კი საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტებზე საუბარს იწყებს, "ნაციონალური მოძრაობა" ამაში თავის პირად, პარტიულ, ელექტორალურ ინტერესებს ხედავს. "ნაციონალურ მოძრაობას" არ აინტერესებს საქართველოს ბედი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ილაპარაკოს, როგორც რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე, ასევე შიგნით არსებულ პრობლემებზე და ქართული მხარის მიერ თავის დროზე დაშვებულ შეცდომებზე, რის გამოც აფხაზური და ოსური საზოგადოების განხიბვლა და დისტანცირება მოხდა საქართველოს მიმართ. მეტი გულახდილობა სჭირდება ქართულ პოლიტიკას, გულახდილობას კი კომპეტენტურობა და კვალიფიციურობა სჭირდება. ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ეს მათი სიზარმაცის ბრალი არ არის, მათ არ იციან რა აკეთონ. "ნაციონალური მოძრაობისა და "ევროპული საქართველოს" სახით ოპონენტი არის საკმაოდ ძლიერი, მათ კონფლიქტის თემები მონოპოლიზირებული აქვთ. კარგად იციან ეს თემები, სად აქვთ ცოდვები ჩადენილი, სად აქვთ დაშვებული შეცდომები და დარაჯობენ, რათა ვინმემ შემთხვევით არ შეაღწიოს მათ ცოდვებში. ეს დოყლაპია ხელისუფლება კიდევ შეშინებულია, ვაიდა არ დაგვაბრალონ პრორუსულობა და იარლიყი არ ჩამოგვკიდონ და საერთოდ გაანებეს თავი კონფლიქტების მოგვარებას", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, ის პოლიტიკა გრძელდება, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში "დაითესა" და საქართველომ, რაც შეიძლება მალე უნდა აღიაროს თავის შეცდომები, შემდეგ კი მათი გამოსწორება დაიწყოს.

"რუსეთი ძალიან კარგად სპეკულირებს. ჩვენ შეცდომებს ათჯერ მეტ ლეგენდებს და მითებს ადებს ზემოდან და ამას ჰყიდის დასავლეთში. ამიტომ, მგონია, რომ ჩვენი კონფლიქტი ჩვენი მოსაგვარებელია და არა რუსეთის კეთილგანწყობის შეცვლისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების გადალაგებისა. მსოფლიოში სიტუაცია ძალიან არეულია, ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ხდება აშკარად გავლენის სფეროების გადანაწილება და ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ჩვენც გვეხება. სირიაში პრობლემები, თურქეთ-რუსეთის პრობლემები, ნატო-თურქეთის საკითხები, ირანი ძლიერდება და ამ ფონზე ჩვენ დოყლაპია პირი დაგვიფჩენია და არ ვიცით რას ვაკეთებთ და ეს ყველაფერი მოქმედებს კონფლიქტების მოგვარებაზე",-აცხადებს ზაქარეიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"