"2020 წლის არჩევნებს ისე ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად"
"2020 წლის არჩევნებს ისე ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად"
"დაძაბულობა გაგრძელდება და პიკს მომავალ ზაფხულში მიაღწევს, თუმცა ვითარება, ვფიქრობ, მართვადი იქნება, თუ მთავრობა კრიტიკულ და უმძიმეს შეცდომებს არ დაუშვებს"

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. გასულ კვირას ეს თარიღი კიდევ ერთხელ იქცა საზოგადოების დაპირისპირების თემად. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად დროის გასვლისა, ჯერ ისევ ვერ თანხმდება ამ ტრაგიკული მოვლენის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საზოგადოების მეტ პოლარიზაციას უწყობს ხელს.
თუ თვალს გადავავლებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, აღმოვაჩენთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება
აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე რუსეთის დანაშაულზე. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- რჩება შთაბეჭდილება, რომ აგვისტოს ომის უმძიმესი თემა შიდაპოლიტიკური მოხმარების გაურკვეველ საგნად აქციეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა. არსებობს წითელი ხაზები, რომელთAა გადაკვეთა არ
შეიძლება. კი ბატონო, არსებობს შიდაპარტიული თუ შიდაპოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ არსებობს და გაცილებით მნიშვნელოვანია ეროვნული სულისკვეთება. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ჩვენში არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ეროვნული სულისკვეთება ლამის რიტორიკის დონეზეც აღარ აქვს.
როცა მტერი შემოგესევა, ქვეყანა ერთიანად უნდა გაუმკლავდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხში აუცილებელია კონსენსუსი და რადგან ისევ ისმის კითხვა, ვინ დაიწყო ომი, ეს მიუთითებს, რომ ჩვენში სახელმწიფოებრივი აზროვნება ჯერ არ დამკვიდრებულა, ანუ ჯერაც ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან პირად და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
არის საკვანძო, წითელი ხაზით შემოსაზღვრული საკითხები, რომლებთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს სრული ეროვნული ურთიერთგაგება. ასე არ არის და ამის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ 200 წელი სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა, 25 წელი კი, როგორც ჩანს, აზროვნების შესაცვლელად არ კმარა.

- ალბათ, ყველაზე დასანანი ის არის, რომ პოლიტიკური ძალები უკიდურესად აგრესიული რიტორიკით უფრო მეტად უწყობენ ხელს საზოგადოების პოლარიზებას. ზოგი ექსპერტის აზრით, თუ ამ პროცესების ესკალაცია მოხდა, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეთ. ეს ვარაუდი იქნებ არც იყოს უსაფუძვლო, თუ გადავხედავთ, რა ხდება ქართულ სოციალურ ქსელებში...
- არა მგონია, ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, სოციალური ქსელები კი ზოგჯერ შეიძლება დადებით როლსაც თამაშობდეს იმის გათვალისწინებით, რომ ორთქლს სწორედ იქ უშვებენ.
ქვეყანაში არსებობს ორი დაპირისპირებული ძალა, თან ისე, რომ ორივეს ხელს აძლევს საზოგადოების გახლეჩა. სამწუხაროდ, მათ სწორედ ეს გზა აირჩიეს პოლიტიკურ არენაზე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა. დროა, ქვეყნის მოსახლეობამ დაინახოს, საით მიაქანებენ ეს ძალები ქვეყანას და რომ სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთმანეთის გაუთავებელი კრიტიკა და დაპირისპირება კი არ არის საჭირო, არამედ ერის ერთიანობაზე ზრუნვა. ჩემთვის შემაშფოთებელია ისიც, რომ იმაზე, რაზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, არ ლაპარაკობენ არც სოციალურ ქსელებში, არც არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებებში, არც პოლიტიკოსები თავიანთ გამოსვლებში. ყველაფერი მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულებასა და კრიტიკაზეა აგებული.

იმედი მაქვს, ამ ყველაფერს, რასაც აგვისტოს ომის წლისთავის დღეებში ვუყურებდით, სათანადოდ შეაფასებს საზოგადოება, დაინახავს, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიგდებთ თავს ერთმანეთის დადანაშაულებით და სოხუმის დაცემის დღეს მაინც აღარ დავიწყებთ შევარდნაძესა თუ გამსახურდიაზე ლაპარაკს. დროა, გავიგოთ, რომ ეს ტრაგედიები არის ჩვენი ეროვნული ტკივილი, რომელიც ერთად უნდა ვატაროთ.

- "ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" - ეს არის ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. ამ განცხადების ტონი რუსეთის მიმართ იყო საკმაოდ მკაცრი. მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაუგებრობები დაიწყო, უამრავი კითხვა გაჩნდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებაც...
- საქართველო რჩება აშშ-ის ინტერესის სფეროში. ამაზე მეტყველებს ეს განცხადებაც და ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის შერჩევის პროცესიც. ხომ ნახეთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ვინც შეარჩიეს - მაიკლ ქაუგილი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. ის, კარგა ხანია, ცხოვრობს საქართველოში და ატარებს აშშ-ის ინტერესებს.
სწორედ ეს მიუთითებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ეს პროექტი და რომ ის აუცილებლად განხორციელდება.
ამას წინათ აგარაკზე მივდიოდი და ვნახე, სამხედრო სწავლებების ფარგლებში რა დონის და რაოდენობის სამხედრო ტექნიკა შემოდის საქართველოში. არც ეს არის შემთხვევითი.

ვნახეთ ისიც, 8 აგვისტოს საიდან გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა - დევნილთა ჩასახლებიდან! ასე რომ, არა მგონია, აშშ-ის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილიყო. ამ ქვეყანას აქვს დიდი პრობლემები. მათ შორის არის გართულებული ურთიერთობა რუსეთთან. ჩემი აზრით, ამ მომენტში ტაქტიკაში შეიძლება იყოს მცირე ცვლილებები, აი, სტრატეგია კი ნამდვილად არ შეიცვლება, ვინც უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მერწმუნეთ, ნატოს დეკემბრის სამიტზე ამერიკელები საქართველოს მხარს უფრო აშკარად დაუჭერენ.

- გასული კვირა გამორჩეული აღმოჩნდა იმით, რომ ჯერ იყო და, "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი დაიბარეს დაკითხვაზე - ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მის ტელევიზიას ადრეც უტევდნენ და ახლაც მისი დაკითხვა სწორედ ტელევიზიას უკავშირდება; მერე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას...
- დავიწყოთ იმით, რომ თანამედროვე სამყაროში სრულიად წარმოუდგენელი მგონია, ტელევიზიების გაკონტროლებით რომელიმე ხელისუფლებამ დივიდენდები მიიღოს, რადგან სოციალური მედია უკვე ისეთი მასშტაბურია, ალბათ, სატელევიზიო სივრცე ცოტა ხანში საერთოდ დაკარგავს მაყურებელს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას საღი აზრი შერჩა და ამას ხედავს. ჩემი აზრით, "თV პირველის" მეპატრონის დაკითხვა სატელევიზიო სივრცის კონტროლს კი არა, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა. ამ საქმეში კარგად არ ვარ გარკვეული, მაგრამ იმ ოპერაციაში, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს ედავებიან, როგორც მახსოვს, წერეთლის კომპანიებიც ფიგურირებს, ამიტომაც მისი დაბარება უფრო კომპრომატების შეგროვების ცდას ჰგავს, თანაც - სრულიად არაპროფესიონალურს...
პროკურატურის ასევე არაპროფესიონალურ, მეტიც - დილეტანტურ მიდგომას­ ვხედავთ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში.

გავეცანი პროკურატურის განცხადებას. ჩემდა გასაოცრად, იქ დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. შესაძლოა, რაღაც გადაცდომები იყო, მენეჯმენტი არასწორად იმართებოდა, მაგრამ მთავარია, ჩაიდო თუ არა გვარამიამ ფული ჯიბეში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მას ყველა ეს ოპერაცია და მათთან დაკავშირებული თანხაც დეკლარირებული აქვს. იყო თუ არა კარგი მენეჯერი, ეს სხვა საკითხია. რატომ აქვს ამხელა სახელმწიფო დავალიანება ტელევიზიას ან რატომ მივიდა გაკოტრების პირას, ესეც სხვა თემაა...
არასწორი მენეჯმენტი, თუ იქ გამორჩენის­ მცდელობა არ ჩანს, სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება! მით უფრო, რომ იმდროინდელმა მფლობელებმა კონტრაქტი, რომელსაც ნიკა გვარამიას ედავებიან, თავის დროზე მოიწონეს. ნიკა გვარამია ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებებს. თუ დამფუძნებლები ეტყოდნენ, რომ ეს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, ამის გაკეთება მოუწევდა. ვფიქრობ, ნიკა გვარამიას დასჯა უნდათ, მაგრამ ისევ არასწორ მეთოდებს იყენებენ.

კიდევ ერთი მხარე ტელევიზიების სახე­ლ­­­­მ­წიფო ვალდებულებები და დავალიანებაა. რატომ იქცევა ზოგჯერ სახელმწიფო ასე უპასუხისმგებლოდ, არ ვიცი. შესაძლოა, ამ დავალიანების მედიაზე ზეწოლის ბერკეტად გამოყენებასაც ცდილობდნენ.
ნონსენსია ის, რომ პროკურატურის ზეპირ განცხადებაში იყო დეტალები რაღაც ბინების თითქოს უკანონო ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რაც საბრალდებო დადგენილებაში არ აღმოჩნდა. აბა, რას ემსახურებოდა ეს განცხადება, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შექმნას?! ეს ხომ არაგონივრულია და უარეს მდგომარეობაში აყენებს პროკურატურასაც და მთელ ხელისუფლებასაც.
ჯობს, დროულად თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს, ვიდრე ეს მარაზმი გააგრძელონ.

მეორე მხრივ, გვარამიას ბიოგრაფიაც კარგად გვახსოვს. ის დრო რომ ყოფილიყო, როდესაც თვითონ იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, უკვე ტელეეთერით აღიარებითი ჩვენებაც ექნებოდა მიცემული.
გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აშკარად ჩანდა, მოსამართლე ყველაფერს ლუპით აკვირდებოდა და ისე წონიდა, მათ შორის წონიდა საკუთარ კარიერულ პერსპექტივასაც. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ ბრალდების აბსურდულობა. ველოდი, რომ მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას გირაოს თაობაზე არ გაითვალისწინებდა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნილი გირაოს ოდენობა გაანახევრა, მაგრამ მიმაჩნია, ამის საფუძველიც არ ჰქონდა... ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც ჩანს, სასმართლო სისტემა უკვე მთლიანად სახელისუფლებო კონტროლის ქვეშაა, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ბრალდება და საქმე, რომელსაც სახელმწიფო, როცა იქნება, აუცილებლად წააგებს.

მე არ ვიცი, მოითხოვს თუ არა პროკურატურა გვარამიას დაკავებას 30 დღის შემდეგ, თუ მან გირაო არ გადაიხადა, ვერც იმას დაიჯერებს ვერავინ, თითქოს გვარამიას გირაოს გადასახდელი ფული არ ჰქონდეს... თუმცა ფაქტია, პროკურატურამ "მოახერხა" და თავისი არაკომპეტენტურობით დიდი ეჭვები გააჩინა გვარამიას საქმის გარშემო. ზოგადად, მეჩვენება, რომ პროკურატურა აფექტშია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასწრაფო რეორგანიზაციას საჭიროებს.
პროკურატურამ ახლა მაინც ისე უნდა წარმართოს საქმე, რომ ქართველ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს­ არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლაა. კეთილი ინებონ, კარგად ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია.

- ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსთან" საუბრისას ხაზარაძის საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა. "ხუთი წლის განმავლობაში კოორდინირებული პოლიტიკა იყო ანაკლიის პორტის მხარდაჭერა. რა შეიცვალა ახლა? ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი - ეს არის დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა", - განაცხადა მან.
- არ მჯერა, რომ ივანიშვილს ასე იოლად გამოუვიდეს ანაკლიის პორტზე უარის თქმა... უნდა თუ არა, მაინც მოუწევს მისი განხორციელება. აქ არის კომერციული და სტრატეგიული ინტრესების შეჯახება. ამის მიუხედავად, შეიძლება ნელა, ორი-სამი წლის დაგვიანებით, მაგრამ ის აუცილებლად განხორციელდება. მეეჭვება, ივანიშვილი ამას ვერ აცნობიერებდეს.

- ცხელი პოლიტიკური ზაფხულის შემდეგ, სავარაუდოდ, არანაკლებ რთული შემოდგომა გველის.
- გეთანხმებით. ალბათ, დაძაბულობა გაგრძელდება და პიკს მომავალ ზაფხულში მიაღწევს, თუმცა ვითარება, ვფიქრობ, მართვადი იქნება, თუ მთავრობა კრიტიკულ და უმძიმეს შეცდომებს არ დაუშვებს.
ხელისუფლების მნიშვნელოვანი შეთავაზება იყო პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას. ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა. ახლა, უნდათ თუ არა, ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები იძულებული იქნებიან, ამას დაეთანხმონ.

ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე შემოდგომაზე მოხდება. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა კრიტიკას ვერ უძლებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.
წლებია, ჩვენში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, სულ ამ რეჟიმით გვიწევდა ცხოვრება. ეს არის კომპარტიის გენერალური მდივნის ფსიქოლოგიის გაგრძელება. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მთავრობა გვყავდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს მთავრობა შეცვალეს, თუმცა, ვფიქრობ, დამოუკიდებლობა არ იყოს მისი შეცვლის მთავარი მიზეზი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად. კოალიციური მთავრობა ერთადერთი გზაა არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და მთავრობაში პროფესიონალთა გუნდის მოსასვლელად.

- მოგეხსენებათ, ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეკონომიკური სტაბილურობაა, თუმცა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაზაფრა და შეაშფოთა ჩვენი საზოგადოება.
- როცა ნიშნავდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეკითხათ მისი სამუშაო ბიოგრაფია. ის თავისი საქმიანობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან იყო დაკავშირებული და ალბათ, შემდგომ კარიერასაც ამ მიმართულებით გეგმავს, ამიტომაც უპირობოდ ასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტივებს. გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს ლარის კურსი გვექნება ისეთი, როგორსაც მოინდომებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და არა ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას. გაგახსენებთ 1998 წლის ეკონომიკურ დეფოლტს, როდესაც ირაკლი მანაგაძემ შეინარჩუნა ლარის კურსი. იგივე მოხდა 2008 წლის აგვისტოშიც.

ლარის კურსის ეკონომიკურ მდგენელებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს; კურსზე ტაქტიკურ პრესპექტივაში მოქმედებს ფულადი მასების ფარდობა. როცა ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციას, შეისყიდის ლარს და რამდენიმე დღეში ისევ მიმოქცევაში უშვებს, ეს ლარის კურსს ვერ დაარეგულირებს. აუცილებელია ლარის ბანკნოტების ბრუნვიდან ამოღება და ამით ლარის მასის შემცირება.

ბიზნესმენების მოთხოვნა, რომ გადადგეს გვენეტაძე და დაინიშნოს დამოუკიდებელი ფიგურა, ძალიან ნიშანდობლივი და სწორია. ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის არასწორად შერჩევა. მე მაშინ პრეზიდენტის მრჩეველთა შორის ვიყავი, საიდანაც პროტესტის ნიშნად წამოვედი.

- რა მიზანს ემსახურება სავალუტო ფონდის პოლიტიკა?
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი აშშ-ის ზეწოლას განიცდის და მისი მიზანია ამერიკული დოლარის ევროსთან მიმართებით გაძლიერება. ამიტომაც ცდილობენ ეროვნული ვალუტების ჩახშობას, თუმცა მათ ბევრი ქვეყანა უძალიანდება...
სუსტი ლარის პოლიტიკა სასარგებლოა ექსპორტიორებისთვისაც, მაგრამ დამღუპველია მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენ, ძირითადად, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამიტომაც გვიძვირდება ასე ცხოვრება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?