რა გვითხრა 2012 წელს ჰილარი კლინტონმა და რა - 2019 წელს მაიკ პომპეომ?! - კვირის პალიტრა

რა გვითხრა 2012 წელს ჰილარი კლინტონმა და რა - 2019 წელს მაიკ პომპეომ?!

"2020 წელი არნახულად რისკიანი იქნება, რადგან საარჩევნო პროცესის მაღალი ამპლიტუდა, ხელისუფლებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ამძაფრებს შიდადაძაბულობას. გასათვალისწინებელია გარე ძალების ინტერესებიც. ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ს არა აქვს ინტერესი საქართველოში, ისევე როგორც ცხადად ჩანს რუსეთის არა მარტო ინტერესი, არამედ გეგმაც, საქართველოში რბილად და მისი ინტერესების თანახმად შეიცვალოს ხელისუფლება", - გვითხრა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა, რომელთან ერთადაც ვცადეთ მიმოგვეხილა ქვეყანაში 2020 წლის არჩევნებამდე პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარები:

ლევან ბოძაშვილი

კრიზისების ინიცირება

- ფუნდამენტური კრიზისების ინიცირებისთვის ნიადაგი ძირითადად ორი მიზეზით იქმნება: პირველი, როდესაც ინსტიტუციები არ არის გამართული და სისტემურ სახელმწიფოსთან არა გვაქვს საქმე, ანუ გადაწყვეტილებები ვერ მიიღება ავტომატურ რეჟიმში და ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა დამოკიდებულია ერთი ან ორი პირის ნება-სურვილზე. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას სისტემური მდგრადობა არა აქვს და პოლიტიკური პროცესი გასულია ხელისუფლების ნორმალური დანაწილების პრინციპიდან.

მეორე პრობლემაა გარეშე ძალების მოქმედება, მაგრამ მხოლოდ გარეშე ძალებზე, კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედებაზე რაღაცის გადაბრალება და თავის ასე მართლება, ყოვლად არასწორია. ვერც ერთი სპეცსამსახური ვერ იწვევს კრიზისს ქვეყანაში, თუ შიგნით მას დასაყრდენი არა აქვს.

სახელმწიფოს დანიშნულება სწორედ ის არის, რომ კრიზისი არ დაუშვას, და თუ მაინც იქმნება, მაშინ უნდა გავაანალიზოთ, ვინმემ ხელოვნურად ხომ არ შექმნა?

რატომ შეიძლება კრიზისების ინიცირებას ვინმე ქვეყანაშივე ცდილობდეს, ან შეთანხმებულად მოქმედებდეს გარეშე ძალასთან? - ამაზე ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა.

იმ შემთხვევაში, როდესაც მმართველ პარტიას საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, კრიზისების შექმნა ოპოზიციას არ აწყობს, რადგან იცის, რომ არ გამოუვა. როგორც კი ხელისუფლებას მხარდაჭერა უმცირდება, ოპოზიცია ცდილობს ამგვარი კრიზისებით არიოს ვითარება. ოპოზიციამ, რომელსაც დაბალი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლების უუნარობის წარმოჩენა, იმავდროულად კი, ალტერნატივის არარსებობის გამო, საზოგადოებისთვის ისევ საკუთარი თავის შეთავაზება სცადა. საერთო ჯამში ეს ყველაფერი ამ ორპოლუსიან გარემოს ქმნის - ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი "ნაცმოძრაობა", რომელსაც 2 განშტოება აქვს.

ორპოლუსიანობა ქვეყანას ძალიან აზარალებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც ე.წ. სამოქმედო ნაპერწკლის ინიცირებას (მაგალითად გავრილოვის შემთხვევაც შეიძლება მოვიყვანოთ) კვლავ არეულობის მცდელობა მოჰყვეს.

აქ ისმის ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა: გავრილოვის ინციდენტი დაუდევრობა იყო თუ ხელშეწყობილი პროცესი? ვის სჭირდებოდა ასეთი პროპაგანდისტული ორგანიზაციის ასეთ მაღალ დონეზე მასპინძლობა? რა ვუთხარით ამით რუსეთს? - რუსული პროპაგანდის მთავარი ბერკეტი, ერთმორწმუნეობა, ნახეთ, რა კარგად წარმოვაჩინეთ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდანო?

რუსები კარგად ხედავენ, რაოდენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკელებთან, მათ შოროს თავდაცვის სფეროში, და ამერიკელები ხვდებიან, რომ ამგვარ რევერანსებს რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ საბოლოოდ ორივე მხარის ნდობას ვკარგავთ. ამასთანავე, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ასეთი ტიპის რევერანსები, მათ შორის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

რატომ შეიძლება გააკეთოს ეს ხელისუფალმა? ეს არის საკუთარი ინტერესების, ბიზნესის დაცვისა თუ რაღაც სხვა ვალდებულებისთვის გადასახდელი ხარკი? მიზანმიმართულად ვლაპარაკობ მხოლობით რიცხვში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხები, რომელთა თაობაზეც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი იღებს.

მაშინ კლინტონი, ახლა პომპეო?..

- ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო ჩვენს პრემიერთან ერთად გამოდის და ამბობს, გადაწყვიტეთ, რა გინდათ - ეს ყალბი მეგობრები და რუსულ-ჩინური გზა თუ დასავლური და ამერიკული ორიენტაციაო? ამის მერე გამოდიან პრემიერი ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრები და დასავლური კურსის უცვლელობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ განცხადებას არ აკეთებს ივანიშვილი. ერთი თვის შემდეგ გამოდის ლავროვი და ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოსო, რის მერეც ივანიშვილი მყისიერად აკეთებს განცხადებას, ვინც რუსულ ბაზარს ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერიაო. ეს ყველაფერი მაინცდამაინც სახარბიელო დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

ვფიქრობ, ნაადრევი შეფასებებიც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ფაქტია, გაჩნდა საფუძველი კითხვისთვის:

ხომ არ ცდილობს ხელისუფლება რუსეთს უფრო მეტი დაუთმოს, ვიდრე ეს საჭიროა იმისთვის, რომ სტატუს კვო შენარჩუნდეს და ხომ არ ხდება ეს ეროვნული ინტერესების ხარჯზე?

აქვე აღვნიშნავ, რომ პირდაპირი ეროვნული ინტერესია: სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა, ლარის კურსი, ანაკლიის პორტი... მინდა კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება - 2012 წლის ივლისში აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა "ნაცმოძრაობის" შესახებ უკიდურესად კრიტიკული განცხადება გააკეთა, რასაც მოჰყვა კიდეც ხელისუფლების შეცვლა. წელს ივნისში უკვე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსგან მოვისმინეთ ასევე უმწვავესი შეფასებები და ეს ორი განცხადება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო სექტემბერში შესაძლოა ესტუმროს საქართველოს და თუ ის ჩამოვა, ვფიქრობ, მისი შეფასებები ასევე მწვავე იქნება. თუ ასე მოხდა, "ოცნებას" თავის გადასარჩენად შეიძლება ერთადერთი გზა დარჩეს - წაიყვანოს ქვეყანა რუსეთისკენ. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკი უკვე ზედმეტი იქნება. ეს არის პროცესის განვითარების ყველაზე უარესი ვერსია, რაც კი შეიძლება დავუშვათ, და იმედია, ვერსიადვე დარჩება.

ეკონომიკური სტაბილურობა

- თუ გადავხედავთ ევროკავშირში გაწევრების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, ერთ-ერთი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ გაწევრების მსურველი ქვეყნის ეროვნული ვალუტა 3 წლის განმავლობაში სტაბილური უნდა იყოს. ლარი კი რა დღეშია! თუ არა გაქვს ეროვნულ ვალუტაზე მორგებული სტაბილური ეკონომიკა, ევროკავშირისთვის ტვირთი ხარ.

როცა ხელისუფლება ლარის სტაბილურობაზე არ ზრუნავს, ამით კონსტიტუციასაც არღვევს. წინა ხელისუფლების მსგავსად, ესენიც ცდილობენ თავი იმართლონ სხვაზე გადაბრალებით, ამბობენ, რომ რაღაც ვერ გათვალეს, ვერ გაიგეს, ვიღაცამ გადააგდო, მაგრამ ხელისუფალი იმიტომ არის ხელისუფალი, რომ ეს არ დაუშვას.

ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებში ნეგატიურად არის შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რაც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ბიზნესმიმზიდველობას. პოტენციური ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება არ არის სტაბილური და მას მთავრობა ვერ არეგულირებს. და ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, გვიჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდება ხელისუფლება სახელმწიფოს, თუ ასეთ გამოწვევებს ვერ აიცილებს?

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა - 5 წელია გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და მე-5 წლისთავზე ევროკავშირი გვეუბნება, წარმოდგენა არ გაქვთ, საჯარო სექტორში როგორ უნდა განახორციელოთ ეს ასოცირებაო.

მაშინ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გვაქვს 4000-დან 20 000-მდე ტონა თაფლის ექსპორტის საშუალება, კვოტა დაგვიწესეს და შარშან მხოლოდ 170 კილოგრამი გავიტანეთ. რაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც არ ვიყენებთ ამ რესურსებს, რადგან არ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 90%-ზე მეტი საკანონმდებლო რეგულაცია ჯერ კიდევ გადმოტანილი არა გვაქვს, არადა, უამისოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვერ შექმნი. პრაქტიკულად, 5 წელიწადი დავკარგეთ და ეს არაკვალიფიციურობის და ნების არარსებობის შედეგია.

ხშირად გაიგონებთ შეფასებას, რუსული პროპაგანდა დასავლურ ღირებულებებზე ნიჰილიზმს აღვივებსო, დიახ, ასეა, მაგრამ ნიჰილიზმის გაძლიერებას ხელს ისე არავინ უწყობს, როგორც არაკვალიფიციური ხელისუფლება, რომელიც არ ცდილობს, რომ დასავლური ბენეფიტები, რაც ახლა გვაქვს, გარდასახოს ქვეყნის წარმატებაში და მოსახლეობამდე მიიტანოს.

ორპოლუსიანი პოლიტიკა

- უკვე ვთქვი, რომ ქვეყნის უდიდესი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური ველი გაჯერებულია ორი პოლიტიკური ძალით. ეს სივრცე ჩაკეტილია, რასაც ძალიან კარგად იყენებს ორივე ძალა. ამაში მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებთ, რადგან მას კარგად ეხმარება "ნაცმოძრაობა", რომლისთვისაც კომფორტულია, როდესაც ოპოზიციურ ველზე მის გარდა ძალა არ ჩანს. არადა, ადრე თუ გვიან, ეს პროცესი ორივეს შეჭამს. ამ შემთხვევაში გამოსავალი აქვს ხელისუფლებას - მან ძალაუფლება უნდა გადაანაწილოს და ამის სურვილი გამოჩნდა მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივაში, რომლის თანახმადაც, არჩევნები ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუ "ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს, მაშინ მოუწევს კოალიციურ მთავრობაში შესვლა რომელიმე ახალ ძალასთან ერთად, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის ძალად იქცევა, რადგან მის გარეშე ვერ დაკომპლექტდება მთავრობა.

სავარაუდოდ, შემოდგომაზე არაერთი პარტიის შექმნის მომსწრე გავხდებით, მაგრამ გადამწყვეტი ძალის ნიშას ბევრი ვერ დაიკავებს. ერთ-ერთი ასეთი ძალა შეიძლება ხაზარაძის მოძრაობა იყოს. წესით, ეს მმართველი ძალის ინტერესში უნდა იყოს, თუ არ გადაწყვეტს, რომ სანამ არსებობს, შეინარჩუნოს "ნაცმოძრაობა" ისეთი სახით, როგორითაც ამდენ ხანს ინარჩუნებს.

საგარეო საფრთხეები

- როგორ მოქმედებს უცხო ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად? - ის უპირველესად საზოგადოებრივ ფონს ქმნის და თუ ამ ფონში კრიტიკულ ზღვარს აღწევს დაძაბულობა, გადადის აქტიურ მოქმედებებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს მოქმედების სცენარები და მათგან რომელიმეს აამოქმედებს.

ამიტომ არის აუცილებელი ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი ანალიტიკური უსაფრთხოების სამსახური. ასეთი უნდა იყოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ვერ გავიგეთ, რას აკეთებს. უამრავი დოკუმენტი, მათ შორის საფრთხეების, გასაახლებელია. მასში გაწერილია საგარეო საფრთხეებიდან მომდინარე სავარაუდო სცენარები და ასევე მათზე ადეკვატური პასუხების ვერსიებიც. თუმცა მას 2018 წელს გაუვიდა ვადა, ახალი კი ჯერ არ შემუშავებულა.

კრიზისების სამართავადაც ხელისუფლება სწორედ საფრთხეების დოკუმენტიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.

პრაქტიკულად, ჩვენ არც ერთ სფეროში არა გვაქვს სახელმწიფოებრივი გეგმა. არ ვიცით 2-4 წლის შემდეგ რა ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებთ, რა ტიპის ვითარება იქნება ამა თუ იმ სფეროში, რაც კლავს მოსახლეობაში პერსპექტივის განცდას.

ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს 3-5-10-20 და შეიძლება 50-წლიანი სტრატეგიები, თუ სად უნდა იყოს ქვეყანა ამა თუ იმ სფეროს მიხედვით რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ კი ასეთი არაფერი გაგვაჩნია.