"თუ გინდა, ბიზნესში შენი ადგილი შეინარჩუნო, ტელევიზიის პოლიტიკა უნდა დათმოო" - რას სთავაზობდნენ ვატო წერეთელს? - კვირის პალიტრა

"თუ გინდა, ბიზნესში შენი ადგილი შეინარჩუნო, ტელევიზიის პოლიტიკა უნდა დათმოო" - რას სთავაზობდნენ ვატო წერეთელს?

ამ ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებამ ჯერ "TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოჰკითხა, შემდეგ კი "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 22 აგვისტოს კი ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს.

ამის პარალელურად "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა, სადაც ლაპარაკია სიძულვილის ენის აკრძალვასა და მასში მედიის როლზე. ცდილობს თუ არა ხელისუფლება ტელევიზიების გაკონტროლებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

- როდესაც ხაზარაძე-ჯაფარაძის წინააღმდეგ დაიწყეს საქმის შექმნა და პირველი ინფორმაციაც გავრცელდა, ცხადი შეიქნა, რომ ეს არის მრავალფეხა საქმე და ხელისუფლება ყველა მიმართულებით შეეცდება თავისთვის სასარგებლო თევზი დაიჭიროს.

- გასულ კვირას სასამართლოში "თიბისი ბანკის" საქმეზე "TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოჰკითხეს. - თავისთავად უცნაური მომენტია პირველადი ინფორმაცია, რომელიც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

ამ ისტორიაში ვატო წერეთელი კი არა, მამამისი ფიგურირებდა. რატომ დაიბარეს ვატო წერეთელი და რაზე ესაუბრნენ, არ ვიცი, თუმცა იქიდან გამოსულმა თქვა, რომ არაფრის ფასად არ დათმობს ტელევიზიას. გამოდის, პირდაპირ თუ ირიბად, გასაუბრების დროს მიანიშნეს, ხომ არ იფიქრებდა ტელევიზიის დათმობაზე ან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე.

- "TV პირველის" გამო ვნებათაღელვა შარშანაც იყო, მაგრამ ვითარება განიმუხტა. - როგორც ვიცი, მაშინ სხვა ტიპის ბიზნესურთიერთობების მეშვეობით ხდებოდა ზეწოლა, რომლის გამოც ვატო წერეთელი იძულებული შეიქნა სხვა ბიზნესებში დაეთმო თავისი წილები, რადგან

საპირწონედ სთავაზობდნენ - თუ გინდა, ბიზნესში შენი ადგილი შეინარჩუნო, ტელევიზიის პოლიტიკა უნდა დათმოო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაშინ წერეთელმა ამჯობინა ტელევიზია გადაერჩინა და სხვა ბიზნესი დათმო.

თუ დეტალურად განვიხილავთ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში, "TV პირველში" და რა მოხდება სხვა მედიასაშუალებებში, ვნახავთ, რომ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ძალიან მწყობრი სისტემა, თუ როგორ უნდა იმართოს მედია, რომ ის შინაარსი შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებას აწყობს.

მესიჯბოქსს ვინ დაწერს, არა აქვს მნიშვნელობა. მისთვის მთავარია, ზუსტად ერთნაირად გააკეთონ საინფორმაციო პროგრამები, ტოქშოუები, რომ ერთი და იგივე კითხვები დაისვას და ამით საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ, მაგრამ საზოგადოებამ ეს 10 წლის წინ არ მიიღო, ამაზე ჰქონდა უმწვავესი რეაქცია.

გამოხატვის და მედიის თავისუფლება იყო ყველაზე მთავარი ფაქტორი, რის გამოც პროტესტი ღვივდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა.

იყო მცირებიუჯეტიანი პატარა ტელევიზიის პრობლემაც, რომელიც უკავშირდებოდა სატელიტურ თეფშებს. ამან ისეთ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, რომ არჩევნებში დამარცხდა. საზოგადოება არასოდეს შეეგუება, რომ მედიის შინაარსი ხელისუფლებამ დაუდგინოს და მიაწოდოს ერთი და იგივე, ანალიზს აბსოლუტურად მოკლებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, ამას ვერც ერთი ხელისუფალი ვერ აცნობიერებს და ყოველთვის ამ ნაღმზე ფეთქდება.

2009-2010 წელთან შედარებით ქვეყანაში ინტერნეტი ბევრად განვითარებულია. ამიტომ ხელისუფლების წინაშე ახალი ამოცანა დგას - მეტ-ნაკლებად როგორ გააკონტროლოს ინტერნეტი, რაც გარკვეულწილად ონლაინმედიის გაკონტროლებასაც განაპირობებს. ამიტომ ზის და ფიქრობს, რა მექნიზმები მოიფიქროს, რომ ინტერნეტი უფრო მეტ კონტროლშDი მოაქციოს. დღეს სოციალური ქსელები გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე ათი წლის წინ, ამიტომ ხელისუფლება არ ერიდება და შტურმებს აწყობს ტროლებისა და ბოტების სახით. ამაზე იხარჯება საჯარო ფული, ის, რომელიც არსად არ ფიქსირდება, უკონტროლო, შავი ფულია. ამ მობილიზაციაში ჩართულია პროკურატურა, სასამართლო და ა.შ..

- საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული სიძულვილის ენის აკრძალვაც ხომ არ მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს? - სანამ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ამ მოდელს წარმოადგენდა, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც ელექტრონულ მედიასაშუალებებს პირდაპირ ეუბნებოდა - თვითრეგულირების მექანიზმები, როლებიც არსებობს ქვეყანაში, არ მუშაობს, ამიტომ საჭიროა ამის გაკონტროლება სხვა ინსტიტუტით მოხდეს, კერძოდ, სახელისუფლებო ინსტიტუტით.

საარჩევნო კოდექსით ხელისუფლება მედიას ეუბნება, რეკლამების შინაარსში უნდა შეხვიდე, შენ თუ არ შეხვალ, მე შემოვალ შენს შინაარსში. შევქმნი რაღაც გაუგებარ ინსტიტუტს, რომელიც მედიის შინაარსის რეგულირებას დაიწყებსო. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ძალიან სახიფათო მოლიპული გზაა. ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ არჩევნების დროს მე უნდა გავაკონტროლო მედიის შინაარსიო. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია, რომელსაც ვერ გრძნობს ხელისუფლება და ამ ნაღმზეც მოუწევს აფეთქება.